ისევ ლილე…

ალბათ გახსოვთ, რომ დახლოებით ერთი თვის წინ ლილე იროელზე ვისაუბრეთ . ასე საინტერესოდ დიდი ხანია არ “მიმოგზაურია”. ჰოდა ამ ერთ ამბავზე ხომ არ შევჩერდებოდი… მერე როგორ დამაინტრიგებლად დასრულდა… 🙂

…ბოლოს ლილე საიდუმლო კართან დავტოვეთ. თუ გაინტერესებთ რა აღმოჩნდა მის მიღმა, მაშინ “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” უნდა გადაშალოთ. ამ საიდუმლოს გარდა კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ – ბიგოში შერისხულებს და მათ დედოფალ იორუბას გაიცნობთ, ომდურმანში – პატარა გალი-გალასა და სველთვალებიანი ნიღბის ოსტატებს, სალიტულაში მსაჯულთა წიგნს ნახავთ და გრძნეულებსაც შეებრძოლებით… და რაც მთავარია, ლილესთან ერთად გახდებით ისტორიული წამის მოწმენი – სიყვარულისა  და სიძულვილის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ფრთოსანი ლომი ბრუნდება… More

ამბავი ლილე იროელისა

“როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.
ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!” – ასე წარმოგვიდგენს ქარჩხაძის გამომცემლობა “იროელთა ქრონიკების” პირველ წიგნს. რატომღაც მათ ეს წიგნი უკვე გამოსულ გაგრძელებებთან ერთად საბავშვო წიგნების კატეგორიაში განათავსეს, არადა ფენტეზის მოყვარული დიდებიც სიამოვნებით ვეცნობით. ქართული მითოლოგია პატარებზე ნაკლებად არც ჩვენ გვაინტერესებს, მით უფრო, რომ ამ სფეროს ცოტა თუ იცნობს (პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას მშობლიურზე უკეთ ვიცნობ).

ბავშების მსგავსად ჩვენც დიდი სიამოვნებით მივუყვებით უძველესი საქართველოს გზებს (სხვათაშორის, გზამკვლევი წიგნის ყდაზეა მოცემული). მერე რა მასპინძლები გვყავს – როშკაშში დევთ დედას “შვილი” კეთილი დევები გვხვდებიან და ბურდას ოჯახში გვეპატიჟებიან, მიწის ქვეშ, კაცმაცუნების სამყოფელში მხიარული კედელთმწერი აბო თავისი მოხუცი მშობლების სახლისკენ გვეწევა, დალების სამეფოში მებრძოლი ქალები და მათი კეთილი დედოფალი თეკლა საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად გვიწვევენ, ფასისში მმართველი ბაკურის ასულებს – თუთასა და კაისას ვეცნობით, ცეცხლოვან მიწაზე მჭედელ პირქუშთან ერთად ხალიბური ფოლადის იარაღს ვაწრთობთ, ტაბაკონის მთაზე როკაპის შავბნელ საქმეებში ვიღებთ მონაწილეობას, სანე-ღელეში ღვთისშვილების საიდუმლოს ვიგებთ, სამშვილდეში ქაჯებს ვებრძვით ბერი ბაადურის, კოპალასა და იახსარის მხარდამხარ… ბოლოს ბნელთმეუფის საუფლოშიც კი ამოვყოფთ თავს – აბა, ლილეს და რუფიას მარტო ხომ არ გავუშვებთ სამსალას დასამარცხებლად… More