ჩემი ლიტერატურული სექტემბერი :)

არდადეგების ბოლო თვეც დადგა და ლიტერატურული მოგზაურობაც გაგრძელდა : )

ტარას შევჩენკოს მოთხრობები – თავის მოთხრობებში მწერალი უბრალო უკრაინელების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ხუტორებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით ირჩევენ თავს.  ამიტომაც წერს ერთ-ერთ მოთხრობაში: “ო, აგრონომო-ფილანტროპებო! გამოიგონეთ ნამგლის ნაცვლად რაიმე მანქანა. ამით თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ მძიმე შრომისთვის განწირულ კაცობრიობას!” შევჩენკოს ეს ოცნება მოგვიანებით ახდა, მანამდე კი მასაც, თავისი გმირების მსგავსად, უამრავი დაბრკოლება შეხვდა ცხოვრების გზაზე. საერთო ჯამში საინტერესო იყო ძველ უკრაინაში მოგზაურობა, მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა რუსულ ტექსტში შიგადაშიგ გარეული უკრაინული სიტყვების გაგება 🙂 ჩემი აზრით, ტარას შევჩენკო ბევრად უფრო დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე პროზაიკოსი. მოთხრობებში თითქოს მისი უსაზღვრო პატრიოტიზმი ისე არ ჩანს, როგორც პოემებსა და ლექსებში. ჩემთვის მის ფავორიტ ნაწარმოებად ლექსი “ანდერძი” რჩება, რომელიც რუსულ თარგმანშიც ისევე კარგად ჟღერს, როგორც ორიგინალში.

გრიგოლ აბაშიძის “ლაშარელა” – ამჯერად გადავწყვიტე მეცამეტე საუკუნის საქართველოში მემოგზაურა. ლაშა-გიორგის ეპოქა სულაც არ ჰგავდა დიდი თამარის ოქროს ხანას. დიდებულები მეფეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავად ლაშა კი მხოლოდ ერთგული მცველის, ლუხუმ მიგრიაულის ცოლის სიყვარულზე ზრუნავდა. მისი პირადი ცხოვრება ქვეყნის ინტერესებს გადაეჯაჭვა, რადგან:  “ეგ ლახვარი მარტო მიგრიაულს კი არა, საქართველოს ძლიერებას ჩასცეს ზურგში, რადგან საქართველოს ძლიერება მიგრიაულისთანა პატიოსან ყმა გლეხების ძალასა და სიმტკიცეზე იყო მუდამ დამყარებული.” ამ აკრძალული სიყვარულისგან მხოლოდ ტახტის მემკვიდრე დავით ულუ დარჩა, საქართველოს კი ჯერ მოხარკენი განუდგნენ, შემდეგ კი გაძლიერებული მონღოლები მოადგნენ. ასე მიეცა დავიწყებას ქართველთა დაუმარცხებლობის ამბავი. ლაშამ კი, როგორც თავად ამბობდა, ვერ გაამართლა იმედი, ვერ შეძლო, დავით აღმაშენებლის მსგავსად, ლილეს სიყვარულის გულიდან ამოღება და ვერ შესწირა სამშობლოს მსხვერპლად პირადი ბედნიერება.

გრიგოლ აბაშიძის “დიდი ღამე” – დასრულდა ლაშას ეპოქა და ტახტზე ავიდა რუსუდანი. მისი მმართველობისას საქართველოს ჯერ ჯალალედინი დაესხა თავს, შემდეგ კი – მონღოლები. მეფისა და ერისთავების მზრუნველობას მოკლებული ქვეყანა მტრებს ჩაუვარდა ხელში: ” მაშ, დაღუპულა საქართველო, თუ აღარც მეფე ჰყავს მზრუნველი და აღარც ერისმთავარი. იმის მაგივრად, რომ დაგვეცვა და შეგვენახა საქართველოს ძლიერება, ქვეყანა დავამხეთ და დავაუძლურეთ? მერე გვაპატიებს, განა, შთამომავლობა? _ ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ საწყევად ვუტოვებთ ჩვენს სახელს შვილთა და შვილიშვილთ,” – ამბობს მოვლენათა ცენტრში მყოფი მგოსანი თურმან თორელი, დიდი მამულიშვილის, შალვა ახალციხელის ბიძაშვილი. თურმანმა სამშობლოს სიყვრულს ცხოვრება შესწირა, ისევე როგორც ჯალალედინის ბრძანებით დაბრმავებულმა მხატვარმა ვაჩემ, წინამძღვარმა პავლიამ, ცაგომ, ლელამ, … არაერთი გმირი შთანთქა დიდმა ღამემ, მაგრამ, როგორც თავად თორელმა თქვა: “გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.” უსინათლო ვაჩე კი თითქოს ხედავს თეთრი დროშის ფრიალს და ამბობს: “გორგასლიანი დროშის ნათელი გაჰფანტავს ღამის სიბნელესო!”

ორჰან ფამუქის “თეთრი ციხესიმაგრე” – ეს არის ისტორია ორი ერთნაირი გარეგნობის ადამიანისა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა – ერთი აღმოსავლეთს წარმოადგენს, მეორე – დასავლეთს. იტალიელი ცდილობს სტამბულთან შეგუებას, თურქი კი დასავლურ მეცნიერებებს ეუფლება. საბოლოოდ კი ვეღარ ვიგებთ რომელი მათგანია ევროპელი და რომელი აზიელი. ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად იქცევა: “ამ სიზმარში თქვენ გარბიხართ მიხვეულმოხვეულ გზებზე ბნელ ტყეში, რათა სწრაფად მიაღწიოთ მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქათქათა საოცრებამდე, სადაც მეფობს მხიარულება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება, და ბედნიერება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ გსურთ. მაგრამ გზა, რომელიც თითქოს სულ მალე უნდა დამთავრდეს, რატომღაც გრძელდება.” როგორც თავად ფამუქი ამბობს ბოლოსიტყვაობაში: “თეთრი ციხესიმაგრის” იდეა, რა თქმა უნდა, იმაში არ მდგომარეობს, რომ გავიგოთ, რამდენად მოსახერხებელია და შეესაბამება რეალობას აღმოსავლეთიდა და დასავლეთის დაყოფა. ნაწარმოები გვიჩვენებს კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელ მახასიათებლებს. ეს განსხვავებები ილუზიაა, მაგრამ ეს ილუზია ასეთი ენთუზიაზმით რომ არ შეექმნათ  საუკუნეების მანძილზე, მაშინ ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი ნათელი.” თუ გაინტერესებთ კულტურათა დაპირისპირების თემა, აუცილებლად გაეცანით ამ მწერალს და თუ “თეთრი ციხესიმაგრე” გაამართლებს თქვენს მოლოდინს, მაშინ ფამუქის პიროვნების უფრო ახლოს გასაცნობად თვალი გადაავლეთ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვას “მამაჩემის ჩემოდანი” (თუ დოსტოევსკის შემოქმედებასაც აფასებთ, შეგიძლიათ ისიც შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს მის ნაწარმოებებზე “რიგითი” მკითხველი ორჰანი). 😉

ერიკ-ემანუელ შმიტის “პილატეს სახარება” – ეს არის ისტორია იეშუასი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას და საბოლოოდ ხვდება, რომ: “მარტო მხოლოდ სამყაროსგან დამალვა შეგვიძლია, ხოლო თუ გავერთიანდებით, შევძლებთ მის შეცვლას.” ამიტომ ის უფლის რწმენით აერთიანებს ხალხს და მათთან ერთად ქადაგებს სიყვარულს. აქვე ვხვდებით ეჭვებით შეპყრობილ პილატე პონტოელს და გამცემ იეგუდას, იეშუას დედას და მოწაფეებს, იოჰანანს და რომაელ ჩინოვნიკებს. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება როგორც რეალური პიროვნებებისგან, ისე ბულგაკოვის გმირებისგან. მაგრამ შმიტის მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ: “შეიყვარე სხვა ისე, რომ მიიღო მისი სისულელეებიც კი. ძალადობაზე ძალადობით პასუხი, გამოყენება წესისა “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, მხოლოდ ამრავლებს ბოროტებას, უფრო მეტიც – აქცევს ბოროტებას წესად. ძალადობაზე სიყვარულით პასუხი ძალადობის ჩაქრობას ნიშნავს. ღმერთის სამეფოს კარი ყველა ჩვენგანშია. ეს არის იდეალი, ოცნება, ნოსტალგია, იმედი. სიყვარული მარადიულია. ის იწვის, როგორც ალი, მაგრამ ეს ალი სუსტია. მის ჩაქრობას ცდილობენ.” ერთი შეხედვით რიგითი წიგნია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ დავფიქრდებით ცხოვრების არსზე და სულს შევუბერავთ სიყვარულის ცეცხლს. : )

გავიდა ზაფხულის არდადეგები. ამ სამი თვის მანძილზე  ვიმოგზაურე მრავალ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ძველ რომში, ყოფილ სსრკ-ში, რუსეთში, ინდოეთში, ისრაელსა და თურქეთში, გავიცანი მრავალი ახალი გმირი და მწერალი, ძველებთან ურთიერთობა გავაღრმავე, 🙂 4 წიგნი შევმატე ჩემს რჩეულ ნაწარმოებებს და არც ერთი სერიოზული იმედგაცრუება არ განმიცდია. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი არდადეგები გამოვიდა, მაგრამ ამით მოგზაურობები არ მთავრდება. წინ კიდევ უამრავი საინტერესო ნაწარმოებია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..” 🙂

“ეშმაკნი” – რომანი-წინასწარმეტყველება

საზაფხულო მოგზაურობა ლიტერატურულ ლაბირინთებში დოსტოევსკისთან შეხვედრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამჯერად მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი “ეშმაკნი” შევარჩიე.

როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, “ეშმაკნი” დოსტოევსკის ყველაზე პოლიტიზირებული ნაწარმოებია. მისი დაწერა მწერალს იმ დროს აღმოცენებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შთააგონა. დოსტოევსკის “დიდი ცოდვილის ცხოვრების” აღწერა მანამდეც სურდა, მაგრამ ამ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.ერთ-ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ, რომელიც ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შექმნეს, დასმენაში ეჭვმიტანილი სტუდენტი მოკლა. ასე შეიქმნა რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება.

ბოლშევიკურ რევოლუციამდე ბევრად ადრე მწერალმა აღმოაჩინა რუს რევოლუციონერებში “არაადამიანური ძალების” არსებობა. მოგვიანებით პატარა ქალაქში მომხდარი ამბები მთელს რუსეთზე გავცელდა. რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდნენ შატოვის მსგავსი რევოლუციონერები, რომლებიც ქვეყნის შეცვლას ღმერთის სახელით აპირებდნენ, მაგრამ ღმერთის არ სწამდათ. ისინი იყვნენ ან მემარჯვენეები, ან მემარცხენეები, მაგრამ პირველ რიგში ერისა და რევოლუციის სჯეროდათ, ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ცივილიზაციაზე მაღლა დგას და მისთვის კანონები არ არსებობს.

ეშმაკით შეპყრობილთა სათავეში დგას ვერხოვენსკი – რევოლუციის ლიდერი. ის ეუფლება სხვათა სულებს და ამავე დროს თვითონაც ეშმაკის მსახურია. მას აღარ აქვს ადამიანის სახე და აღარ არის ღმერთის ხატი და მსგავსი. დოსტოევსკიმ მისი სახით გვიჩვენა, თუ როგორ ანგრევს პიროვნებას ცრუ იდეა. ეს არის იდეა რუსული ნიჰილიზმისა, სოციალიზმისა, თანასწორობისა, იდეა ღმერთის წინააღმდეგ ბუნტისა. ასეთი იდეების გამავრცელებელი რევოლუციონერები მრავლად იდგნენ რუსეთის სათავეში და ბევრი ვერც კი ამჩნევდა მათ “შეპყრობილებას”.

დოსტოევსკიმ იწინასწარმეტყველა, რომ რუსული რევოლუცია ხალხს “უღირსი საქციელის უფლებას მისცემდა” და ხალხიც დაუფიქრებლად გაყვებოდა მათ. მართლაც, ინდივიდუალობის არ მქონე ბრბო  “Шигалевщина”-ად იქცა და ფედკა-კატორღელის მსგავსი ადამიანების ხელით რევოლუციონერებმა დაიწყეს ლოთობის, დასმენის, ჭორების, გარყვნილების თესვა. დემოკრატიის ნაცვლად დამყარდა ახალი ტიპის დიქტატურა, რომელიც თანასწორობაზე დაფუძნდა.

რევოლუციის რელიგიური მხარის სახეა კირილოვი, რომელსაც სწამს ღმერთის, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს და “კაცღმერთის” მოსვლას ელის ქვეყნის შესაცვლელად. ამავე ხაზს აგრძელებს სტავროგინი – მეამბოხე და ურწმუნო, რომელიც თითქოს არც ისეთი მნიშველოვანი ფიგურაა, მაგრამ რეალურად ყველაზე მეტადაა შეპყრობილი – ის დგას მოვლენათა ცენტრში. სწორედ მასთან ერთად სურს ვერხოვენსკის “ქვის შენობის” აგება და არა ხალხთან ერთად, სწორედ ამ ნიღბის მსგავსი უძრავი ადამიანისგან იქმნებიან ვერხოვენსკის, კირილოვის და შატოვის მსგავსი ადამიანები. სტავროგინის სულიდან გამოსული ეშმაკები ეუფლებიან სხვებს, თავად კი ფესვების გარეშე რჩება. სამშობლოს მოწყვეტილი კი წყდება ღმერთსაც, რადგან: “ვისაც არ აქვს ერი, მას არც ღმერთი ჰყავს! იცოდეთ, რომ ყველა, ვინც ვეღარ უგებს თავის ერს და კარგავს მასთან კავშირს, მაშინვე კარგავს რწმენასაც, ხდება ათეისტი ან გულგრილი.”

დოსტოევსკიმ შექმნა ეს გმირები, გააცოცხლა არარეალური ადამიანები. ამ ადამიანთა “მოღვაწეობის პერიოდი” 1871-1872 წლებია. უკვე მომდევნო საუკუნეში კი რუსეთში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ. ლენინის ხელმძღვანელობით მათ, ისევე როგორც დოსტოევსკის “ქმნილებებმა”, დაიწყეს მმართველობა საყოველთაო თანასწორობის გამოცხადებით და ბოლოს უსაზღვრო დესპოტიზმამდე მივიდნენ. სწორედ ასეთ რუსეთზე ამბობს უფროსი ვერხოვენსკი: “ო, რუსები უნდა განადგურდნენ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის, როგორც მავნე პარაზიტები!”, სწორედ ასეთი რუსებისგან უნდა განიდევნოს ეშმაკი და სამუდამოდ ჩაიძიროს ტბის ფსკერზე. მხოლოდ ასე განიკურნებიან შეპყრობილნი.

მეოცნებე

არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ?

ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც.

ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?

Next Newer Entries