ქართულად თბილი მწერალი

ნოდარი – ეს არის ადამიანი, რომელიც  ალბათ ყველას უყვარს (არა მხოლოდ საქართველოში). მისი იუმორითა და სამშობლოს სიყვარულით სავსე ნაწარმოებები გულგრილს ვერავის ტოვებს და დაბადებიდან  მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება მკითხველს…

ტრადიციულად, ყველაფერი საბავშვო ლექსებით იწყება. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.  მეც, როგორც ყველა რიგითი კლიმი, ღრმა ბავშვობაში დიდი მონდომებით ვეცნობოდი მანანასა და ქეთინოს, ნოდარიკო თოფურიძესა და ლევან მაჭარაშვილს, ვეძებდი ბებიის ცხვირზე “დაკარგულ” სათვალეს და გულიანად ვიცინოდი იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ყივის მამალი კარადაში 🙂 უნდა ვაღიარო დღემდე სიამოვნებით ვიღებ თაროდან იმ ძველ, უკვე გაცრეცილ კრებულს და ისევ ისე მეცინება ყველა ლექსსა და ილუსტრაციაზე…

შემდეგ იყო იუმორისტული მოთხრობების კრებული “გლადიატორი”, რომელიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ჩემს მაგიდაზე. თაროზე დასადებად არ მემეტება – სხვა თუ არაფერი, გურული სისხლი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ხნით დავივიწყო განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით გამორჩეული გიგილო და მისი ფრიად ორიგინალური ოჯახი (თუმცა რაღა ორიგინალური – ასეთი ოჯახების მეტი რა არის ირგვლივ), ცოლისა და სიდედრისგან შეწუხებული უიღბლო მწერალი ჯვებე დუმბავა, ომარ ხალიანის პოეზია, ბავშვების აღზრდისა და ზღაპრების საინტერესო ვერსიები, თერმომეტრის უცნაური “ოინი”, ან თუნდაც ფეხბურთზე გაბაასება ღმერთთან… 🙂

შემდეგ კი იყო ბევრი ძალიან სასაცილო და ამავე დროს ძალიან სევდიანი მოთხრობა თუ მოზრდილი ნაწარმოები, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს. სწორედ ნოდარმა გამაცნო ყველაზე რეალური ბებია, რომელიც გარდა იმისა, რომ თურმე ფრანგ ბებიას ჰგავს, ჩემი ბებიის ზუსტი ანალოგია (სხვათა შორის, დღემდე ოცნებობს “დოხტურ” შვილიშვილზე, მაგრამ ამაში არ გაუმართლა), მანვე დამანახა სტუდენტის სტატუსისგან ჯერ კიდევ შორს მყოფს, თუ რა არის სტუდენტობა, გულიანად მაცინა და დამაფიქრა ყოველ წინადადებაზე…

… და ნოდარი იყო პირველი მწერალი, რომელმაც მეტი

ტკბილი ნოემბრის მოგზაურობები :)

მილორად პავიჩის “ქარის შიგნითა მხარე” – ამბობენ, ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარიო. ალბათ მართლაც ასეა, რადგან ყველას და ყველაფერს აქვს მეორე მხარე, თვით ქარსაც კი: “ქარის შიგნითა მხარეა ის, რომელიც მშრალია მაშინაც კი, როცა წვიმაში ქარი უბერავს,” – იქნებ ქარი დროა და ლეგენდის გმირი ლეანდრიც დროს ებრძვის და არა ტალღებს, რათა ჰეროსთან მივიდეს? გმირის სეხნია სერბი ლეანდრი კი სიყვარულით აშენებს მტრობით დანგრეულს და ეძებს თავის ჰეროს, რომელთანაც მხოლოდ სიკვდილი აერთიანებს, სიკვდილი, რომელსაც: “შეუძლია ელოდოს შენს დაბადებას, ან დაბრუნდეს შენს წასაყვანად შორეული მომავლიდან.”

ილია ილფისა და ევგენი პეტროვის “ოქროს კერპი” – დიდი კომბინატორი ბრუნდება! : ) ოსტაპ ბენდერი ამჯერად მილიონზე ნადირობს და ხელმძღვანელობს ახალ “აღლუმს”. თუ გაინტერესებთ, როგორ წარიმართა “კომანდორის” ცხოვრება 12 სკამის ისტორიის შემდეგ, მაშინ გადაშალეთ პირველი ფურცელი და მაშინვე იგრძნობთ, რომ  “ყინული დაიძრა, ბატონო ნაფიცნო მსაჯულნო, ყინული დაიძრა!” კვლავ იწყება ძიებით, წარუმატებლობებით, მცდელობებითა და თავბრუდამხვევი ავანტიურებით სავსე თავგადასავალი…

ალბერტო მორავიას “ზიზღი” – “რაც უფრო დიდია ბედნიერება, მით უფრო ნაკლებად ამჩნევ მას,” – მართლაც ასეა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორწლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შემდეგ ქრება სიყვარული და მის ადგილს ზიზღი და ტკივილი იკავებს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად მივყვებით ალბერტო მორავიას იტალიის სანაპიროზე, მაგრამ რიკარდოსა და ემილიას ურთიერთობა ისეთივე რთული და ამოუცნობია, როგორც ოდისევსისა და პენელოპესი…

ლუიჯი პირანდელოს “განსვენებული მატია პასკალი” – ეს არის ისტორია მატია პასკალისა, რომელიც მოულედნალად “გაქრა”, იქცა განსვენებულად და ამ გზით გათავისუფლდა ცოლისგან, სიდედრისგან, ვალებისგან, უაზრო ცხოვრებისგან. ოფიციალურად გარდაცვლილმა მატიამ გაწყვიტა კავშირი წარსულთან და გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში დააფასებდა თავის თავისუფლებას, ისეირნებდა მასთან ერთად ახალ გზებზე, როგორც კი რაიმე უსიამოვნოს დაინახავდა, უბრალოდ დახუჭავდა თვალებს და ჩაუვლიდა, დატკბებოდა ყოველი წუთით და ბოლოს სამართლიანად იფიქრებდა, რომ არა მხოლოდ იცხოვრა ორი ადამიანის ცხოვრებით, არამედ იყო ორი განსხვავებული ადამიანი. თუმცა რეალობა ოცნებას არ დაემთხვა. ე.წ. თავისუფლება მარტოობად და მოწყენილობად იქცა. “აი, ეს დარჩა სტიაში დაღუპული მატია პასკალისგან – ჩრდილი რომის ქუჩებში”. მატია პასკალმა ადრიანო მეისის ნიღაბი ვერ მოირგო, ვერ გაექცა საკუთარ თავს და ძველ “სხეულს” დაუბრუნდა.

პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო: ამბავი ერთი მკვლელისა” – ეს არის წიგნი სურნელის შესახებ, ადამიანის შესახებ რომელსაც არ აქვს საკუთარი სუნი. სწორედ სუნზე “ნადირობს” ჟან-ბატისტ გრენუი, რადგან “სურნელში არის დამაჯერებლობა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე სიტყვები, გრძნობები და ნება. სურნელი ისე შემოდის ჩვენში, როგორც ჰაერი ჩვენს ფილტვებში, ის ბოლომდე გვავსებს, მისი საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. სურნელი პირდაპირ გულში აღწევს და იქ გამოაქვს კატეგორიული განაჩენი სიმპათიისა და ზიზღის, სიყვარულისა და სიძულვილის შესახებ. ვინც ფლობს სურნელს, ის ფლობს ადამიანთა გულებს.” თუ გაინტერესებთ, მართლა აქვს თუ არა სურნელს ასეთი ძალა, მაშინ ისარგებლეთ პატრიკ ზიუსკინდის მეგზურობით.

უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” – ალბათ ადამიანთა უმეტესობას უფიქრია უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრაზე, მაგრამ თუ გოლდინგს გავყვებით, მივხვდებით, რომ რეალობა ნაკლებად შეესაბამება ეგზოტიკურ ოცნებას. კუნძულზე მოხვედრილმა ბავშვებმა უფროსების გარეშე თავისუფლებით ტკბობა გადაწყვიტეს და უცებ აღმოაჩინეს, რომ: “ყველა ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც არ ელი.” ინგლისელი ზრდილობიანი ბიჭები ველურებად იქცნენ, მათში საშიშმა მხეცმა გაიღვიძა, იმძლავრა ბრბოს ფსიქოლოგიამ, მორალური პრინციპები გაქრა და დარჩა მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისა და ძალაუფლებისთვის, გახუნდა ფერადი ნიჟარა და გამეფდა ბოროტი ძალა – ბუზთა ბატონი, რომელმაც სიკეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. ერთადერთი ხსნა სამყაროს ჩარევაა, მაგრამ ეს სამყაროც ომის ქარცეცხლშია გახვეული…