სტალინური კულტура

“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. მეტი

ჩემი ლიტერატურული აგვისტო :)

აგვისტოც დადგა და ლიტერატურულ ლაბირინთებში მოგზაურობაც გაგრძელდა : )

კონსტანტინე გამსახურდიას “დავით აღმაშენებელი” – როგორც იქნა კონსტანტინეს ტეტრალოგიასაც “შევეჭიდე”.ნაწარმოებს აშკარად ეტყობოდა, რომ მწერალი წლების მანძილზე მუშაობდა მასზე. თავიდან ყველა მოვლენა დაწვრილებითაა აღწერილი, ბოლოს კი დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება ზედმეტად ზედაპირული მეჩვენა. მიუხედავად ამ “ნაკლისა”, საერთო ჯამში მომეწონა. დავით აღმაშენებელი უდავოდ უძლიერესი მეფე იყო და საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ გააერთიანა ქვეყანა, როგორ დაამარცხა შინაური და გარეშე მტრები თავის თანამოაზრეებთან -შამან ერისთავის ასულ გვანცასთან, ნიანია ბაკურიანთან, მარიამ დედოფალთან, მახარასთან, ჯონდი ერისთავსა და კიდევ მრავალ ქართველთან – ერთად.ისინი ბრძოლებში გაჭაღარავდნენ, მონასტრის კედლებში აღმოჩნდნენ, სიცოცხლე დათმეს.  სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლას დავითმა შესწირა საქართველოს ისტორიაში უდიდესი მოღალატის, ლიპარიტ ბაღვაშის ქალიშვილის სიყვარული. მეფე თავადვე ეუბნება დედისიმედს: “მაპატიე დაო, ჩემი და შენი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად”.  დავითმა სამშობლოს დიდება აღუდგინა, მაგრამ მაინც მარტო დარჩა ბოლო მტრის – სიკვდილის – წინაშე.

ვიქტორ ჰიუგოს “საბრალონი” – როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს წიგნი თავიდან ბოლომდე დეტალებში გვიჩვენებს მოძრაობას ბოროტებიდან სიკეთისკენ, უსამართლობიდან სამართლიანობისკენ, სიცრუიდან ჭეშმარიტებისკენ, წყვდიადიდან სინათლისკენ, გაუმაძღრობიდან სინდისიერებისკენ, ცხოველური მდგომარეობიდან მოვალეობის გრძნობისკენ, ჯოჯოხეთიდან ზეცისკენ, არარაობიდან ღმერთისკენ.”   საზოგადოებამ გარიყა ყოფილი კატორღელი ჟან ვალჟანი, ღარიბი ფანტინა, ობოლი კოზეტა და მეამბოხე მარიუსი, რესპუბლიკელი ახალგაზრდები და პატარა უსახლკარო გავროში, მოხუცი მაბეფი და ბანდიტების შვილი ეპონინა. მაგრამ ასეთ საზოგადოებაშიც არსებობენ ეპისკოპოსის მსგავსი წმინდა ადამიანები და სწორედ მათი დახმარებით იღვიძებს სინდისი და სიკეთე თვით კატორღელშიც კი.

ვიქტორ ჰიუგოს “93 წელი” – ჰიუგო გვაცნობს საფრანგეთის რევოლუციის ნამდვილ სახეს: “რევოლუცია არის ის, რაც გვავიწროვებს ყოველი მხრიდან და რომელსაც ჩვენ აუცილებლობას ვეძახით. და ამ კეთილშობილებისა და ტანჯვის ამოუცნობი ერთიანობის წინაშე ისტორია დაჟინებით სვამს კითხვას: რატომ? ” მართლაც, რატომ ხოცავს ორივე მხარე ხალხს, რატომ წვავენ სოფლებსა და ქალაქებს, რატომ პასუხობენ ძალადობით ძალადობას? ისტორია პასუხს ვერ გვაძლევს, ისევე როგორც ვერ გვპასუხობენ რობესპიერი, მარატი და დანტონი – რევოლუციის ლიდერები. ისინი წარსულს ბარდებიან მონარქებთან ერთად, მარადიული კი მხოლოდ სიკეთე და სამშობლოა, რომლისთვისაც რესპუბლიკელი გოვენი იბრძვის.