ივლისის მოგზაურობები

ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” – როგორია მიუძღვნა მთელი ცხოვრება სიყვარულს და განუწყვეტლივ იტანჯო? ამას ქემალზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რადგან სწორედ ასეთ – იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს მყოფ – გრძნობას შესწირა მან ათასობით დღე. კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ მას სინამდვილეში თავისი მტანჯველი სიყვარული უყვარდა და არა ფუსუნი. ამ ავადმყოფური განცდის შედეგად ორჰან ბეის მკითხველებისთვის ასე ნაცნობ და საყვარელ ქალაქ სტამბოლში შეიქმნა უმანკოების მუზეუმი (რომელიც, მოგეხსენებათ, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არ არის), რომლის მიზანიც ადამიანებში სიამაყის გაღვიძებაა. “ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელები ამაყობენ საკუთარი თავით, მსოფლიოს დიდ ნაწილს კი რცხვენია. ის, რაც ჩვენში სირცხვილის გრძნობას იწვევს, მუზუმში რომ იყოს გამოფენილი, მაშინვე გახდებოდა სიამაყის საგანი…” და უმანკოების მუზუმშიც გაჩნდნენ ექსპონატები: ყვითელი ფეხსაცმელი, მოწეული სიგარეტები, ფოტოები… წარსული ისევე დაიმალა ნივთებში, როგორც სულში… და არა მხოლოდ ქემალისა და ფუსუნის – ახალგაზრდა ორჰანის, ჯევდეთ ბეისა და მისი ვაჟიშვილების, ზოგადად თურქეთის მთელი თაობების წარსული…

More