კეჟერაძეები ანუ “სამშობლო, ადამიანები, ლიტერატურა”

“არის და არა არის რა, არიან სამნი ძმანი კეჟერაძეები”: შალვა, გრიშა და ვასიკო.  ერთი ერთგან იწევდა, მეორე – მეორეგან, მესამე – კიდევ სხვა მხარეს, მაგრამ ერთმანეთს მაინც ჰგავდნენ.

შალვა კეჟერაძე სოფელ-სოფელ წოწიალის გზით წავიდა ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება. უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია… გულში სათუთად უნდა ატარო… ეს ჩვენი საქართველოა. აქ გაადამიანურებაც შეიძლება, აქ ისე თენდება, ცხონდება კაცი… ასეთ საოცარ სამშობლოს ათვისება უნდა. ამიტომაც ატარებდა შალვა ცხოვრებას ხეტიალში. საქართველოს სითბოთი ცხოვრობდა, სუნთქავდა. ესმოდა, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და ხინკალი არაა, სამშობლო ადამიანიცაა. შალვასაც ჩხვლეტდა სიყვარულის კაქტუსი, საქართველოს და ქართველების სიყვარულისა.

გრიშა კეჟერაძე ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარების გზით წავიდა. იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი. ამიტომაც ატარებდა ცხოვრებას “ადამიანების გაუმჯობესებაში”.

ვასიკო კეჟერაძე ლიტერატურის სიყვარულის გზით წავიდა. კარგად იცოდა, რომ “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება”. ამიტომაც პროფესიით ფოტოგრაფმა ატელიედან გასვლის გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო, გადახდა უამრავი თავგადასავალი, შეიყვარა უამრავი ქალი, მიაღწია პიროვნულ თავისუფლებას. ვასიკოსაც ჩხვლეტდა სიყვარულის კაქტუსი, ლიტერატურის სიყვარულისა.

“არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.” განა არის რამე ცუდი იმაში, თუ ვიცხოვრებთ იმაზე ფიქრით, რომ “უსამშობლოდ კაცი არა ხარ”, “ადამიანი ადამიანისთვის დღეა”, “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..”?!

ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე ძმა და მათი მსგავსი ადამიანები საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე…

Advertisements