ასტრიდის სევდიანი ღიმილი

ასტრიდ ლინდგრენი ჩემი (და უამრავი მკითხველის) ბავშვობის სიყვარული რომაა, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ისიც გეცოდინებათ, რომ საბავშვო წიგნების გადაკითხვა ან პირველად წაკითხვა სულაც არ არის უსიამოვნო პროცესი – პირიქით, ფრიად სახალისო გახლავთ. ამჯერად სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომლებიც ამ გადასახედიდან არც თუ ისე სასაცილოდ მომეჩვენა, როგორც ზოგადად ასტრიდის ნაწარმოებებს სჩვევიათ ხოლმე და “გადასამოწმებლად” “გზას გავუდექი”.

“ძმები ლომგულები” ორი ძმის – ჯონათანისა და სკორპას ამბავია, მე თუ მკითხავთ, არც თუ საბავშვო ამბავი. ჯონათანმა პატარა ძმის დასამშვიდებლად, რომელიც უკურნებელი სენით იყო ავად, იმქვეყნიური ბედნიერი სამყარო – ნანგიალა – მოიგონა, მაგრამ თავად უფრო ადრე გაემგზავრა იქ. მალე მას უმცროსი ძმაც შეუერთდა და ძმებმა ლომგულებმა ერთად გაილაშქრეს ბოროტების წინააღმდეგ… ბავშვობაში ამ ყველაფრის აღქმა ცოტა გამიჭირდა (ანდერსენის ზღაპრებისა არ იყოს), მაგრამ დღეს უკვე ზრდასრულ ასაკში გადაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ასტრიდის წიგნებს შორის). ბავშვს ასტრიდზე უკეთ ვერავინ ასწავლის ძმის (ან დის) სიყვარულს, მეგობრობას, ვერავინ ასწავლის, რომ ძმები ლომგულების მსგავსი კეთილი, მოსიყვარულე და მამაცი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ნანგიალაში (ან ნანგიმილში) ხვდებიან – იქ, სადაც ყველა ოცნებას აისრულებენ… More

მკითხველის სიყვარული გალამაზებული ბავშვობისთვის

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი, ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის კი უბრალოდ ასტრიდი – ადამიანი, რომელმაც გამიღო კარი ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში… 

მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად უამრავი ახალი მწერალი, ნაწარმოები თუ გმირი გავიცანი და პრიორიტეტებიც პერიოდულად იცვლება, ასტრიდი ჩემთვის მაინც უდავო ფავორიტად რჩება. სხვანაირად არც შეიძლება – სწორედ მის სახელს უკავშირდება წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვის პირველი სიამოვნება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო – 90-იანების შუა ხანებში “ახალკითხვანასწავლი” რიგითი კლიმის (ანუ ჩემმა) დედამ “მზაკვრულად” შეწყვიტა “სახურავის ბინადარი კარლსონის” კითხვა რამდენიმე აბზაცის შემდეგ (მაშინ ჯერ პენაკს არ იცნობდა, მაგრამ მაინც მონდომებით ასრულებდა მის რჩევებს). რა თქმა უნდა, ასეთ “სისასტიკეს” ვერც ერთი თავმოყვარე კლიმი ვერ შეეგუებოდა, მით უფრო, რომ წიგნის პირველივე გვერდიდან საოცრად სიმპათიური, ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცი შემომცქეროდა 🙂 … და დაიწყო ცივი ღამეების თენება (მაგრამ როგორც დიდი პეპილოტა იტყოდა, როცა გული ცხელია და ძლიერად ფეთქავს, გაყინვა შეუძლებელია 🙂 ), რომელიც დღემდე გრძელდება (ოღონდ ახლა ღამეები ისეთი ცივი აღარ არის და ლამპის შუქიც ელექტროენერგიამ შეცვალა) ამჯერად სხვა გმირებთან ერთად.

პირველი ლიტერატურული მოგზაურობა დაუვიწყარი აღმოჩნდა. როგორც ყველა, მეც დიდხანს ველოდი, რომ ერთ დღესაც თბილისის ერთ

ჩვეულებრივ ქუჩაზეც გამოჩნდებოდა პროპელერიანი კაცუნა და პირდაპირ ჩემს ფანჯარას მოადგებოდა, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა სადილად გუფთა გვქონდა და დესერტად მაჭკატები (ანუ ჩვენებურად ბლინები), ბიძია იულიუსის გავლენით საეჭვოდ “მეჭირა თვალი” ბებიაჩემის კბილებზე და ინგლისურის მასწავლებელს სრულიად დაუმსახურებლად ვუწოდებდი შინამტანჯველს, დავფრინავდი ზეწრით ვაზასტანელი მოჩვენებასავით (ერთადერთი “გულსაკლავი ოხვრა” ვერ “დავამუღამე) და ავადმყოფობის შემთხვევაში ჯიუტად ვითხოვდი კარლსონის რეცეპტით დამზადებულ წამალს 🙂

შემდეგ იყო მხიარულ წითელთმიან პეპისთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები ვილა ყიყლიყოში და ახალი ოცნებები – რა კარგი იქნებოდა მარტო ცხოვრება უფროსების გარეშე, თან ცხენთან და მაიმუნთან ერთად, საკუთარი თავის დასჯა დაძინებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კაკაო და ფუნთუშები მეგობრებთან ერთად ხეზე, მხიარული “შოპინგი” და პირველი  დღე სკოლაში, ბანდიტების დაჭერა და რაც მთავარია, არდადეგები კუნძულზე 🙂

ასეთ ოცნებებში ჩაიარა 16-მა წელმა. მას შემდეგ გავიცანი ასტრიდის სხვა გმირები და კიდევ ბევრი მწერალი, მაგრამ პირველი ორი სიამოვნება აღარასდროს განმეორებულა.  პეპის და კარლსონს კიდევ უამრავჯერ შევხვდი და მათთან ყოველი შეხება უკან ბავშვობაში მაბრუნებს. ასტრიდი იმ მცირედთა შორისაა, რომელიც დღემდე ისე მაცინებს, როგორც პირველად წაკითხვისას. სამწუხაროდ, მასთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა აღარ მომეცემა, თორემ აუცილებლად გადავუხდიდი მადლობას და ვეტყოდი: მართალია ამბობენ, რომ მთავარი ლიტერატურული პრემია ნობელია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი ჯილდო სულ სხვაა და ის თქვენ გაქვთ – ეს არის მკითხველის სიყვარული გალამაზებული ბავშვობისთვის!