მეფე, დამა, ვალეტი

“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია”. – ლევ ტოლსტოი – “ანა კარენინა”

მობრძანდით, დაბრძანდით! თქვენს წინაშეა ტრადიციული ისტორია უბედური ოჯახის, მოღალატე ცოლისა და მისი საყვარლის შესახებ. უინტერესოა, არა? მაგრამ ტოლსტოიმ ხომ გვითხრა, რომ ასეთი ოჯახები ერთმანეთს არასდროს ჰგავს… მით უფრო, თუ მთხრობელი სიტყვის ისეთი ოსტატია, როგორიც ვლადიმირ ნაბოკოვია… More

გეპატიჟებით სიკვდილით დასჯაზე

გეპატიჟებით სიკვდილით დასჯაზე! “დამნაშავეა” ცინცინატ ც. რაში? არც არაფერში. უბრალოდ ის განსხვავებულია და სიცოცხლის უფლება წაერთვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მომავალი აღარ აქვს და საკანში უნდა დაელოდოს სიკვდილს. ჩვენც მასთან ერთად ვაყურადებთ ჯალათის ნაბიჯების ხმას და ნელ-ნელა ვიძირებით სიგიჟის, აბსურდის, სიზმრის მორევში… ამ განცდას გამოკვეთილი სახელი არც აქვს… სახეები ცინტინატისა და ჩვენს ირგვლივ საოცარი სისწრაფით იცვლება… იმდენად სწრაფად, რომ აღქმასაც კი ვერ ვასწრებთ. ნიღბები (ალბათ სწორედ ეს სიტყვაა შესაფერისი და არა სახე) ერთმანეთში გადადიან და ზღვარი ადამიანებს შორის იშლება… გამოკვეთილია მხოლოდ ცინცინატ ც. (აბა, გაიხსენებთ იოზეფ კ. და კაფკას სამყარო მეტამორფოზებითა და “ბუნდოვანი” გოდოლით), რომელიც საკუთარი სისუსტის წყალობით “ნაცრისფერი” ადამიანისა და “მოტყუებული” (რეალურად კი ნებით “თვალდახუჭული”) ქმრის პოზიციიდან სიკვდილმისჯილის პოზიციაში აღმოჩნდა… მოახერხა კი მან სიცოცხლის (უფრო ზუსტად, საკუთარი “მეს”)  გადარჩენა? ან იქნებ მშვიდად დადო თავი კუნძზე და გაახარა სრულიად აბსურდული (სინამდვილეში კი ასე რეალური) სისხლს მოწყურებული ბრბო???

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი (“მეფე, დამა, ვალეტთან” ერთად) “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.

ლუჟინი და ფლამანდიური გამბიტი

“მთელი ყოფიერება დღეებისა და ღამეების უჯრედებისგან შემდგარი ჭადრაკის დაფაა, რომელზეც ბედისწერა ისე თამაშობს ადამიანებით, როგორც ფიგურებით.”  – არტურო პერეს-რევერტე

საუკუნეების წინ შექსპირმა თქვა, რომ მთელი სამყარო თეატრია (მოგვიანებით აკუნინიც რომ დაეთანხმა, გახსოვთ ალბათ:) )… მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სამყარო ჭადრაკის დაფა იყოს?! ამაში დასარწმუნებლად საკმარისია “ფლამანდიური დაფა” გადაშალოთ. დონ არტურო მაშინვე ჭადრაკის ერთ-ერთ ფიგურად, ინტელექტუალური დეტექტივის გმირად გაქცევთ და ერთდროულად ორ დროში ამოგაყოფინებთ თავს. თქვენ გახდებით თანამედროვე რესტავრატორი ხულიას თანამოაზრე და 500 წლის წინ მოღვაწე დიდი ფლამანდიელი ოსტატის ნახატის ნაწილი… ნახატზე ასახული ისტორიული პირების საიდუმლოს ამოხსნა შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეთ, თუ მოცემულ პარტიას ბოლომდე არ ითამაშებთ და თქვენს მეფეს ვერ გადაარჩენთ… თუმცა სხვა ფიგურებსაც უნდა გაუფრთხილდეთ – თითოეული მათგანი რეალური ადამიანია… ამ ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად მხოლოდ ნახატის გაშიფვრა არ არის საკმარისი (მოგეხსენებათ, რომ ნახევარ ათასწლეულს მკვლელებიც კი ვერ უძლებენ)… მკვლელი სულ ახლოს უნდა ეძებოთ, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება… More