ფაუსტი დისკოს სამყაროდან

ოდესმე გინატრიათ, რომ თქვენი სურვილები (სამი მაინც) ასრულდეს? ალბათ დიახ, მაგრამ სავარაუდოდ არ დაფიქრებულხართ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას… აი, მაგალითად, ცამეტი წლის ერიკმა “წარმატებულად” გამოიძახა დემონი და სამი სურვილის ასრულებაც სთხოვა, მაგრამ ერთი სუუულ პატარა დეტალი ვერ გაითვალისწინა – ნამდვილი რქებიანი დემონის ნაცვლად ხელში რინსვინდი შერჩა! დიახ, დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ჯადოქარი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს)… მისი წარსული თუ გახსოვთ, ფრიად ჭკუის სასწავლებელი იქნება ეს თქვენთვის. სანამ სურვილების ასრულებას ინატრებთ, ათასჯერ დაფიქრდებით და გაიხსენებთ, როგორ მოხვდა ანკ-მორპორკელი ფაუსტი სამყაროს მბრძანებლის რანგში ჯუნგლებში, როგორ შეხვდა სამყაროს ულამაზეს ქალს ტროას ომის დროს და როგორ ჰპოვა უკვდავება ჯოჯოხეთში… არც ის დაგავიწყდებათ, რომ ღმერთი შეიძლება ფრიად სიმპათიური მოხუცი იყოს და ბუტერბროდში მაიონეზის დამატება დაავიწყდეს, მთავარი დემონი შეიძლება თანამდებობიდან გადააყენონ, რადგან მისი აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სული ტკივილს ვერ განიცდის და მის დასასჯელად მოწყენილობის “მეთოდის შემოტანა” აჯობებს, საეჭვოდ მიიჩნიონ… და არც ის, რომ თუ ოდესმე შემთხვევით უკვდავების წყალს გადააწყდებით, აჯობებს, თუ ყოველი შემთხვევისთვის აადუღებთ… ვაი და შიგნით რაიმე ისეთი ბაქტერია აღმოჩნდეს, რომელიც თქვენს უკვდავებას საგრძნობლად “შეამოკლებს”… დაფიქრდით მაინც… აკი რინსვინდი სწორედ სიფრთხილემ მოიყვანა აქამდე… უფრო ზუსტად კი, “ფეხების ხელში დაჭერამ”… More

Advertisements