თაობა X

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აწმყოში! დიახ, მისტერ კოუპლენდი ჩვენს დროში გვეპატიჟება! მერე რა, თუ ჩვენ ოფიციალურად არ ვართ თაობა X. ჩვენი ცხოვრებაც ხომ ზუსტად ისეთივეა… ჩვენც გამოკეტილნი ვართ დახუთულ ოფისებში, მთელს დღეებს მონურ შრომაში ვატარებთ, შაბათ-კვირას უაზროდ მივჩერებივართ ტელევიზორის ეკრანს და არ ვიცით, როგორ დავიხსნათ თავი ამ ჩაკეტილი წრიდან… შეიძლება უცებ გავარღვიოთ კიდეც ის და ენდის, დეგისა და კლერის მსგავსად ყველაფერი მივატოვოთ, წავიდეთ შორს მარკეტინგული სივრციდან და მხოლოდ იუმორისა და სიგიჟის ამარა დავრჩეთ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? რამდენ ხანს გავძლებთ ბარმენის ან უბრალო გამყიდველის პოზიციაზე, როდესაც რეალურად ძალიან მაღალი IQ გვაქვს? რამდენ  ხანს შევძლებთ მხოლოდ ტყუილ-მართალი სახალისო ისტორიებით კვებას? ერთ დღეს ალბათ მაინც დადგება დრო, როდესაც ოდესღაც ნაჩქარევად ჩალაგებულ ზურგჩანთას ისევ ჩავალაგებთ და გავუდგებით გზას უკან “ცივილიზაციისკენ”… ისევ აღვნიშნავთ “საოჯახო დღესასწაულებს”, თავს ავიტკიებთ ახალი ბიზნეს-გეგმებით და ჩავთვლით, რომ ყველაფერი გვაქვს… აღარ ვიოცნებებთ სადმე, მაგალითად მალტაზე წასვლაზე, რათა თავიდან ამოვიგდოთ ყველაფერი და მშვიდად გავატაროთ დრო წიგნებისა და ბიბლიოფილების გარემოცვაში… სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ასე მოხდება… ჩვენც თაობა X ვართ და იმიტომ…