მარტოობის ასი წელი სულების სახლში

“ბარაბასი ჩვენთან ზღვით მოცურდაო”… ასე იწყება საგა ოჯახზე, რომელმაც ყველაფერი გამოიარა, რაც კი შეიძლება ლათინური ამერიკის მკვიდრებმა განიცადონ… რაც მთავარია, მარტოობა… დიახ, ესაა წიგნი ასწლიან მარტოობაზე სულების სახლში… კლარას მარტოობაზე, რომელიც სულებს ესაუბრებოდა და მიუხედავად ათასგვარი უბედურებისა, იმედს არასდროს კარგავდა… კიდევ ესტებან ტრუებაზე, რომელიც მწვანეთმიან როზასთან ერთად ოჯახის შექმნაზე ოცნებამ გამდიდრების გზაზე დააყენა, მისმა დაკარგვამ კი ხასიათიც გაუნადგურა და, მე თუ მკითხავთ, მომვალიც… ფერულაზე, რომელმაც ახალგაზრდობა დედასა და ძმას შეალია… ბლანკასა და პედროზე, რომლებმაც აკრძალული სიყვარული აიკიდეს მხრებზე და ბოლომდე ატარეს… ჰაიმესა და ნიკოლასზე, სხვადასხვაგვარი ბედი რომ არგუნათ ცხოვრებამ… ალბაზე, რომელიც პოლიტიკურ ქარცეცხლში აღმოჩნდა და ათასგვარი წამება გამოიარა სიყვარულის, უფრო კი სულის შენარჩუნების გამო… იმიტომ, რომ ამ ადამიანებს, სულების სახლში დასახლებულ ოთხ თაობას და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს (აქ ხომ ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი გმირებიც კი საოცრად არიან გამოძერწილნი) მხოლოდ სულიღა დარჩათ, სხვა არაფერი… მხოლოდ საკუთარი მარტოობა, სული და იმედი… More

ბოლო ჟამის ომი კანუდოსში

“ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრეს, დომენიკო.” – გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”

რა მოხდა 1896-97 წლებში ბრაზილიის შტატ ბაიას ქალაქ კანუდოსში? დანამდვილებით ეს არავინ იცის. კანუდოსის ომის ამბავი ჩვენთვის განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი, რადგან მენდეს მასიელისა და დიდი კანუდოსელების ისტორია შესანიშნავად აქვს გადმოცემული გურამ დოჩანაშვილს “სამოსელ პირველში”… თუმცა ეს მხატვრული ლიტერატურაა და არა ისტორიული ნაშრომი. მხატვრული ნაწარმოებია მარიო ვარგას ლიოსას “ბოლო ჟამის ომიც”, მაგრამ სრულად ეძღვნება კანუდოსის ომს და მეტ წარმოდგენას გვიქმნის ამ ისტორიულ ფაქტზე. More