ჩიტი არ გამოფრინდება

აფხაზეთის ომზე რამდენი წიგნი წაგვიკითხავს? ალბათ უამრავი… დოკუმენტური კადრიც ძალიან ბევრი გვინახავს და დღემდე განვიცდით იმ ტკივილს, რომელსაც მშობლიური მიწის დაკარგვა ჰქვია, მაგრამ ჩვენ – ადამიანები, რომლებიც შორიდან ვუყურებთ ამ ყველაფერს – ვერასდროს გავიგებთ რა გამოიარეს მათ, ვისაც ჩვენ დევნილებს ვეძახით… დევნილებს აფხაზეთიდან, სირიიდან…

თეონა დოლენჯაშვილმა სწორედ ამ ადამიანების ხმა გაგვაგონა. მათი მონათხრობით ჩვენს თვალწინ გააჩხაკუნა კამერა, რომლიდანაც ჩიტი არ გამოფრინდება, გააცოცხლა ომის კადრები – განადგურებული ისტორიული მემკვიდრეობა და მისი ნაწამები მცველები; დანგრეული სახლები; დახვრეტილი დემონსტრანტები; დაბომბვისას სარდაფს შეფარებული ბავშვები, რომლებიც მშობლებს ამაოდ ეძებენ; იძულებით მებრძოლთა რიგებში აღმოჩენილი ახალგაზრდები; ომში მხეცებად ქცეული განათლებული ადამიანები, რომლებიც გამზრდელებსაც კი არ ინდობენ; ცოცხლად დამწვარი ქალწულები; ნაღმზე აფეთქებული პატარები და დიდები…

…და ამ ყველაფრის პარალელურად ცხელი წერტილების ფოტოგრაფი ნატა და მისი გრძელი, დაუსრულებელი გზა სოხუმიდან საკუთარი თავის პოვნამდე. მანამდე კი საკუთარი სახლის მიტოვება; ქართველების და აფხაზების მსხვერპლად ქცეული ადამიანები; შინაგან ომში დამარცხებული კაცები და ქალები, რომლებმაც შვილების, სხვა გაჭირვებული დევნილების გამო საკუთარ თავში არნახული ძალა გააღვიძეს; ჭუბერზე გაყინული შვილები, მოხუცები; თბილისში ჩამოსული, თუმცა ბოლომდე “იქ” დარჩენილი ადამიანები, რომელთაგან ზოგმა უბრალოდ უარი განაცხადა აქ დარჩენაზე და ზეციურ სოხუმში დაბრუნდა, ზოგმა კი გააგრძელა ცხოვრება იმისთვის, რომ სამყაროსთვის ეჩვენებინა ომის რაობა – ის, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. ქართველი, აფხაზი, მუსლიმი თუ ქრისტიანი სირიელი – ყველა ეწირება ამ სასაკლაოს. ყველას დედა ერთნაირად იმოსება ძაძებით და ამას მხოლოდ ერთი რამ შეცვლის – ასეთი წიგნები უნდა დაიწეროს, ამ თემაზე ფილმები და ფოტოები გადაიღონ, ბევრი ილაპარაკონ, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს ფურცლებზე, კადრებში, ამაო სიტყვებში. ეს არ უნდა წაიშალოს, როგორც თეთრ კედელზე თეთრი ცარცით დაწერილი ომის დღიური და მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ მის ნებისმიერ წერტილში აღმოცენებული ომი ყველას გვეხება და ერთ დღეს შეიძლება ყველას მოგვიწიოს იმის გადატანა, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს. თუ ყველა ერთად არ ვიმოქმედებთ!

P.S. პანდემიის პერიოდში შედარებით მეტი დრო გვაქვს წიგნებისთვის და შესაბამისად ბევრ კარგ და ნაკლებად კარგ ნაწარმოებს ვკითხულობთ, თუმცა ჩემთვის ამ წიგნის კითხვის პროცესი ამ ორ შეფასებას გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ვიცოდი და ჩემთვის ახალი არაფერი ყოფილა, ყრუ ტკივილი დამიტოვა, რომელიც ალბათ დიდხანს გამყვება.

იისფერი ჰიბისკუსი

საშინელი წიგნია… საშინლად ნამდვილი და მტკივნეული… მართალია კამბილი ნიგერიაში ცხოვრობს, მაგრამ მისი და მისი ოჯახის მსგავსი ყოფა აქვთ ჩვენს მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც კამბილის, ჯაჯასა და ბეატრისის მსგავსად წამებაში ატარებს დღეებს და ამის შესახებ ეჭვიც კი არავის აქვს. ვერავინ წარმოიდგენს, რომ იუჯინის მსგავსი სანიმუშო მამაკაცი – მდიდარი, ქველმოქმედი, ღრმად მორწმუნე კათოლიკე შეიძლება ცოლს ისე სასტიკად სცემდეს, რომ ამ უკანასკნელმა მხოლოდ ორჯერ შეძლო ორსულობის ბოლომდე მიყვანა. ვერც იმას იფიქრებს ვინმე, რომ შვილები მუდმივ სტრესში იზრდებიან და ისიც კი უკვირთ, რომ მათი მამიდაშვილები იცინიან, ლაპარაკობენ, ტელევიზორს უყურებენ, მუსიკას უსმენენ, თავისუფლად იმოსებიან. რეალობას ვერავინ აცნობიერებს, ან იქნებ არც უნდათ იმის აღიარება, რომ “წარმართი” ბაბუა, რომელსაც შვილიშვილების ნახვაც კი ეკრძალება, უფრო ღვთისნიერია, ვიდრე მისი ვაჟი, რომელიც ყველა კათოლიკურ რიტუალს ასრულებს, ნამდვილი ღვთისმსახური კი მამა ამადია, რომელიც ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშება და ეკლესიის გარეთ შორტებით დადის, და არა მამა ბენედიქტი, რომელიც მოძალადე კაცისგან მშვიდად იღებს ფულად დახმარებებს… ეს “თვალდახუჭული” საზოგადოება რომ არა, იქნებ არ მომხდარიყო ის, რაც ამ ოჯახში მოხდა და იქნებ უფრო მალე ეყვავილა იისფერ ჰიბისკუსს… იქნებ არც ნიგერიაში, არც საქართველოში და არც სხვაგან ეარსება ამ “ვერტიკალურ” ურთერთობებს (“ზემოდან ქვემოთ” ურთიერთობა რომ არასდროს არსად ამართლებს, ეს სხვა და უფრო ფართოდ განსახილველი თემაა), რაც ყოველთვის ტრაგედიით სრულდება… მეტი

ევრიპიდეს 4 ტრაგედია

“აკრძალული წიგნების თარო” რომ ძალიან საინტერესო სერიაა და ერთიმეორეზე უკეთეს წიგნებს აერთიანებს, ძველი ამბავია, თუმცა ევრიპიდეს 4 ტრაგედიის მოხვედრა ამ მართლაც დიდებულ ნაწარმოებებს შორის ერთი შეხედვით უცნაურია. მისი პიესები არ აუკრძალავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევრიპიდე სიცოცხლეში სათანადოდ არ ყოფილა დაფასებული და სიცოცხლე ათენიდან შორს, მაკედონიაში დაასრულა.

მეტი

საოცრებათა ქალაქი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საოცრებათა ქალაქში! რას ნიშნავს თქვენთვის ბარსელონა? ცნობილ საფეხბურთო კლუბს ან ანტონიო გაუდის არქიტექტურას? დიახ, ეს ასეა, მაგრამ ამის გარდა, ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ამ ცხოვრების ნაწილია ონოფრე ბოუვილა, რომელიც 1888 წლის მსოფლიო გამოფენის დროს ღარიბი პროვინციელი ბიჭის სტატუსით  ჩამოდის ბარსელონაში და 1929 წლის მსოფლიო გამოფენის დროდ ტოვებს მას. შუალედში კი 41 წელია – ონოფრეს და ქალაქის ცხოვრების 41 წელი… ამ წლების მანძილზე ონოფრე ეშმაკობით, სისასტიკით და ინტრიგებით უმდიდრეს ადამიანად იქცევა, კატალონიის დედაქალაქი კი ქვეყნის დედაქალაქთან მუდმივ წინააღმდეგობაში მაინც ახერხებს განვითარებას და იქცევა საოცრებათა ქალაქად… როგორ? ონოფრეს დამსახურებით, რომელიც ანარქისტების ხელის ბიჭობიდან თმების ამოსაყვანი საშუალების გაყიდვაზე გადადის, შემდეგ ქალაქის შავი სამყაროს მართვის სადავეებს იგდებს ხელთ, ათასგვარ “ბიზნესში” ებმება, ცდილობს პროგრესს არ ჩამორჩეს (მხოლოდ კინო, იარაღი ან საფრენი აპარატები რად ღირს) და უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად (ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი გამოყენებით) აშენებს ქალაქს სახელად ბარსელონა… მეტი

დიქტატორის შემოდგომა

დიქტატურაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი… დიქტატორებზეც… თუმცა, თუ მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმს” წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ყველა დიქტატორი, ყველა დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს და სწორედ ამიტომ უნდა ვიკითხოთ ასეთი წიგნები… მეტი

საუბარი კათედრალში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “კათედრალში”! არა, ეს ტაძარი არ არის, უბრალოდ დუქანია. დაბრძანდით მაგიდასთან, რომელთანაც უკვე სხედან ჟურნალისტი სანტიაგო სავალა და მისი ოჯახის ძველი მსახური ამბროსიო. ვერ გეტყვით, რომ წინ მარტივი საუბარი გელით, თუმცა თუ ამ ხანგრძლივ, ქორნოლოგიურად და სტრუქტურულად სრულიად არეულ მონათხრობს ბოლომდე მოუსმენთ, მიხვდებით, რომ მიუხედავად რთული გზისა, ერთი წამიც კი არ დაგიკარგავთ! მაღალი ფენის წარმომადგენელი სანტიაგო, რომელმაც მამას ერთგვარი ამბოხი მოუწყო, ღარიბი ამბროსიო და სხვები მიგვიძღვიან 50-იანი წლების პერუში, რომელშიც უიმედობა გამეფებულა. ხალხს, მიუხედავად კალსობრივი განსხვავებისა, აღარაფრის სწამს და ნელ-ნელა ყველა ხვდება, რომ მანუელ ოდრიას “სამეფოში” (ერთადერთი რეალური ადამიანი აქ ისაა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – ის ხომ გმირი არცაა და საერთოდაც დიქტატორს სახელი და გვარი არც სჭირდება) სასიკეთო არაფერი მოხდება. აქ მხოლოდ კორუფცია, პოლიტიკური ინტრიგები, სიბინძურე და ძალადობა სუფევს. ჭაობში იძირება ქვეყანა და ითრევს ყველას – ერთ დროს ნათელ მომავალსა და ბრძოლაზე მეოცნებე ბიჭს, ათას საქმეს შეჭიდებულ სამბოს, პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებს, სამხედროებს, მეძავებს, მოახლეებს, მათ ოჯახებს… ყველას… მთელს ქვეყანას… და ჩვენც… იმიტომ, რომ დიქტატურა ყველგან ერთნაირია… სამხრეთ ამერიკასა თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებში ერთნაირად დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს, არბევენ დემონსტრანტებს (არეკიპას დარბევა საუკეთესო ეპიზოდი მგონია), ბინძური გზებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას… ყველგან… და ყოველთვის… მეტი

ბრილკას

ბრილკა! ეს წიგნი შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის დაიწერა! ნიცა ჯაშმა (სინამდვილეში კი – ნინო ხარატიშვილმა) შენთვის დაწერა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ქრონიკა და ამით ისეთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რომ იქნებ ჯერ ვერც თვითონ აცნობიერებს ბოლომდე და ვერც სხვები… რატომ? იმიტომ, რომ შენთვის დაწერილი წიგნი ჯერ გერმანულად გამოიცა, შემდეგ მსოფლიოს სხვა ენებზე ითარგმნა და ისეთმა ადამიანებმა წაიკითხეს, სულ რომ არაფერი იცოდნენ საქართველოს ისტორიაზე ან იცოდნენ, მაგრამ ზედაპირულად… შენ იცოდი, ბრილკა? იცოდი, როგორ ქვეყანაში ცხოვრობდნენ შენი წინაპრები – შოკოლადის ფაბრიკის დამაარსებელი, მისი ქალიშვილები სტასია და ქრისტინე, სტასიას შვილები კოსტია და კიტი, კოსტიას შვილი ელენე, ელენეს შვილები დარია და ნიცა? იცოდი, რომ ქვეყანაში, რომელიც ამქვეყნიურ სამოთხედ მიიჩნევა, 1921 წელს წითელი სიკვდილი შემოვიდა და მას შემდეგ ათასი უბედურება გახდა შესაძლებელი – ისეთი უბედურებები, წარმოუდგენლად რომ გამოიყურება… აბა, თავად განსაჯე – იფიქრებდა ჯადოსნური, თუმცა კი დაწყევლილად მიჩნეული, შოკოლადის ავტორი, რომ 100 წლის მანძილზე მისი საამაყო ქალიშვილი სტასია და მისი სამშობლო ყველაფერს მოესწრებოდნენ, რისი წარმოდგენაც მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუა შესაძლებელი? ნამდვილ წყევლას ხომ წითელი ფერი ჰქონდა და არა შოკოლადისფერი… წითელ ქყეყანაში ართმევდნენ სახლებსა და ფაბრიკებს პატიოსან კომერსანტებს, განშორებისთვის წირავდნენ ახალდაქორწინებულებს, შიმშილით სიკვდილისთვის კი დიდგვაროვან ქალებს თუ ლენინგრადელებს ბლოკადისას… წითელ ქვეყანაში პატარა დიდი კაცი გველეშაპივით ყლაპავდა ლამაზ ქალებს და უნგრევდა ცხოვრებას განურჩევლად ყველას – წარამტებული ჩინოვნიკის ცოლს თუ უბრალო სოფლელ გოგოს, რომელსაც განათლების მღების მეტი არაფერი უნდოდა… წითელ ქვეყანაში ხოცავდნენ არდაბადებულ ბავშვებს, დევნიდნენ მათ, ვისაც უბრალოდ საყვარელი საქმის კეთება სურდა ან სამშობლოს გათავისუფლების სურვილით ვერმახტის მხარეს გადავიდა… წითელ ქვეყანაში მკვლელებად, ნარკომანებად, მოძალადეებად აქცევდნენ ახალგაზრდებს… წითელი ქვეყნიდან გარბოდნენ და ბედნიერი, თუმცა კი მაინც უცხო ევროპიდან უმღეროდნენ სამშობლოს, ოჯახს და საყვარელ ადამიანს სევდიან სიმღერებს… წითელ ქვეყანაში რჩებოდნენ და საკუთარ თავს არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო, რომ “სიმართლისთვის” ყველა მეთოდი გამართლებულია… წითელ ქვეყანაში სახე ან უფრო ხშირად სული სამუდამოდ უმახინჯდებოდათ ადამიანებს… და აგრძელებდნენ ცხოვრებას… ცხოვრობდნენ, აჩენდნენ წინდაწინვე უბედურებისთვის განწირულ შვილებს და მათთან ერთად მიუყვებოდნენ ისტორიას – გასაბჭოებას, დიდ ტერორს, მეორე მსოფლიო ომს, დიდი კაცისა და პატარა დიდი კაცის აღზევებასა და დაცემას, პრაღის გაზაფხულს, 9 აპრილს… ჯაშები მიდიოდნენ და მოდიოდნენ… ერისთავებიც… წლებიც… ასე გაიარა 7-მა სიცოცხლემ და ერთმა საუკუნემ… მეტი

მისაბაძი გაკვეთილები

“სამყაროს გაბედული ადამიანები ცვლიან, პატარა მოქმედებები, ინიციატივები, შთაგონება და ფანტაზია – აი, რას შეუძლია ადამიანები გააბედნიეროს.” – დიანა ანფიმიადი

ხშირად ვამბობ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს (თავად ავტორიც საუბრობს ამ წიგნში ამაზე). თითოეული მათგანი ზუსტად მაშინ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, როცა სწორედ ის გვჭირდება. შეიძლება ამას დამთხვევა უწოდოთ, მაგრამ მუდმივად? აი, ახლაც ეს მოხდა! “მოსირაულე გაკვეთილების” წაკითხვა სულ მინდოდა, რადგან ლელა კოტორაშვილის რაჭულ ისტორიებს სოციალურ ქსელში ვადევნებდი თვალს. 2018 წლის მიწურულს გამართულ წიგნის ფესტივალზე მისი შეძენის სურვილით მივედი, მაგრამ პირველი ეგზემპლარები ჯერ არ დამხვდა. მას შემდეგ არაერთხელ ვესტუმრე წიგნის მაღაზიებს, მაგრამ წიგნი თვალში არ მომხვედრია… და აი 2019 წლის მაისის ფესტივალზე ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლისთვის” მივადექი “ინტელექტის” სტენდს და ეს წიგნი დამხვდა! რა თქმა უნდა, ინტერესი განმიახლდა და ავტორის ავტოგრაფითურთ შინ წამოვიღე, მაგრამ ერთი თვე არ გადამიშლია. ჯერ იყო და სხვა ახალმა წიგნებმა შემიტყუეს საკუთარ სამყაროში, შემდეგ შვებულება და “წანწალის პერიოდი” დაიწყო… თბილისში დაბრუნებულმა კი გადავშალე და მივხვდი, რომ ეს ზუსტად აქ და ახლა უნდა მომხდარიყო! მეტი

გამოღვიძება

21-ე საუკუნეში ხშირად ვსაუბრობთ აკრძალულ წიგნებზე.  იყო დრო, როდესაც მათზე ჩურჩულითაც კი არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ე.წ. სკანდალური წიგნები მაინც იწერებოდა, იწერება დღესაც… თუმცა აკრძალულ წიგნებში ძირითადად ისეთ ქვეყნებში დაწერილ ნაწარმოებებს ვგულისხმობთ, რომლებშიც თავისუფლების დაბალი ხარისხია… მაგრამ ეს არ არის სწორი. აკრძალული წიგნები არსებობდა ისეთ თავისუფალ ქვეყნებშიც, როგორებიცაა მაგალითად ბრიტანეთი და აშშ. მეტი

ბრმა ბუს აღსარება

იცნობთ სადეყ ჰედაიათს? არ გამიკვირდება, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ აღმოსავლურ ლიტერატურას (ირანული ლიტეარტურა ბოლო წლებში “შემოიჭრა” ჩვენს ცხოვრებაში, რის გამოც ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნით ჩვენს გამომცემლებს)… მაგრამ უნდა გაიცნოთ… უნდა გაიცნოთ, რადგან სხვაგან ვერსად წაიკითხავთ ბრმა ბუს ასეთ აღსარებას… უფრო სწორად, აღსარებას, რომელსაც ბრმა ბუს აბარებენ… ან იქნებ ჩვენ? მთხრობელი ხომ საკუთარ ჩრდილზე მეტად ჩვენს გასაგონად ყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ დაკარგა ძალა ანგელოზმა და როგორ მოკვდა… კიდევ იმაზე, თუ როგორ მოკლა მან საკუთარი ხელით დაცემული ანგელოზი… ცოტა უცნაურია? ცოტა არარეალური? და ცხოვრება რაღაა? უცნაური, არარეალური ყოფა, რომელსაც ანგელოზსა და დემონს შორის გახლეჩილები ვატარებთ… მეტი

Previous Older Entries