შინდლერის კიდობანი

„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

shindleris sia-500x500

ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო… More

Advertisements

ჩემი ლიტერატურული ივლისი :)

ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხული საუკეთესო პერიოდია ლიტერატურისთვის.ამჯერადაც გადავწყვიტე ივლისის სიცხისგან თავის დასაღწევად მწერლების დახმარებით სხვადასხვა ადგილები მომენახულებინა, სხვადასხვა ადამიანები გამეცნო და გავმხდარიყავი ოდნავ უკეთესი, ვიდრე მანამდე ვიყავი. : ) რა თქმა უნდა, ყველა საინტერესო წიგნის წაკითხვა ერთ თვეში შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე მათგანმა ნამდვილად გაამართლა მოლოდინი.

   თომას მანის “ბუდენბროკები” – ჩემი ლიტერატურული ზაფხულის პირველი სიამოვნება ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი მწერლის ნაწარმოებია. მიუხედავად იმისა, რომ დასასრულის “საიდუმლოს” ქვესათაურშივე აეხადა ფარდა (“ერთი ოჯახის გადაშენების ისტორია”), ერთი შეხედვით “ზედმეტად” დიდი და სავარაუდოდ “მანისეული” რთული ენით დაწერილი წიგნი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ეს არის ბიურგერთა ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრების ისტორია, რომელთა დევიზია: “ბეჯითად იშრომე დღისით, მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდე ხელი, რომელიც ღამე მშვიდ ძილს არ დაგიფრთხობს”. ბუდენბროკები შრომობენ, იღწვიან გვარის უკვდავსაყოფად, განიცდიან პირად ტრაგედიებს და საბოლოოდ მხოლოდ გენეოლოგიური ხის უნაყოფო ტოტებად რჩებიან.

არტურო პერეს-რევერტეს “დიუმას კლუბი” – ეს არის რომანი განსაკუთრებულ სამყაროზე – წიგნების სამფლობელოზე, სადაც ცხოვრობენ დიუმაზე შეყვარებული  ბუკინისტები და დემონოლოგიით დაინტერესებული ბიბლიოფილები. ისინი აგროვებენ წიგნებს, ცხოვრობენ წიგნებით და წიგნების საშუალებით ცდილობენ მეცხრე კარიბჭის გაღებას. როგორც თავად მწერალი ამბობს: ” ადამიანი იზრდება, ხდება ფლობერის ან სტენდალის თაყვანისმცემელი, ირჩევს ფოლკნერს, მარკესს ან კაფკას…ჩვენ გვაქვს სხვადასხვა აზრი და ხშირად დაპირისპირებამდეც მივდივართ, მაგრამ საკმარისია ვახსენოთ რამდენიმე ავტორი და ჯადოსნური წიგნი, რომ კვლავ თანამზრახველები ვხდებით. ამ წიგნებმა გაგვიღეს ლიტერატურის კარი. ისინი ეხებიან არა იმას, რასაც ვხედავთ, არამედ იმას, რაზეც ვოცნებობთ.” ასე რომ, თუ თქვენც გიყვართ დიუმა, მაშინ შეგიძლიათ ცოტა ხნით მაინც “ჩაეწეროთ” დიუმას კლუბში და ამ წიგნის ფურცლებზე კვლავ შეხვდებით დ’არტანიანს, სამ მუშკეტერს, მილედის, როშფორსა და თვით კარდინალ რიშელიესაც კი.

ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” – მიუხედავად მცირე მოცულობისა, ეს ნაწარმოები საოცრად ემოციურია. 10 წლის ბიჭი, რომელიც ლეიკემიითა ავად, მომვლელის რჩევით ღმერთს წერს წერილებს. ამ წერილებში  ვხვდებით იუმორს, ბავშვურ გულუბრყვილობას. ამ რამდენიმე დღეში ოსკარი მთელ ცხოვრებას გადის, ეძებს მშობლების საქციელის მიზეზს, პასუხს კითხვაზე – არსებობს თუ არა ღმერთი. 12 დღის შემდეგ ის ტოვებს ამ ქვეყანას, მაგრამ მანამდე ვარდისფერი ქალბატონის დახმარებით იგებს ცხოვრების მთავარ სიბრძნეს: “ყოველდღე ისე უნდა უყურო სამყაროს, თითქოს პირველად ხედავ.”

ერიკ-ემანუელ შმიტის “ნოეს შვილი” – ეს არის კიდევ ერთი ნაწარმოები, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა არის ომი. ნაცისტების დევნის მსხვერპლი ბავშვები ქრისტიანი მამა პონსის პანსიონში იმალებიან. ისინი განიცდიან მშობლებთან დაშორებას, ფიქრობენ იმაზე, თუ რა განსხვავებაა ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის და რატომ სძულს ჰიტლერს მხოლოდ ებრაელები. ერთ-ერთი ასეთი ბავშვია ჟოზეფიც, რომელიც განსაკუთრებით უახლოვდება ღვთისმსახურს და მისგან იგებს, რომ: “რელიგია არც ჭეშმარიტია, არც მცდარი, ის მხოლოდ ცხოვრების ერთგვარ ნაირსახეობას გვთავაზობს.” დაუშვებელია ადამიანთა დევნა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებული რელიგიის, ეროვნების ან რასის არიან. ომი მთავრდება და გადარჩენილი ებრაელი ბავშვები უკვდავყოფენ მამა პონსის სახელს, რომელმაც 271 ბავშვი გადაარჩინა და ამით მილიონობით ებრაელს მისცა სიცოცხლის შანსი (ქრისტიანმა ღვთისმსახურმა ოსკარ შინდლერი გამახსენა). ებრაელები არასდროს ივიწყებენ სიკეთეს, მაგრამ არც ომი მიეცემა სამუდამოდ დავიწყებას. ამჯერად ის სწორედ ებრაელთა მიწაზე იღვიძებს და უკვე ასაკოვანი ჟოზეფიც, მამა პონსის მსგავსად, იქცევა ნოედ და იწყებს ახალი კოლექციის შეგროვებას, რათა შემოინახოს ომის მსხვერპლთა ტრადიციები.

უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” – დეტექტიურ-ისტორიული რომანის ფურცლებზე მწერალი გვაცნობს შუა საუკენეების შერლოკ ჰოლმსს, უოტსონს, ხორხე ლუის ბორხესს ბიბლიოთეკის ბრმა მცველის სახით და გვიამბობს XIV საუკუნის კათოლიკური ეკლესიის შესახებ. “დიუმას კლუბის” მსგავსად, აქაც ხდება მკვლელობები წიგნის გამო, ამჯერად მონასტერში, და ბერები ელიან ანტიქრისტეს გამოჩენას. რეალურად კი ჩნდება მკვლელი. ჩემი აზრით, ეკოს შეეძლო სათქმელი უფრო მოკლედ ეთქვა, მაგრამ საერთო ჯამში მომეწონა. თავად მწერალს თუ დავესესხებით: “წიგნები იწერება არა იმიტომ, რომ მათი სჯეროდეთ, არამედ იმიტომ, რომ მათზე იფიქრონ. ყველამ, ვისაც წინ უდევს წიგნი, უნდა გაიგოს არა ის, რასაც ის ამბობს, არამედ ის, რისი თქმაც მას სურს.”