ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია დროის უკან დაბრუნებაზე. მაგრამ ეს ოცნება რომ აგვიხდეს, შევძლებთ კი რამის შეცვლას? დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ვერა, რადგან “ადამიანები არ იცვლებიან, არ აკეთებენ დასკვნებს შეცდომებისგან და არ ითხოვენ პატიებას.” როდესაც დროის რღვევა ისევ გაიძულებთ უკვე ჩადენილის განმეორებას, არ დაგავიწყდეთ, რომ “სპექტაკლი უნდა გაგრძელდეს!”
დრო რამდენჯერაც უნდა დაბრუნდეს უკან, მაინც დაიბადება ჰიტლერი, მაინც ჩაიდენენ დანაშაულს სისხლისმსმელი კომუნისტები, მაინც ექნება სამყაროს თვითმკვლელობის მცდელობები, მაინც შეიქმნება შოუ სახელად 1945. წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ აწმყოში ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელთა შეცვლაც აღარ მოგვინდება. სამწუხაროდ, ამასაც არ ვაკეთებთ. “ჩვენში ჯერ კიდევ ცხოვრობენ უღირსი კაპიტალის მფლობელები, მულტიმილიონერები და მულტიმილიარდერები, რომლებიც დიდი ინტერესით ატანენ ფულს ქარს იმის მაგივრად, რომ დახარჯონ ის სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ადამიანთა სწავლისთვის, რათა მათ შეძლონ ამ ადგილებზე მუშაობა, ახალგაზრდობის აღსაზრდელად და მოხუცებზე ზრუნვისთვის, იმისთვის, რომ ყველამ მოხერხებულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.” თითქოს დრო წინ მიდის და პრობლემების გადაჭრაც უფრო ადვილი უნდა გახდეს, მაგრამ ამისთვის არასწორ მეთოდებს მივმართავთ. ახალგაზრდობა აღარ ცდილობს წარმოსახვის განვითარებას, რადგან ერთ ღილაკზე დაჭერით ნებისმიერი რამის ნახვა შეუძლია. მათთვის წიგნი ან ნახატი გასაოცარი ნივთებია და ვერც კი ხვდებიან, როგორ “კაიფობდნენ” “მოხუცები” ამ მკვდარი საგნებით. მეცნიერება წინ მიდის, მაგრამ არავინ ფიქრობს ეკოლოგიაზე. ჰიროსიმა, ნაგასაკი და ჩერნობილი ყველას დაავიწყდა. ნობელის პრემიას კი ატომური ბომბის შემქმნელს აძლევენ, თანაც მშვიდობის დარგში.
ასეთი აბსურდებითაა სავსე სამყარო, დროის შეჩერებას კი აზრი არ აქვს. კატაკლიზმების გარეშეც შეიძლება სამყაროს შეცვლა, მაგრამ ამისთვის უნდა “მოვიგონოთ” ცნობიერებაზე უკეთესი სიტყვა – სული. და წარმოვიდგინოთ, რომ “ავად ვიყავით, მაგრამ ახლა ისევ კარგად ვართ, და კიდევ იმდენი რამაა გასაკეთებელი.”
ბოლო კომენტარები