სტამბოლელი ნაბიჭვარი

shop_product_image_155331[1]1915 წელი, სტამბოლი… თურქი ნაციონალისტები სომხებს გადასახლებაში მიერეკებიან და გზაში ხოცავენ… მათ შორისაა მწერალი ჰოვანეს სტამბოლელიც, რომელიც შინ აღარასდროს დაბრუნებულა…

სომეხთა გენოციდიდან ათეულობით წლის შემდეგ ჰოვანესის უმცროსი შვილი შუშანა ჩახმახჩიანი მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის წარსულს გაემიჯნა, მაგრამ მისი შვილიშვილი არმანუში ისტორიას ვერაფრით ივიწყებს და წინაპართა ქალაქში მიემგზავრება, სადაც სტამბოლელი ნაბიჭვრის – ასია კაზანჯის – ოჯახი ცხოვრობს. კაზანჯები ჩახმახჩიანებზე არანაკლებ “კოლექტიურად” ცხოვრობენ. მათი ერთადერთი მამაკაცი ამერიკაში გადასახლდა და ახლა მათთან სრული მატრიარქატი სუფევს. თითქოს ჩახმახჩიანებსა და კაზანჯებს საერთო სტამბოლური ისტორიის გარდა არაფერი აკავშირებთ (თუ ცხოვრების წესს არ ჩავთვლით, რაც, სხვათაშორის, ჩვენც თითქმის იდენტური გვაქვს), თუმცა არავინ იცის რას მალავს წარსული…ორი ოჯახის ბედისწერა სტამბოლის სანელებლების სურნელით გაჯერებულ ქუჩებში გადაიკვეთება და არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა… More

მდუმარე აღმოსავლეთი

13531063 სავარძელში ვზივარ… გვერდით ჩაის ჭიქა და ორჰან ფამუქის მორიგი წიგნი მიდევს… თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება – ყოველდღიურად ვკითხულობ თუნდაც რამდენიმე ფურცელს და დროებით მწერლის სამყაროში გადავდივარ, მაგრამ ეს შემთხვევა გამორჩეულია – მდუმარე აღმოსავლეთში წიგნიდან წიგნამდე არ ვცხოვრობთ – მდუმარე აღმოსავლეთი საუკუნეები გრძელდება… მდუმარე სახლი მხოლოდ დანგრევის პირას მისული ძველი შენობა არ არის და არც მხოლოდ თურქეთია – ის მთელი აღმოსავლეთია, რომელიც უსარგებლო, ყალბ მდუმარებაში, სიმშვიდეშია ჩაძირული და ვერაფრით დგამს ნაბიჯს დასავლეთისკენ… More

“სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”

ორჰან ფამუქთან ძველი “მეგობრობა” მაკავშირებს. ჩვენი ნაცნობობა “მე წითელი მქვიას” ფურცლებზე დაიწყო. მანამდე თურქეთს მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობდი  რეშად ნური გიუნთექინის დახმარებით. ორჰან ბეისთან ერთად კი ვიმოგზაურე ძველ ოსმალეთში და მაშინდელი მხატვრები გავიცანი, გავიგე მისი აზრი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის დოსტოევსკის შემოქმედებაზე, თვალნათლივ დავინახე კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელი მახასიათებლები, გავერკვიე ისლამურ ფუნდამენტალიზმში, გავყევი თურქეთის განვითარების გზას ერთი ოჯახის და ერთი წყვილის ცხოვრების ფონზე…

ამჯერად ისევ სტამბოლში აღმოვჩნდი – ქალაქში, რომელსაც უკვე ძალიან კარგად ვიცნობ (ისევ და ისევ ორჰანის დახმარებით).  ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თეშვიქიე, ნიშანთაში, ბეიოღლუ და ბოსფორი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გზადაგზა სტამბოლისთვის დამახასიათებელ სევდასაც ვგრძნობ… თუმცა ჩემთვის ეს ქალაქი მაინც უცხოა და არაფერი აქვს საერთო ჩემს პირად მოგონებებთან. გარე თვალი ყოველთვის ეგზოტიკურს ეძებს… More

ზამთრის ბოლო მოგზაურობები (ნაწილი 1)

ორჰან ფამუქის “თოვლი” – თოვლი… ყარსი… პოეტი კა… (ორიგინალში: Kar-Kars-Ka) ეს არის ფამუქის მორიგი (და ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე და “ცივი”) ნაწარმოები აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, უფრო სწორად, ისლამზე, ქალიშვილებზე, რომლებსაც თმის გამოჩენას თვითმკვლელობა ურჩევნიათ, ათათურქის მომხრე რესპუბლიკელებსა და შარიათის მომხრე ისლამისტებზე, რომლებიც ერთმანეთზე უფრო სასტიკები არიან… და მარტოსულ ემიგრანტ პოეტზე, რომელიც სამდღიანი თოვლის გამო ხვდება ამ “გაუგებრობაში”, წერს ლექსებს, ებმება სიყვარულის მახეში და ხვდება რომ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ფიფქი, რომელიც ქმნის მას, მის შინაგან ცხოვრებას. ერთხელ მაინც, თუნდაც სიზმარში, ყველა ხედავს, თუ როგორ თოვს და ამ თოვლის მდუმარება აახლოვებს მას ღმერთთან, რომლის წინაშე არ იქნება საჭირო ფეხსაცმლის გახდა ან თმის დაფარვა, ღმერთთან, რომელიც “გაიგებს მის მარტოობას”…

ელჩინ საფარლის “ბოსფორის ტკბილი მარილი” – ამ აზერბაიჯანელ მწერალს ფამუქის ახალგაზრდა ანალოგს უწოდებენ, კონკრეტულად ამ ნაწარმოებმა კი თავად ორჰან ბეის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ასეთი ინფორმაცია უყურადღებოდ ვერ დავტოვე და კიდევ ერთხელ გავუდექი სტამბულის გზას. შედეგად უამრავი ადამიანი გავიცანი: თურქები, აზერბაიჯანელები, რუსები, ერთი ქართველიც კი. ისინი სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებიც “სულების ქალაქში იკვეთებიან”. საბოლოოდ ჟურნალისტი ელჩინ საფარლი ორჰან ფამუქზე მეტად ანა გავალდას მივამსგავსე (თუ სტამბულს არ ჩავთვლით) : ) სასიამოვნოდ წასაკითხი მარტივი ისტორიებით “გამიმასპინძლდა” და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ისტორიებს ფახლავა და თურქული ყავაც მოაყოლა : ))

ეტგარ კერეტის მოთხრობები – ებრაელებზე ბევრი რამ წამიკითხავს, მაგრამ აქამდე ებრაელ მწერალს არ ვიცნობდი. და აი ეტგარსაც გადავეყარე. როგორ გგონიათ, რაზე შეიძლება წერდეს ებრაელი? ალბათ ჰოლოკოსტზე, დაჩაგრულ ებრაელებზე. მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. კერეტი თავის მოთხრობებში გვაცნობს თითქოს არაფრისგან გამდიდრებულ შრიკის და ბლუზზე მეოცნებე ადვოკატს, გვიყვება მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გაცნობის უცნაურ “კრეატიულ” ისტორიას და სამი “გარეკილი” ძმაკაცის ამბავს, რომლებსაც მორიგეობით აწუხებთ “ბზიკი” – მეოთხე ძმაკაცი, რომელმაც თავი მოიკლა… ამ ყველაფერს მწერალი რამდენიმე აბზაცში ახერხებს და იუმორის “მარილსაც” უმატებს : )

რაბინდრანათ თაგორის მოთხრობები – ჩემი და რაბინდრანათ თაგორის ნაცნობობა ორი მიზეზით შედგა. ინდური კულტურა ყოველთვის მაინტერესებდა. თან თაგორი ერთადერთი ინდოელი ნობელიანტი მწერალია. ეს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო (მართალია, ყველა გადაწყვეტილებას  არ ვეთანხმები, მაგრამ ამაზე სხვა დროს) მან მიიღო „ღრმად შეგრძნობილი, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის, რომლებშიც განუმეორებელი ოსტატობით გამოვლინდა მისი პოეტური აზროვნება”, მაგრამ, როგორც აღმოვაჩინე, არც პროზაში ყოფილა ნაკლები. მასთან ერთად სიამოვნებით ვიმოგზაურე ინდოეთის გარშემო და უფრო ახლოს გავიცანი სხვადასხვა კასტის წარმომადგენელი ინდოელები თავიანთი ტრადიციებით.

ჰენრიკ იბსენის “თოჯინების სახლი” – დიდი ხანია პიესა არ წამიკითხავს, ალბათ ჩეხოვის მერე. ამჯერად “ვისარგებლე” სასესიო პერიოდით გამოწვეული ლიტერატურული პაუზით და რამდენიმე თავისუფალი საათი ამ ჟანრს მივუძღვენი. თან ნორვეგიაში ჰამსუნის შემდეგ აღარ მიმოგზაურია. როგორც გავიგე, “თოჯინების სახლის” სიუჟეტად იბსენს ნამდვილი ამბავი გამოუყენებია. ნორას მსგავსი ამბავი გადახდა მის მეგობარს, მწერალ ლაურა კილერს. მაშინდელ ნორვეგიაში დრამატურგიაში გადატანილი ეს ისტორია ფემინიზმის მანიფესტადაც კი შეურაცხავთ. დღეს ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ XIX საუკუნეში ალბათ დიდი სითამამედ აღიქმებოდა მთავარი გმირის მიერ ქმრის მისამართით ნათქვამი სიტყვები : “მე აქ შენი თოჯინა-ცოლი ვიყავი, როგორც სახლში ვიყავი მამის თოჯინა-ქალიშვილი. მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა მე ადამიანი ვარ, ისევე როგორც შენ, ან ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადო, რომ გავხდე ადამიანი. მე აღარ შემიძლია იმით დაკმაყოფილება, რასაც ამბობს უმარევლესობა, ან რაზეც წერია წიგნებში. მე თვითონ უნდა ვიფიქრო ყველაფერზე და ვცადო გარკვევა…”


ჩემი ლიტერატურული სექტემბერი :)

არდადეგების ბოლო თვეც დადგა და ლიტერატურული მოგზაურობაც გაგრძელდა : )

ტარას შევჩენკოს მოთხრობები – თავის მოთხრობებში მწერალი უბრალო უკრაინელების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ხუტორებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით ირჩევენ თავს.  ამიტომაც წერს ერთ-ერთ მოთხრობაში: “ო, აგრონომო-ფილანტროპებო! გამოიგონეთ ნამგლის ნაცვლად რაიმე მანქანა. ამით თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ მძიმე შრომისთვის განწირულ კაცობრიობას!” შევჩენკოს ეს ოცნება მოგვიანებით ახდა, მანამდე კი მასაც, თავისი გმირების მსგავსად, უამრავი დაბრკოლება შეხვდა ცხოვრების გზაზე. საერთო ჯამში საინტერესო იყო ძველ უკრაინაში მოგზაურობა, მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა რუსულ ტექსტში შიგადაშიგ გარეული უკრაინული სიტყვების გაგება 🙂 ჩემი აზრით, ტარას შევჩენკო ბევრად უფრო დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე პროზაიკოსი. მოთხრობებში თითქოს მისი უსაზღვრო პატრიოტიზმი ისე არ ჩანს, როგორც პოემებსა და ლექსებში. ჩემთვის მის ფავორიტ ნაწარმოებად ლექსი “ანდერძი” რჩება, რომელიც რუსულ თარგმანშიც ისევე კარგად ჟღერს, როგორც ორიგინალში.

გრიგოლ აბაშიძის “ლაშარელა” – ამჯერად გადავწყვიტე მეცამეტე საუკუნის საქართველოში მემოგზაურა. ლაშა-გიორგის ეპოქა სულაც არ ჰგავდა დიდი თამარის ოქროს ხანას. დიდებულები მეფეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავად ლაშა კი მხოლოდ ერთგული მცველის, ლუხუმ მიგრიაულის ცოლის სიყვარულზე ზრუნავდა. მისი პირადი ცხოვრება ქვეყნის ინტერესებს გადაეჯაჭვა, რადგან:  “ეგ ლახვარი მარტო მიგრიაულს კი არა, საქართველოს ძლიერებას ჩასცეს ზურგში, რადგან საქართველოს ძლიერება მიგრიაულისთანა პატიოსან ყმა გლეხების ძალასა და სიმტკიცეზე იყო მუდამ დამყარებული.” ამ აკრძალული სიყვარულისგან მხოლოდ ტახტის მემკვიდრე დავით ულუ დარჩა, საქართველოს კი ჯერ მოხარკენი განუდგნენ, შემდეგ კი გაძლიერებული მონღოლები მოადგნენ. ასე მიეცა დავიწყებას ქართველთა დაუმარცხებლობის ამბავი. ლაშამ კი, როგორც თავად ამბობდა, ვერ გაამართლა იმედი, ვერ შეძლო, დავით აღმაშენებლის მსგავსად, ლილეს სიყვარულის გულიდან ამოღება და ვერ შესწირა სამშობლოს მსხვერპლად პირადი ბედნიერება.

გრიგოლ აბაშიძის “დიდი ღამე” – დასრულდა ლაშას ეპოქა და ტახტზე ავიდა რუსუდანი. მისი მმართველობისას საქართველოს ჯერ ჯალალედინი დაესხა თავს, შემდეგ კი – მონღოლები. მეფისა და ერისთავების მზრუნველობას მოკლებული ქვეყანა მტრებს ჩაუვარდა ხელში: ” მაშ, დაღუპულა საქართველო, თუ აღარც მეფე ჰყავს მზრუნველი და აღარც ერისმთავარი. იმის მაგივრად, რომ დაგვეცვა და შეგვენახა საქართველოს ძლიერება, ქვეყანა დავამხეთ და დავაუძლურეთ? მერე გვაპატიებს, განა, შთამომავლობა? _ ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ საწყევად ვუტოვებთ ჩვენს სახელს შვილთა და შვილიშვილთ,” – ამბობს მოვლენათა ცენტრში მყოფი მგოსანი თურმან თორელი, დიდი მამულიშვილის, შალვა ახალციხელის ბიძაშვილი. თურმანმა სამშობლოს სიყვრულს ცხოვრება შესწირა, ისევე როგორც ჯალალედინის ბრძანებით დაბრმავებულმა მხატვარმა ვაჩემ, წინამძღვარმა პავლიამ, ცაგომ, ლელამ, … არაერთი გმირი შთანთქა დიდმა ღამემ, მაგრამ, როგორც თავად თორელმა თქვა: “გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.” უსინათლო ვაჩე კი თითქოს ხედავს თეთრი დროშის ფრიალს და ამბობს: “გორგასლიანი დროშის ნათელი გაჰფანტავს ღამის სიბნელესო!”

ორჰან ფამუქის “თეთრი ციხესიმაგრე” – ეს არის ისტორია ორი ერთნაირი გარეგნობის ადამიანისა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა – ერთი აღმოსავლეთს წარმოადგენს, მეორე – დასავლეთს. იტალიელი ცდილობს სტამბულთან შეგუებას, თურქი კი დასავლურ მეცნიერებებს ეუფლება. საბოლოოდ კი ვეღარ ვიგებთ რომელი მათგანია ევროპელი და რომელი აზიელი. ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად იქცევა: “ამ სიზმარში თქვენ გარბიხართ მიხვეულმოხვეულ გზებზე ბნელ ტყეში, რათა სწრაფად მიაღწიოთ მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქათქათა საოცრებამდე, სადაც მეფობს მხიარულება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება, და ბედნიერება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ გსურთ. მაგრამ გზა, რომელიც თითქოს სულ მალე უნდა დამთავრდეს, რატომღაც გრძელდება.” როგორც თავად ფამუქი ამბობს ბოლოსიტყვაობაში: “თეთრი ციხესიმაგრის” იდეა, რა თქმა უნდა, იმაში არ მდგომარეობს, რომ გავიგოთ, რამდენად მოსახერხებელია და შეესაბამება რეალობას აღმოსავლეთიდა და დასავლეთის დაყოფა. ნაწარმოები გვიჩვენებს კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელ მახასიათებლებს. ეს განსხვავებები ილუზიაა, მაგრამ ეს ილუზია ასეთი ენთუზიაზმით რომ არ შეექმნათ  საუკუნეების მანძილზე, მაშინ ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი ნათელი.” თუ გაინტერესებთ კულტურათა დაპირისპირების თემა, აუცილებლად გაეცანით ამ მწერალს და თუ “თეთრი ციხესიმაგრე” გაამართლებს თქვენს მოლოდინს, მაშინ ფამუქის პიროვნების უფრო ახლოს გასაცნობად თვალი გადაავლეთ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვას “მამაჩემის ჩემოდანი” (თუ დოსტოევსკის შემოქმედებასაც აფასებთ, შეგიძლიათ ისიც შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს მის ნაწარმოებებზე “რიგითი” მკითხველი ორჰანი). 😉

ერიკ-ემანუელ შმიტის “პილატეს სახარება” – ეს არის ისტორია იეშუასი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას და საბოლოოდ ხვდება, რომ: “მარტო მხოლოდ სამყაროსგან დამალვა შეგვიძლია, ხოლო თუ გავერთიანდებით, შევძლებთ მის შეცვლას.” ამიტომ ის უფლის რწმენით აერთიანებს ხალხს და მათთან ერთად ქადაგებს სიყვარულს. აქვე ვხვდებით ეჭვებით შეპყრობილ პილატე პონტოელს და გამცემ იეგუდას, იეშუას დედას და მოწაფეებს, იოჰანანს და რომაელ ჩინოვნიკებს. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება როგორც რეალური პიროვნებებისგან, ისე ბულგაკოვის გმირებისგან. მაგრამ შმიტის მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ: “შეიყვარე სხვა ისე, რომ მიიღო მისი სისულელეებიც კი. ძალადობაზე ძალადობით პასუხი, გამოყენება წესისა “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, მხოლოდ ამრავლებს ბოროტებას, უფრო მეტიც – აქცევს ბოროტებას წესად. ძალადობაზე სიყვარულით პასუხი ძალადობის ჩაქრობას ნიშნავს. ღმერთის სამეფოს კარი ყველა ჩვენგანშია. ეს არის იდეალი, ოცნება, ნოსტალგია, იმედი. სიყვარული მარადიულია. ის იწვის, როგორც ალი, მაგრამ ეს ალი სუსტია. მის ჩაქრობას ცდილობენ.” ერთი შეხედვით რიგითი წიგნია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ დავფიქრდებით ცხოვრების არსზე და სულს შევუბერავთ სიყვარულის ცეცხლს. : )

გავიდა ზაფხულის არდადეგები. ამ სამი თვის მანძილზე  ვიმოგზაურე მრავალ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ძველ რომში, ყოფილ სსრკ-ში, რუსეთში, ინდოეთში, ისრაელსა და თურქეთში, გავიცანი მრავალი ახალი გმირი და მწერალი, ძველებთან ურთიერთობა გავაღრმავე, 🙂 4 წიგნი შევმატე ჩემს რჩეულ ნაწარმოებებს და არც ერთი სერიოზული იმედგაცრუება არ განმიცდია. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი არდადეგები გამოვიდა, მაგრამ ამით მოგზაურობები არ მთავრდება. წინ კიდევ უამრავი საინტერესო ნაწარმოებია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..” 🙂