“ისტორიული” მარტი

554100_390615847637338_1559629834_n

პერ ლაგერკვისტის “ჯუჯა” – დაახლოებით ერთი წლის წინ “ბარაბა” რომ წავიკითხე, მას შემდეგ სულ მინდოდა ლაგერკვისტის უფრო ახლოს გაცნობა, მაგრამ წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება:)… და მინდა გითხრათ, რომ ლოდინად ღირდა (თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “ბარაბა”, როგორც პირველი, მაინც სხვა იყო). ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ის ჯუჯაა. მაღალი ადამიანების გვერდით ცხოვრება ადვილი არ უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკურ სიდაბლეზე უარესი ალბათ სულიერია. ჯუჯა მაღლებშიც ცხოვრობს, მათ სულებში იმალება და პერიოდულად თავის მაიმუნისებრ სახეს ავლენს… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – გაიცანით ლაგერკვისტი და ჯუჯა, არ ინანებთ;) მეტი

საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი I)

ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” – ეს არის ისტორია კლოუნი შნირისა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა – ხელოვნება, საყვარელი ქალი. რწმენა არც არასდროს ჰქონია, მშობლები კი იმ მდიდართა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც შვილებსაც კი გასწირავენ, ოღონდ “ებრაელი იანკები” დამარცხდნენ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ხელმოცარული კლოუნი ვერ აკეთებს არჩევანს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის, ვერ ეგუება პოლიტიკისა და ფულის ბატონობას, მარის წასვლა კი საბოლოოდ უღებს ბოლოს – ის ცარიელი თვალებით უყურებს გრიმით გათეთრებულ  სახეს სარკეში და გაუცხოებას გრძნობს როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ასეთია სხვებისგან განსხვავებული ხელოვანის მარტოსული ცხოვრება საუკუნეში, რომელსაც თუ აუცილებლად სახელი უნდა დაერქვას, პროსტიტუცია ჰქვია და სადაც “ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი.”…კლოუნის თვალით დანახული გერმანიის გაცნობა ნამდვილად საინტერესო იყო, ისევე როგორც ომისშემდგომი ცხოვრების – “უკაცო სახლში”, თუმცა მელანქოლიით შეპყრობილმა შნირმა უფრო “ჩემი ნაღვლიანი სახე” გამახსენა…

ლევ ტოლსტოის “კრეიცერის სონატა” – ლევ ტოლსტოის დიდი ხნის წინ შევხვდი და პატარ-პატარა შესვენებებით საფუძვლიანად გავიცანი. დღეიდან ამ მწერლის წაკითხულ ნაწარმოებებს “კრეიცერის სონატაც” შეემატა. ეს მოთხრობა ხალხმა არაერთგვაროვნად მიიღო, ამიტომ თავად ავტორმა განგვიმარტა, თუ რა იგულისხმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრის მიერ ცოლის მოკვლის ამბავში. პირველ რიგში, ის ეწინააღმდეგება მრუშობას. სწორედ ამას უკავშირებს ის ღალატს და ბავშვების დაბადების თავიდან აცილების სურვილს. რაც შეეხება უკვე დაბადებულ ბავშვებს, ტოლსტოის აზრით, მათ ადამიანებად კი არა, ცხოველებად ზრდიან, რადგან მხოლოდ მათ ფიზიკურ მხარეზე ზრუნავენ. საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივდივართ – მწერალი უარყოფს ქორწინების საიდუმლოს და ამბობს, რომ ასეთი რამ ქრისტიანულ რელიგიაში საერთოდ არ არსებობს… მოკლედ, ორ რამეში დავრწმუნდი – ლევ ტოლსტოის სათქმელის გადმოსაცემად სულაც არ სჭირდებოდა უზარმაზარი ნაწარმოებების წერა და მისი ეკლესიიდან განკვეთა გასაკვირი სულაც არ არის… მეტი