ღალატის ანატომია

სიყვარულზე უამრავი წიგნი იწერება… ღალატზეც (აკუნინისა არ იყოს, ლიტერატურა ორი სიტყვის გარშემო ტრიალებს – სიყვარული და საწყალი:))… როგორც წესი, მოღალატეებს მკაცრად განვსჯით ხოლმე, მიტოვებულებს კი ვუსურვებთ, რომ მოღალატე მეორე ნახევარი დაუბრუნდეთ. არადა იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. არავინ იცის, როდის შეიძლება აღმოვჩნდეთ ან ერთ, ან მეორე პოზიციაში. არც ქლოეს ეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ საყვარელი ქმარი უღალატებდა, არც მისი მამამთილი პიერი ელოდა (საკუთარი ცივი ხასიათის გათვალისწინებით),ვინმეს ისე ძლიერად თუ შეიყვარებდა, რომ ამის გამო პატარა ბიჭივით მოიქცეოდა… სიყვარული (ზოგადად ცხოვრებაც) ზედმეტად უცნაური რამაა იმისთვის, რომ მასზე სრული კონტროლი დავაწესოთ. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ თავი სხვის ადგილზე წარმოვიდგინოთ (ინგლისელებს ძალიან კარგი გამოთქმა აქვთ ამასთან დაკავშირებით – სხვის ფეხსაცმელებში აღმოჩენა) და მაშინ უფრო ადვილი იქნება გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის კი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთია (ანა გავალდას წიგნმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ მართალი ვარ) – ხვდები, რომ ადამიანთან, რომელთანაც მრავალი წელი და შვილები გაკავშირებს, ბედნიერი აღარ ხარ (ანა ძალიან კარგ ფრაზას გვთავაზობს- თუ გიყვარს, მის გვერდით სიჩუმეც კი არ მოგბეზრდებაო)? ან შენმა მეორე ნახევარმა წასვლა გადაწყვიტა? ე.ი. ეს ასე უნდა მომხდარიყო. ასეთ ურთიერთობას აზრი აღარ აქვს… და ერთ დღეს აუცილებლად მიხვდები, რომ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო… მე მგონია, რომ ქლოე მიხვდება… ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანი, რომელიც სიყალბესა და რეალობას (თუნდაც იმ დროს ძალიან მძიმე რეალობას) შორის მეორეს აირჩევს… More

Advertisements