ნიუარკული ტრაგედია ვაქცინამდე

“ნემესიდამ” კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. უბრალოდ ფილიპ როთთან “შეხვედრა” მომინდა და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნებისმიერი წიგნის გადმოწერა შემეძლო, ის ერთადერთი ავირჩიე, რომელიც ქინდლში აღმომაჩნდა.

…და ამ ერთადერთში აღმოჩნდა დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ჩვენც ზუსტად ისე ვებრძვით უხილავ მტერს, როგორც 1944 წლის ნიუარკში… მაგრამ ერთი განსხვავებით – პოლიომიელიტის ვაქცინა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა, ჩვენ კი გვაქვს ამის საშუალება. შეგვიძლია თავი დავიცვათ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთი. ჩვენთვის ხომ არ არის უცხო ებრაულ უბანში დატრიალებული უბედურება. ხომ აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა, სხვა ახლობელი მაინც არ წაართვა თანამედროვე პანდემიამ. ჩვენც ისევე გვენგრევა ცხოვრება, როგორც ბაკს, არნისა და სხვებს, რომლებიც ან შეიწირა ვერაგმა სენმა, ან მომავალი გაუნადგურა. ამიტომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ღმერთს ან სხვა უხილავ ძალებს კი არ დავაბრალოთ ყველაფერი, არამედ ავიცრათ, დავიცვათ რეგულაციები და გადავრჩეთ – მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ამერიკელები შესაძლოა ვერ გადარჩენილიყვნენ, მაგრამ ნიუარკში შეეძლოთ… რომ არა ვაქცინის არარსებობა…

P.S. ვერ ვიტყვი, რომ ეს წიგნი ლიტერატურული თვალსაზრისით ფილიპ როთის სხვა წიგნებზე (თუნდაც “პორტნოის სინდრომზე”, რომლის გამოც კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადო მადლობა “დიოგენეს” – რომ არ ეს წიგნი ალბათ ამ ჩემთვის საყვარელ მწერალს მაინც გადავეყრებოდი, მაგრამ უფრო გვიან) უკეთესია. არა, ის ზუსტად ისეთივეა. უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვი, საჭირო დროს გამოჩნდა და ამით დაიმკვიდრა ადგილი ჩემს უბრალოდ საყვარელ წიგნებს კი არა, ფავორიტებს შორის. იმედია, მასაც თარგმნიან.