შეშლილი ადამის სამყარო

მეტი

ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. მეტი

ბრმა მკვლელი

ზაფხულის ცხელ დღეებში კითხვა მიჭირს. თუ ადრე ამ სეზონზე სქელტანიან წიგნებს დროის ნაკლებობა მაშორებდა, წელს ამას განსაკუთრებული სიცხეც დაემატა და ზაფხულის უმეტესი ნაწილი საყვარელი ავტორების გადაკითხვასა და ბავშვობაში გამოტოვებული წიგნების გაცნობას მივუძღვენი… მაგრამ ლიტერატურული “მოგზაურობებისას” გზად შემხვდა ქალი, რომელსაც ვერაფრით მოვწყდი. უფრო სწორად კი – სამი ქალი – მარგარეტ ეტვუდი და მისი გმირები  – აირის და ლორა ჩეიზები… მეტი

სამი ამბავი დისკრიმინაციაზე

ცოტა ხნის წინ ქალურ ისტორიებზე ვისაუბრეთ. ამჯერად კი სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომელთა თემაც ასევე ქალებია, თუმცა სხვა კუთხით – ეს ქალები რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

პირველი წიგნი ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე” გახლავთ. ამ ნაწარმოებს დიდი ხნის მანძილზე სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ფილმი გამოსვლისთანავე ვნახე და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტიც გახდა. ვშიშობდი, რომ მის პირველწყაროში ახალს ვერაფერს აღმოვაჩენდი. მით უფრო, რომ თემაც ერთგვარად გაცვეთილია და რთულია მკითხველის გაოცება. თუმცა ქეთრინმა ეს შეძლო. ახალგაზრდა ჟურნალისტმა სქითერმა ჯერ ვერც კარიერა აიწყო და ვერც პირადი ცხოვრება. შავკანიანი მოსამსახურეები ეიბილინი და მინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ. თითქოს მათ არაფერი აერთიანებთ და დაუწერელი კანონების თანახმად არც უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სქითერი სხვებს არ ჰგავს. სქითერი  მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი გოგო. მას მოსამსახურეებთან მთავარი რამ აკავშირებს – უსამართლობის განცდა. მიუხედავად საფრთხისა, ისინი წიგნის დაწერას გადაწყვეტენ, რადგან არ ესმით, რატომ არ შეიძლება განსხვავებული კანის ფერის ადამიანებმა ერთი სველი წერტილით ისარგებლონ, ერთ სკოლაში იარონ, ერთნაირი ცხოვრება ჰქონდეთ. რატომ უნდა ეშინოდეთ მოსამსახურეებს, რომ თეთრკანიანი ქალბატონები ქურდობას დასწამებენ, სამუდამოდ ულუკმაპუროდ დატოვებენ, ფიზიკურადაც კი გაანადგურებენ. რატომ უნდა ითმინონ მუდმივი შეურაცხყოფა… 544 გვერდის მანძილზე მე სქითერის გვერდით ვიყავი, ვიცინოდი, ვტიროდი და 60-იანი წლების მისისიპიში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი! თქვენ კი თუ არ გვეთანხმებით და შავკანიანებს (ან თუნდაც სხვა უმცირესობებს) თქვენზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევთ, მაშინ მინის საფირმო შოკოლადის ტორტს მოგართმევთ! გემრიელად მიირთვით 😉 მეტი