მარტოობა ქვიან სანაპიროზე

ქორწილზე ალბათ ბევრს უოცნებია. ზოგი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება, ზოგი – მშვენიერ პრინცესას, რათა ულამაზესი ცერემონიალის შემდეგ ბედნიერი და უღრუბლო ცხოვრება დაიწყოს… მაგრამ არის კი ეს ასე? ასე ფიქრობდნენ ედუარდი და ფლორენსიც, რომლებიც თაფლობის თვის გასატარებლად ქვიან სანაპიროს ესტუმრნენ… თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა და იცით რატომ? არა, იმიტომ არა, რომ ისინი სრულიად არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს (მუსიკაც კი სხვადასხვაგვარი მოსწონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ რადიკალურად განსხვავებულ ოჯახებზე), არც იმიტომ, რომ ერთმანეთი არ უყვარდათ (პირიქით, ძალიან უყვარდათ). მთავარი მიზეზი ის დიდი პატარა ტუილი გახლდათ, რომელიც უხილავ ბარიერად აღიმართა მათ შორის… ამ კედელმა უხილავობა მხოლოდ მანამდე შეინარჩუნა, სანამ არ დაღამდა… სანამ ისინი არ გამოუტყდნენ საკუთარ თავს, რომ სიყვარული მათთვის მხოლოდ სულიერი კავშირი იყო და ფიზიკურ ლტოლვასთან საერთო არაფერი ჰქონდა… სანამ მარტო არ დარჩნენ ქვის სანაპიროზე… ერთად, მაგრამ მარტო… More

შაბათი მაკიუენთან ერთად

რამდენი რამ შეიძლება დაიტიოს ადამიანის ცხოვრების ერთმა დღემ? ალბათ ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი. ჩვენი ყოფა ხომ ძალიან ერთფეროვანია – დილით ვდგებით, სამსახურში მივდივართ, საღამოს უკან ვბრუნდებით… თუ გაგვიმართლებს და სამუშაო დროზე “გაგვიშვებს კლანჭებს”, იქნებ “სასიამოვნო მიმართულებითაც” გავუხვიოთ… თუმცა დიდად საინტერესო რომ არაფერი მოხდება, ზუსტად ვიცით. თითოეული კვირის დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) წინასწარ გვაქვს დაგეგმილი და ასე მივყვებით დინებას… მაგრამ იენ მაკიუენთან შეხვედრას გადატრიალების მოხდენა შეუძლია… ზუსტად ისეთი გადატრიალების, როგორმაც ჰენრი პეროუნის შაბათი შეძრა… More

ბრაიონის დაგვიანებული მონანიება

1601100

არ წაიკითხოთ იენ მაკიუენის წიგნები, სანამ ფსიქოლოგიურად არ მოემზადებით! არ წაიკითხოთ! თუ მისი “ცემენტის ბაღი” წაგიკითხავთ, აუცილებლად დამეთანხმებით, თუმცა ამ წიგნსა და “მონანიებას” (მგონი, ქართულად ასე უნდა იყოს) ერთმანეთს ვერ შევადარებ. პირველი უფრო ზიზღს იწვევს, მეორე – ტკივილს… ძალიან ხანგრძლივ და ძლიერ ტკივილს… რატომ? ახლავე გიამბობთ… More

ცემენტის ბაღი

ალბათ ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით მარტო დარჩენაზე და როგორც კი ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, მაშინვე “ყირაზე გადავდიოდით”… მაგრამ “ბუზთა ბატონის” შემდეგ უმეთვალყურეო ბავშვების თემა მნიშვნელოვნად გადავაფასე… იენ მაკიუენმა კი კიდევ ერთხელ დამანახა, რა შეიძლება მოხდეს “ბავშვების ოჯახში”…

ჯეკი, ჯული, სიუ და ტომი მარტო დარჩნენ. მათ ჯერ მამა მოუკვდათ, შემდეგ – დედა და “ნანატრი” თავისუფლებაც ეღირსათ. შეეძლოთ არ ებანავათ, არ ეჭამათ, არ დაელაგებინათ სახლი, არ ესწავლათ, არ დაეზოგათ ფული… შედეგად კი ისეთი საზიზღარი ამბები დატრიალდა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ბავშვებს თუ ასე ცხოვრება შეუძლიათ… გოლდინგის შემდეგ რაღა გამაკვირვებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბავშვები არც ისე პატარები იყვნენ, რომ ვერ გაეცნობიერებინათ მშობლების სიკვდილი და საკუთარი ქმედებები. არც კუნძულზე ცხოვრობდნენ, რომ ვერავის ენახა მათი გადაგვარება… ყველაზე საშინელი ამ წიგნში სწორედ ესაა – შეიძლება ბავშვებმა ვერ აიტანეს სტრესი (მით უფრო, რომ მათ ძველ ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ  ნორმალურს), ტრაგედიის უბრალოდ “სარდაფში ჩაკეტვა” არ გამოუვიდათ და შინაგანად გატყდნენ, მაგრამ სად იყვნენ მეზობლები, ნათესავები, სკოლა? როგორ შეიძლება გვერდით ამდენი საშინელება ხდებოდეს და ყველა თვალს ხუჭავდეს???

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ შემოგვთავაზა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”. მე კი ეკრანიზაციას მოვიძიებ 🙂