სესილიას ქმრის საიდუმლო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიდნეიში, კერძოდ კი მის მშვიდ უბანში! აი, ეს სესილია ფიცპატრიკია – ძალიან აქტიური ქალი, რომელსაც შესანიშნავი ქმარი და უსაყვარლესი გოგონები ჰყავს. ეს ხანშიშესული ქალბატონი რეიჩელია, რომელმაც წლების წინ ქალიშვილი დაკარგა, მაგრამ ახლა ვაჟისა და შვილიშვილის გამო აგრძელებს ცხოვრებას. აი, ეს კი ტესია – წარმატებული ქალი, რომელიც მშვენივრად უძღვება სარეკლამო ბიზნესსა და ოჯახს… მაგრამ ერთი წუთით მოიცადეთ! რა უნდა ტესს სიდნეიში? ის ხომ აქ აღარ ცხოვრობს… არაფერი საგანგაშო! ალბათ ფეხმოტეხილი დედის მოსავლელად ჩამოვიდა… თუმცა აქ ნამდვილად რაღაც ხდება – სესილია, რომელიც ყოველთვის ულევი ენერგიით გამოირჩევა, აშკარად ცუდად გრძნობს თავს, რეიჩელი ისევ გამუდმებით გარდაცვლილ ქალიშვილზე ფიქრობს (რა თქმა უნდა, დედებს შვილები არასდროს ავიწყდებათ, თუმცა რეიჩელს ერთგვარი აკვიატებაც კი აქვს), ტესი კი შვილისთვის ახალ სკოლას არჩევს… რა ხდება? რა და ის, რაც ხდება ყველგან და ყოველთვის – ერთი შეხედვით ბედნიერი საზოგადოება უამრავ საიდუმლოს მალავს და დიდი პატარა ტყუილებით კვებავს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც. სესილია მხოლოდ ქმრის წერილის აღმოჩენის შემდეგ უტყდება საკუთარ თავს, რომ ჯონ-პოლი ხშირად იქცეოდა უცნაურად (შეუძლებელია ადამიანი ასეთ საიდუმლოს მალავდეს და ცოლმა ვერაფერი შენიშნოს), რეიჩელი ოჯახის სხვა კონტინენტზე გადასვლის შემდეგ იწყებს ფიქრს შვილის მკვლელზე, ტესი კი ქმრის ღალატის შემდეგ აანალიზებს საკუთარ ხასიათსა და ურთიერთობებს… სამივე ერთად კი დგება ერთი დილემის წინაშე – რამდენად ღირს პატიება? მგონი, პატიებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა დავიწყებაც შეგიძლია… მე ასე მგონია, მაგრამ მათ? More

Advertisements

დიდი პატარა ტყუილები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირივის ნახევარკუნძულზე! ეს ხომ ნამდვილი სამოთხეა! აბა, თავად განსაჯეთ – განა შეიძლება, რომ ქალი უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე სელესტია? მას ხომ სიმპათიური, მდიდარი, მოსიყვარულე ქმარი და ორი შესანიშნავი ვაჟი ჰყავს… საწუწუნოდ არც მადლენს აქვს საქმე. მერე რა, რომ წლების წინ ქმარმა მიატოვა. მას შემდეგ ის ისევ შეხვდა საყვარელ მამაკაცს და ახლა მასთან და სამ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს… მშვიდი ცხოვრება აქვს ჯეინსაც. დიახ, ის მარტოხელა დედაა, მაგრამ ჰყავს ზიგი და ძალიან კარგი ოჯახი და მეგობრები მადლენისა და სელესტის სახით… ამ ადგილას ყველა ბედნიერია – სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები… ყველა… მაგრამ არის კი ეს რეალობა? More