სარწეველა ფისოსათვის

დიდი ხნის წინათ, ორი ცოლის გაშვებამდე, 250 000 ღერი სიგარეტის მოწევამდე, 3000 კვარტი სასმლის მიღებამდე – მოკლედ, ძალიან ადრე, ღმერთმა თიხისგან შექმნა ადამიანი და მას სამყაროს აზრის პოვნა დაავალა. ადამიანმა კი მხოლოდ ერთი სიტყვა იპოვა – არა! სხვა რა შეიძლებოდა ეფიქრა, როდესაც წარსულ საუკუნეებს გადახედავდა? შეიძლებოდა, რომ ნათელი მომავლის იმედი ჰქონოდა? რა თქმა უნდა, არა.

სწორედ, ამიტომ ერთმა მწერალმა სამყაროს დასასრულზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. უფრო სწორად კი – ერთგავრი პირდაპირი რეპორტაჟის ატომური ომიდან. ოღონდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა – სულაც არ არის აუცილებელი, რომ სამყარო ასე განადგურდეს. ხომ შეიძლება ატომური ბომბის “მამას” გამანადგურებელი ყინული შეექმნა და შემდეგ თავისი ანგარებიანი შვილებისთვის მემკვიდრეობით დაეტოვებინა… და სამყარო გაყინულიყო… More

ვონეგუტის სამყარო

კურტ ვონეგუტს პირველად დიდი ხნის წინ “შევხვდი” და მისი “ჟამთაძვრა” დღემდე არ მავიწყდება. მიუხედავად ასეთი “წარმატებული ურთიერთობისა”, მასთან ნაცნობობა ვეღარ გავაღრმავე და მხოლოდ ახლა “ამოვიღე” ქინდლის უკიდეგანო ბიბლიოთეკიდან მისი სამი წიგნი… More

ლიტერატურული სამყაროს საუკეთესო გიდი

news_1580საქართველოში დათო ტურაშვილს ალბათ ყველა იცნობს. უფროს თაობას ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან ახსოვს, დღეს კი, გარდა იმისა, რომ ბიბლიოფილების უმეტესობის საყვარელი მწერალია, ლიტერატურული სამყაროს საუკეთესო გიდიცაა – ორშაბათობით ტელეეკრანიდან გვეპატიჟება სამოგზაუროდ და ჩვეული გულწრფელობით გვხიბლავს. მისი დახმარებით უკვე რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები აღმოვაჩინე, ან გავიხსენე და ბოლო-ბოლო მისი, როგორც მწერლის, ახლოს გაცნობაც გადავწყვიტე.

ჩემი და დათოს პირველი ნაცნობობა რამდენიმე წლის წინ “ჯინსების თაობით” შედგა. ამ ისტორიის ტყუილ-მართალზე ვერაფერს ვიტყვი (ზედმეტად ბევრი დრო გავიდა სიმართლის დასადგენად), ამიტომ თავიდანვე ისე შევხედე, როგორც მწერლის ფანტაზიის ნაყოფს და საშუალო შეფასებით დავხურე. More

კურტ ვონეგუტი – “დროის რღვევა”

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია დროის უკან დაბრუნებაზე. მაგრამ ეს ოცნება რომ აგვიხდეს, შევძლებთ კი რამის შეცვლას? დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ვერა, რადგან “ადამიანები არ იცვლებიან, არ აკეთებენ დასკვნებს შეცდომებისგან და არ ითხოვენ პატიებას.” როდესაც დროის რღვევა ისევ გაიძულებთ უკვე ჩადენილის განმეორებას, არ დაგავიწყდეთ, რომ “სპექტაკლი უნდა გაგრძელდეს!”

დრო რამდენჯერაც უნდა დაბრუნდეს უკან, მაინც დაიბადება ჰიტლერი, მაინც ჩაიდენენ დანაშაულს სისხლისმსმელი კომუნისტები, მაინც ექნება სამყაროს თვითმკვლელობის მცდელობები, მაინც შეიქმნება შოუ სახელად 1945. წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ აწმყოში ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელთა შეცვლაც აღარ მოგვინდება. სამწუხაროდ, ამასაც არ ვაკეთებთ. “ჩვენში ჯერ კიდევ ცხოვრობენ უღირსი კაპიტალის მფლობელები, მულტიმილიონერები და მულტიმილიარდერები, რომლებიც დიდი ინტერესით ატანენ ფულს ქარს იმის მაგივრად, რომ დახარჯონ ის სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ადამიანთა სწავლისთვის, რათა მათ შეძლონ ამ ადგილებზე მუშაობა, ახალგაზრდობის აღსაზრდელად და მოხუცებზე ზრუნვისთვის, იმისთვის, რომ ყველამ მოხერხებულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.” თითქოს დრო წინ მიდის და პრობლემების გადაჭრაც უფრო ადვილი უნდა გახდეს, მაგრამ ამისთვის არასწორ მეთოდებს მივმართავთ. ახალგაზრდობა აღარ ცდილობს წარმოსახვის განვითარებას, რადგან ერთ ღილაკზე დაჭერით ნებისმიერი რამის ნახვა შეუძლია. მათთვის წიგნი ან ნახატი გასაოცარი ნივთებია და ვერც კი ხვდებიან, როგორ “კაიფობდნენ” “მოხუცები” ამ მკვდარი საგნებით. მეცნიერება წინ მიდის, მაგრამ არავინ ფიქრობს ეკოლოგიაზე. ჰიროსიმა, ნაგასაკი და ჩერნობილი ყველას დაავიწყდა. ნობელის პრემიას კი ატომური ბომბის შემქმნელს აძლევენ, თანაც მშვიდობის დარგში.

ასეთი აბსურდებითაა სავსე სამყარო, დროის შეჩერებას კი აზრი არ აქვს. კატაკლიზმების გარეშეც შეიძლება სამყაროს შეცვლა, მაგრამ ამისთვის უნდა “მოვიგონოთ” ცნობიერებაზე უკეთესი სიტყვა – სული. და წარმოვიდგინოთ, რომ “ავად ვიყავით, მაგრამ ახლა ისევ კარგად ვართ, და კიდევ იმდენი რამაა გასაკეთებელი.”