ცემენტის ბაღი

ალბათ ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით მარტო დარჩენაზე და როგორც კი ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, მაშინვე “ყირაზე გადავდიოდით”… მაგრამ “ბუზთა ბატონის” შემდეგ უმეთვალყურეო ბავშვების თემა მნიშვნელოვნად გადავაფასე… იენ მაკიუენმა კი კიდევ ერთხელ დამანახა, რა შეიძლება მოხდეს “ბავშვების ოჯახში”…

ჯეკი, ჯული, სიუ და ტომი მარტო დარჩნენ. მათ ჯერ მამა მოუკვდათ, შემდეგ – დედა და “ნანატრი” თავისუფლებაც ეღირსათ. შეეძლოთ არ ებანავათ, არ ეჭამათ, არ დაელაგებინათ სახლი, არ ესწავლათ, არ დაეზოგათ ფული… შედეგად კი ისეთი საზიზღარი ამბები დატრიალდა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ბავშვებს თუ ასე ცხოვრება შეუძლიათ… გოლდინგის შემდეგ რაღა გამაკვირვებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბავშვები არც ისე პატარები იყვნენ, რომ ვერ გაეცნობიერებინათ მშობლების სიკვდილი და საკუთარი ქმედებები. არც კუნძულზე ცხოვრობდნენ, რომ ვერავის ენახა მათი გადაგვარება… ყველაზე საშინელი ამ წიგნში სწორედ ესაა – შეიძლება ბავშვებმა ვერ აიტანეს სტრესი (მით უფრო, რომ მათ ძველ ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ  ნორმალურს), ტრაგედიის უბრალოდ “სარდაფში ჩაკეტვა” არ გამოუვიდათ და შინაგანად გატყდნენ, მაგრამ სად იყვნენ მეზობლები, ნათესავები, სკოლა? როგორ შეიძლება გვერდით ამდენი საშინელება ხდებოდეს და ყველა თვალს ხუჭავდეს???

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ შემოგვთავაზა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”. მე კი ეკრანიზაციას მოვიძიებ 🙂