ჰერტა მიულერის სამყარო

რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში… მეტი

11 წელი ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრებიდან

Solzhenitsyn_Gulag_Photoცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.

“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან,  სისტემის მონები კი – მონებად. მეტი

რემარკი და დოვლატოვი – გაქცევა ბოროტების იმპერიიდან

AVT2_Erich-Maria-Remarque_6774რა კავშირია რემარკსა და დოვლატოვს შორის? თითქოს ბევრი არაფერი… ორივე ემიგრანტი გახლდათ, მაგრამ ერთი ფაშიზმთან მებრძოლი გერმანელი იყო , მეორე კი – ანტისაბჭოთა რუსი… თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს, და განადგურებული ადამიანებიც ტყუპებივით გამოიყურებიან”… მეტი სიცხადისთვის მათ რამდენიმე ნაწარმოებს გადავხედოთ, რომლებსაც აპრილის ნაწილი დავუთმე:

ერიხ მარია რემარკის “აჩრდილები სამოთხეში” – ემიგრაციიდან დაბრუნება რთულია, მაგრამ უფრო რთულია ემიგრაციაში ყოფნა – ეს ნამდვილი via dolorosa-ა – ტანჯვის გზა. ეს გზა გაიარეს როსმა, კანმა, რავიკმა და სხვა გერმანელებმა. მათ თავი დაიხსნეს ფაშისტური რეჟიმისგან, მაგრამ აღთქმული მიწა ამერიკა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. აქ მათ დახვდათ პასპორტები, სამუშაო, მაგრამ არა მომავალი – მხოლოდ წარსული, რომელიც მუდამ უკან სდევდათ – სიზმრებით, მოგონებებით, მუდმივი მარტოობით… ისინიც ღამის პეპლებივით “დაფრინავდნენ” “ტკბილი” ამერიკის თავზე და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ, როგორც აჩრდილები… აჩრდილები სამოთხეში… მეტი

შეუცნობელი ნოსტალგია

ემიგრაციის თემა ჩვენთვის უცხო არ არის… მეც მიფიქრია ამაზე – განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს დღეებში… და დღესაც… დღემდე მუდმივი საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ “რაც არ უნდა საშინელი იყოს ფაშისტური დიქტატურა, ის დიქტატორთან ერთად ემხობა, ამასთან , ხალხს შეუძლია იმედის შენარჩუნება, კომუნიზმი კი, პირიქით, უზარმაზარ რუსულ ცივილიზაციას ემყარება, რომელსაც ბოლო არ უჩანს. დიქტატორები კვდებიან, რუსეთი კი უკვდავია.” სწორედ იმედის არქონაა იმ ქვეყნების ძირითადი უბედურება, რომლებსაც ხალხი ტოვებს, მათ შორის საქართველოსა და 1968 წელს ოკუპირებული ჩეხეთისაც. მეტი

საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი II)

მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” – ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ახლაც ძალიან მომეწონა (იმდენად, რომ ჩემი ფავორიტთა შორისაც კი მოხვდა). იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა, დრო, როდესაც ატიკუს ფინჩის მსგავსი დიდებული ადამიანები მხოლოდ ერთეულები იყვნენ… მეტი