ლიზბეთ სალანდერის შურისძიება

ლიზბეთ სალანდერი კიდევ ერთხელ დაბრუნდა! დიახ, ის ისევ ჩვენთანაა და ისევ მზადაა იმისთვის, რომ შური იძიოს მათზე, ვინც ბავშვობა დაუნგრია… და დაეხმაროს, მათ, ვისაც საფრთხე ემუქრება… ეს ორი რამ ხომ მისი ცხოვრების მიზანია. აბა, რა გასაკვირია, თუ ბოლო გმირობის შემდეგ (პატარა ბიჭი რომ გადაარჩინა) ციხეში აღმოჩენილი ლიზბეთი “ადათ-წესების” მსხვერპლად ქცეული ბანგლადეშელი გოგონას ხსნას ეცდება და ამისთვის ქალ-განგსტერსა და აგრესიულ ისლამისტებს დაუპირისპირდება… არც იმაშია რაიმე ახალი, რომ ის საკუთარი წარსულის გამოძიებას აგრძელებს (რომელიც თურმე არნახული ექსპერიმენტის შედეგი ყოფილა) და არც ერთ-ერთი საყვარელი ადამიანის (სახელს, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ) სიკვდილს პატიობს მკვლელებს… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია, ლიზბეთ სალანდერის მორიგ თავგადასავალს თვალს ვერ მოსწყვეტთ და ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავთ… ეს ხომ ლიზბეთია – ყველაზე მაგარი გოგო თანამედროვე ლიტერატურაში… More

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი

საზაფხულო საკითხავზე რომ მიდგება საქმე, პირველ რიგში ასტრიდ ლინდგრენი მახსენდება, განსაკუთრებით კი კუნძული სალტკროკა და ლიონებერგა. თუმცა რადგან ეს უკანასკნელნი შარშან გადავიკითხე, ამიტომ წელს დიდი პაუზის შემდეგ კალე ბლუმკვისტთან შეხვედრა გადავწყვიტე.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 23 წლის მოხუცი ვარ, თეთრი და ალისფერი ვარდების ომში ძველებური შემართებით ჩავერთე. სანამ დეტექტივი კალე ბლუმკვისტი პირველ საქმეს შეუდგებოდა, თავი ხომ უნდა შემექცია… თუმცა კრიმინალმაც არ დააყოვნა და ჰოი საოცრებავ – შვედეთის პატარა ქალაქში, რომელშიც დანაშაული წლების მანძილზე არ მომხდარა, ძვირფასეულობის ქურდები გამოჩდნენ. კალემაც ისეთი ოსტატობით ამოხსნა ეს თავსატეხი, ვითომ თვით პუარო ყოფილიყო და არა ევა-ლოტასა და ანდერსის თანატოლი… More

მილენიუმის ტრილოგია

სტიგ ლარსონის ამ ტრილოგიაზე ახალი რაღა უნდა გითხრათ. მისი პირველი ნაწილი სრულიად ბლოგოსფეროს და თავად ფინჩერის ინტერესის სფეროში მოექცა. მეორე ნაწილი სულ ახლახანს გამოჩნდა ქართული წიგნის მაღაზიების თაროებზე და როგორც ამბობენ, მალე მათ მესამეც შეუერთდება. პირადად მე დიდხანს ვერ მოვიცალე ლარსონის გასაცნობად, მაგრამ რომ გავიცანი, ვეღარ მოვწყდი და ტრილოგია ბოლომდე ჩავიკითხე.

სანამ უშუალოდ მწერლის და ნაწარმოებების დადებით მხარეებსა თუ მინუსებზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ლარსონმა თავიდანვე დაიმსახურა ჩემი პატივისცემა თავისი ზუსტი მარკეტინგული გათვლით. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ შვედეთში ასტრიდ ლინდგრენი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა და პირადად მე ამ ევროპული ქვეყნის არსებობის შესახებ სწორედ ამ გენიოსი (ამ შემთხვევაში არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას) მწერლის დახმარებით შევიტყვე. მსოფლიოში უამრავი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით და შესაბამისად უამრავი ადამიანი დაინტერესდა სტიგ ლარსონის იმ გმირებით, რომლებიც პეპისა და კალეს გაზრდილ “ვერსიებად” მოიაზრებიან. More

მკითხველის სიყვარული გალამაზებული ბავშვობისთვის

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი, ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის კი უბრალოდ ასტრიდი – ადამიანი, რომელმაც გამიღო კარი ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში… 

მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად უამრავი ახალი მწერალი, ნაწარმოები თუ გმირი გავიცანი და პრიორიტეტებიც პერიოდულად იცვლება, ასტრიდი ჩემთვის მაინც უდავო ფავორიტად რჩება. სხვანაირად არც შეიძლება – სწორედ მის სახელს უკავშირდება წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვის პირველი სიამოვნება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო – 90-იანების შუა ხანებში “ახალკითხვანასწავლი” რიგითი კლიმის (ანუ ჩემმა) დედამ “მზაკვრულად” შეწყვიტა “სახურავის ბინადარი კარლსონის” კითხვა რამდენიმე აბზაცის შემდეგ (მაშინ ჯერ პენაკს არ იცნობდა, მაგრამ მაინც მონდომებით ასრულებდა მის რჩევებს). რა თქმა უნდა, ასეთ “სისასტიკეს” ვერც ერთი თავმოყვარე კლიმი ვერ შეეგუებოდა, მით უფრო, რომ წიგნის პირველივე გვერდიდან საოცრად სიმპათიური, ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცი შემომცქეროდა 🙂 … და დაიწყო ცივი ღამეების თენება (მაგრამ როგორც დიდი პეპილოტა იტყოდა, როცა გული ცხელია და ძლიერად ფეთქავს, გაყინვა შეუძლებელია 🙂 ), რომელიც დღემდე გრძელდება (ოღონდ ახლა ღამეები ისეთი ცივი აღარ არის და ლამპის შუქიც ელექტროენერგიამ შეცვალა) ამჯერად სხვა გმირებთან ერთად.

პირველი ლიტერატურული მოგზაურობა დაუვიწყარი აღმოჩნდა. როგორც ყველა, მეც დიდხანს ველოდი, რომ ერთ დღესაც თბილისის ერთ

ჩვეულებრივ ქუჩაზეც გამოჩნდებოდა პროპელერიანი კაცუნა და პირდაპირ ჩემს ფანჯარას მოადგებოდა, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა სადილად გუფთა გვქონდა და დესერტად მაჭკატები (ანუ ჩვენებურად ბლინები), ბიძია იულიუსის გავლენით საეჭვოდ “მეჭირა თვალი” ბებიაჩემის კბილებზე და ინგლისურის მასწავლებელს სრულიად დაუმსახურებლად ვუწოდებდი შინამტანჯველს, დავფრინავდი ზეწრით ვაზასტანელი მოჩვენებასავით (ერთადერთი “გულსაკლავი ოხვრა” ვერ “დავამუღამე) და ავადმყოფობის შემთხვევაში ჯიუტად ვითხოვდი კარლსონის რეცეპტით დამზადებულ წამალს 🙂

შემდეგ იყო მხიარულ წითელთმიან პეპისთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები ვილა ყიყლიყოში და ახალი ოცნებები – რა კარგი იქნებოდა მარტო ცხოვრება უფროსების გარეშე, თან ცხენთან და მაიმუნთან ერთად, საკუთარი თავის დასჯა დაძინებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კაკაო და ფუნთუშები მეგობრებთან ერთად ხეზე, მხიარული “შოპინგი” და პირველი  დღე სკოლაში, ბანდიტების დაჭერა და რაც მთავარია, არდადეგები კუნძულზე 🙂

ასეთ ოცნებებში ჩაიარა 16-მა წელმა. მას შემდეგ გავიცანი ასტრიდის სხვა გმირები და კიდევ ბევრი მწერალი, მაგრამ პირველი ორი სიამოვნება აღარასდროს განმეორებულა.  პეპის და კარლსონს კიდევ უამრავჯერ შევხვდი და მათთან ყოველი შეხება უკან ბავშვობაში მაბრუნებს. ასტრიდი იმ მცირედთა შორისაა, რომელიც დღემდე ისე მაცინებს, როგორც პირველად წაკითხვისას. სამწუხაროდ, მასთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა აღარ მომეცემა, თორემ აუცილებლად გადავუხდიდი მადლობას და ვეტყოდი: მართალია ამბობენ, რომ მთავარი ლიტერატურული პრემია ნობელია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი ჯილდო სულ სხვაა და ის თქვენ გაქვთ – ეს არის მკითხველის სიყვარული გალამაზებული ბავშვობისთვის!