ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქვეყნის ლიტერატურას თავისი განუმეორებელი ხიბლი ახლავს თან. გემოვნების შესაბამისად ყველას აქვს ფავორიტი “ლიტერატურული” ადგილები (მაგალითად, ჩემთვის ნომერი პირველი ამერიკაა), თუმცა ერთი რამ ცალსახაა – თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად მაქსიმალურად შეიგრძნოთ უცხო ქვეყნის “სურნელი”, ამ ქვეყნის წარმომადგენელი მწერალი უნდა აირჩიოთ და მასთან ერთად “გაუდგეთ გზას”…მეც ზუსტად ასე მოვიქეცი და გერმანიაში ამოვყავი თავი… მეტი
გერმანული ნოველა
26 იან 2018 დატოვე კომენტარი
in გერმანული, ლიტერატურა ტეგები:ზიუსკინდი, კნულპი, კონტრაბასი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყანაში, ჰერმან ჰესე
ივლისის მოგზაურობები
30 ივლ 2012 34 Comments
in ამერიკული, ბელგიური, გერმანული, ესპანური, თურქული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, არტურო პერეს-რევერტე, დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, დოსტოევსკი, ზიუსკინდი, ლევიათანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვლელის ჰიგიენა, მტრედი, ნოტომი, ორჰან ფამუქი, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, ფანდორინი, ღირსების საქმე, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯილბერტი
ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” – როგორია მიუძღვნა მთელი ცხოვრება სიყვარულს და განუწყვეტლივ იტანჯო? ამას ქემალზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რადგან სწორედ ასეთ – იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს მყოფ – გრძნობას შესწირა მან ათასობით დღე. კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ მას სინამდვილეში თავისი მტანჯველი სიყვარული უყვარდა და არა ფუსუნი. ამ ავადმყოფური განცდის შედეგად ორჰან ბეის მკითხველებისთვის ასე ნაცნობ და საყვარელ ქალაქ სტამბოლში შეიქმნა უმანკოების მუზეუმი (რომელიც, მოგეხსენებათ, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არ არის), რომლის მიზანიც ადამიანებში სიამაყის გაღვიძებაა. “ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელები ამაყობენ საკუთარი თავით, მსოფლიოს დიდ ნაწილს კი რცხვენია. ის, რაც ჩვენში სირცხვილის გრძნობას იწვევს, მუზუმში რომ იყოს გამოფენილი, მაშინვე გახდებოდა სიამაყის საგანი…” და უმანკოების მუზუმშიც გაჩნდნენ ექსპონატები: ყვითელი ფეხსაცმელი, მოწეული სიგარეტები, ფოტოები… წარსული ისევე დაიმალა ნივთებში, როგორც სულში… და არა მხოლოდ ქემალისა და ფუსუნის – ახალგაზრდა ორჰანის, ჯევდეთ ბეისა და მისი ვაჟიშვილების, ზოგადად თურქეთის მთელი თაობების წარსული…
ტკბილი ნოემბრის მოგზაურობები :)
30 ნოე 2011 38 Comments
in ბრიტანული, გერმანული, იტალიური, ლიტერატურა, რუსული, სერბული ტეგები:12 სკამი, ბუზთა ბატონი, განსვენებული მატია პასკალი, გოლდინგი, გრენუი, ზიზღი, ზიუსკინდი, ილფი და პეტროვი, ინგლისი, იუმორი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მორავია, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ოდისეა, ოდისევსი, ოსტაპ ბენდერი, ოქროს კერპი, ოჯახი, პავიჩი, პარფიუმერი, პენელოპე, პირანდელო, სატირა, სუნამო, ქარის შიგნითა მხარე, ჰომეროსი
მილორად პავიჩის “ქარის შიგნითა მხარე” – ამბობენ, ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარიო. ალბათ მართლაც ასეა, რადგან ყველას და ყველაფერს აქვს მეორე მხარე, თვით ქარსაც კი: “ქარის შიგნითა მხარეა ის, რომელიც მშრალია მაშინაც კი, როცა წვიმაში ქარი უბერავს,” – იქნებ ქარი დროა და ლეგენდის გმირი ლეანდრიც დროს ებრძვის და არა ტალღებს, რათა ჰეროსთან მივიდეს? გმირის სეხნია სერბი ლეანდრი კი სიყვარულით აშენებს მტრობით დანგრეულს და ეძებს თავის ჰეროს, რომელთანაც მხოლოდ სიკვდილი აერთიანებს, სიკვდილი, რომელსაც: “შეუძლია ელოდოს შენს დაბადებას, ან დაბრუნდეს შენს წასაყვანად შორეული მომავლიდან.”
ილია ილფისა და ევგენი პეტროვის “ოქროს კერპი” – დიდი კომბინატორი ბრუნდება! : ) ოსტაპ ბენდერი ამჯერად მილიონზე ნადირობს და ხელმძღვანელობს ახალ “აღლუმს”. თუ გაინტერესებთ, როგორ წარიმართა “კომანდორის” ცხოვრება 12 სკამის ისტორიის შემდეგ, მაშინ გადაშალეთ პირველი ფურცელი და მაშინვე იგრძნობთ, რომ “ყინული დაიძრა, ბატონო ნაფიცნო მსაჯულნო, ყინული დაიძრა!” კვლავ იწყება ძიებით, წარუმატებლობებით, მცდელობებითა და თავბრუდამხვევი ავანტიურებით სავსე თავგადასავალი…
ალბერტო მორავიას “ზიზღი” – “რაც უფრო დიდია ბედნიერება, მით უფრო ნაკლებად ამჩნევ მას,” – მართლაც ასეა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორწლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შემდეგ ქრება სიყვარული და მის ადგილს ზიზღი და ტკივილი იკავებს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად მივყვებით ალბერტო მორავიას იტალიის სანაპიროზე, მაგრამ რიკარდოსა და ემილიას ურთიერთობა ისეთივე რთული და ამოუცნობია, როგორც ოდისევსისა და პენელოპესი…
ლუიჯი პირანდელოს “განსვენებული მატია პასკალი” – ეს არის ისტორია მატია პასკალისა, რომელიც მოულედნალად “გაქრა”, იქცა განსვენებულად და ამ გზით გათავისუფლდა ცოლისგან, სიდედრისგან, ვალებისგან, უაზრო ცხოვრებისგან. ოფიციალურად გარდაცვლილმა მატიამ გაწყვიტა კავშირი წარსულთან და გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში დააფასებდა თავის თავისუფლებას, ისეირნებდა მასთან ერთად ახალ გზებზე, როგორც კი რაიმე უსიამოვნოს დაინახავდა, უბრალოდ დახუჭავდა თვალებს და ჩაუვლიდა, დატკბებოდა ყოველი წუთით და ბოლოს სამართლიანად იფიქრებდა, რომ არა მხოლოდ იცხოვრა ორი ადამიანის ცხოვრებით, არამედ იყო ორი განსხვავებული ადამიანი. თუმცა რეალობა ოცნებას არ დაემთხვა. ე.წ. თავისუფლება მარტოობად და მოწყენილობად იქცა. “აი, ეს დარჩა სტიაში დაღუპული მატია პასკალისგან – ჩრდილი რომის ქუჩებში”. მატია პასკალმა ადრიანო მეისის ნიღაბი ვერ მოირგო, ვერ გაექცა საკუთარ თავს და ძველ “სხეულს” დაუბრუნდა.
პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო: ამბავი ერთი მკვლელისა” – ეს არის წიგნი სურნელის შესახებ, ადამიანის შესახებ რომელსაც არ აქვს საკუთარი სუნი. სწორედ სუნზე “ნადირობს” ჟან-ბატისტ გრენუი, რადგან “სურნელში არის დამაჯერებლობა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე სიტყვები, გრძნობები და ნება. სურნელი ისე შემოდის ჩვენში, როგორც ჰაერი ჩვენს ფილტვებში, ის ბოლომდე გვავსებს, მისი საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. სურნელი პირდაპირ გულში აღწევს და იქ გამოაქვს კატეგორიული განაჩენი სიმპათიისა და ზიზღის, სიყვარულისა და სიძულვილის შესახებ. ვინც ფლობს სურნელს, ის ფლობს ადამიანთა გულებს.” თუ გაინტერესებთ, მართლა აქვს თუ არა სურნელს ასეთი ძალა, მაშინ ისარგებლეთ პატრიკ ზიუსკინდის მეგზურობით.
უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” – ალბათ ადამიანთა უმეტესობას უფიქრია უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრაზე, მაგრამ თუ გოლდინგს გავყვებით, მივხვდებით, რომ რეალობა ნაკლებად შეესაბამება ეგზოტიკურ ოცნებას. კუნძულზე მოხვედრილმა ბავშვებმა უფროსების გარეშე თავისუფლებით ტკბობა გადაწყვიტეს და უცებ აღმოაჩინეს, რომ: “ყველა ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც არ ელი.” ინგლისელი ზრდილობიანი ბიჭები ველურებად იქცნენ, მათში საშიშმა მხეცმა გაიღვიძა, იმძლავრა ბრბოს ფსიქოლოგიამ, მორალური პრინციპები გაქრა და დარჩა მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისა და ძალაუფლებისთვის, გახუნდა ფერადი ნიჟარა და გამეფდა ბოროტი ძალა – ბუზთა ბატონი, რომელმაც სიკეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. ერთადერთი ხსნა სამყაროს ჩარევაა, მაგრამ ეს სამყაროც ომის ქარცეცხლშია გახვეული…
ბოლო კომენტარები