მოგზაურობა ამერიკაში ჩარლისთან ერთად

“მოგზაურობა – ეს ინდივიდუალურია, ორი ერთნაირი არ არსებობს…მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ჩვენ კი არ ვმართავთ მოგზაურობას, არამედ მოგზაურობა გვმართავს ჩვენ”

მოგზაურობა რომ კითხვაზე არანაკლებ სასიამოვნო საქმიანობაა, ალბათ იცით 🙂 ამიტომ შუაგულ ზაფხულში მე და ჩემი “ლიტერატურული ზურგჩანთა” ამერიკის ტრასაზე გავედით და ჩვენს ფეხებთან ფრიად სიმპათიურმა სატვირთო მანქანის მსგავსმა ავტომობილმა დაამუხრუჭა… და იცით ვინ მიგვიპატიჟა? თავად ჯონ სტაინბეკმა და მისმა მოხუცმა პუდელმა ჩარლიმ 🙂 ასეთ მასპინძლებს უარს როგორ ვეტყოდით. ჰოდა, ჩავსხედით “როსინანტად” წოდებულ “სახლ-მანქანაში” და გზას გავუდექით 🙂

თავიდან ცოტა არ იყოს და გამიკვირდა – ჯონს ამერიკა ამ მოგზაურობამდეც შემოვლილი ჰქონდა და წესით ახალი მიზანი უნდა შეერჩია (როგორც მანამდე – საქართველო, უკრაინა და ა.შ.). თუმცა შემდეგ თავადვე გამიმხილა მიზეზი – ცოტა ხნით ადრე ავად ყოფილა და ეს მოგზაურობა ერთგვარი გამომშვიდობებაც კი იყო ამერიკასთან, იმ ამერიკასთან, რომელიც მის ყველა ნაწარმოებში ასე კარგად არის ნაჩვენები. ჩარლისთან ერთად მოგზაურობისას ჯონმა უკანასკნელად მოინახულა საყვარელი (უკვე გაზრდილი) ქალაქები და ხალხი (უკვე სხვანაირად მოაზროვნე)… More