არწივის ჩრდილი

რუსულ მიწას არწივის ჩრდილი დაჰფენია – ფრანგი არწივის… ნაპოლეონი ბრძოლის ველს გადაჰყურებს და შორიდან იძლევა ბრძანებებს. თითქოს ეს უბრალოდ ისტორიაა და სხვა არაფერი, თუმცა არტურო პერეს-რევერტემ, რომელიც ჭეშმარიტად დახვეწილი ოსტატია (ტყუილად ხომ არ უწოდებენ ესპანელ დიუმას), ამ ამბისგან შექმნა შესანიშნავი ტრაგედია (ამასთანავე კომედიაც რომ არის) ომზე და იმაზე, რომ სისხლისღვრას აზრი არ აქვს. ბრძოლის ველზე უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, გენერლები კი უარეს შემთხვევაში საპატიო ტყვეობაში აღმოჩნდებიან. ასეთი აბსურდულია ომი, რომელსაც ყოველთვის პრანჭია ქათმებით გარშემორტყმული სხვადასხვა სახელის მქონე გაბღენძილი არწივი ხელმძღვანელობს, ირგვლივ კი სიხლის ზღვა მიედინება. სწორედ ამ სისხლის და შესაძლოა სრულიად სხვა მიზნით (როგორც ესპანელების შემთხვევაში) გამოვლენილი სიმამაცის დამსახურებაა გამარჯვებები და არა მთავარსარდლის სიბრძნის. ომი ყოველთვის ასეთია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იწყებს მას, ვინ წარმართავს და ვის მიწაზე იბრძვიან უდანაშაულო ჯარისკაცები…

P.S. სამწუხაროდ,  ქართველი გამომცემლები არტურო პერეს-რევერტეს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” “დიუმას კლუბი” შემოგვთავაზა, რაც კარგი ნიშანი უნდა იყოს. ასე რომ, დაველოდოთ ახალ თარგმანებს 🙂

სამი დიუმა და ერთი მორუა

ალექსანდრ დიუმა-მამა ბიბლიოფილების უმეტესობისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. მის ვაჟსაც ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც იცნობს. დიდი ალექსანდრის მამაზე ცოტას თუ სმენია, მაგრამ ისიც საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო. სწორედ მათი ცხოვრების დეტალების გასაგებად ვისარგებლე ანდრე მორუას მეგზურობით და ახლოს გავიცანი “სამი დიუმა”.

გენერალი თომა-ალექსანდრ დიუმა ცნობილი სამხედრო პირი გახლდათ. ფრანგი მარკიზისა და შავკანიანი მონა ქალის ეგზოტიკური გარეგნობის ვაჟის ცხოვრების ისტორია ინტერესს ნამდვილად იწვევს. მამისგან გვარჩამორთმეული (მარკიზი დავი დე ლა პაიეტრის საპატიო გვარს ატარებდა) სამშობლოს სამსახურში ჩადგა, რევოლუციაში აქტიური მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ ეგვიპტის დაპყრობისას ძველ მეგობარ ნაპოლეონთან ურთიერთობა გაუფუჭდა, იტალიაში ტყვედ ჩავარდა და საბოლოოდ მძიმედ დაავადებული და უარყოფილი ოჯახს დაუბრუნდა, რის შემდეგაც დიდხანს აღარც უცოცხლია. სწორედ მისგან მიიღეს მემკვიდრეობით მომდევნო ალექსანდრებმა წარმოსადეგი გარეგნობა, მემბოხე სული და საფრანგეთის სიყვარული. More

დიდი ძმა გვიყურებს ანუ როგორ კლავენ სულებს

“1984”, “ცხოველების ფერმა”-ამბობენ, ეს ნაწარმოებები ჯორჯ ორუელმა საბჭოთა კავშირს “მიუძღვნაო”, თუმცა ვერც  იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ დიქტატურა XX საუკუნის 20-იან წლებამდეც არსებობდა და XXI საუკუნეშიც არსებობს. აი, გრიგოლ რობაქიძემ კი ნამდვილად სსრკ-ს ჭეშმარიტი სახე დაგვიტოვა “ჩაკლული სულის” სახით. სწორედ ამ სამ ნაწარმოებს გავაერთიანებთ დღეს ჩემს “რიგგარეშე” პოსტში და ლიტერატურულ-რეალურ ავტორიტარიზმს განვიხილავთ.

როგორც წესი, დიქტატურის “საწყისი” საყოველთაო თანასწორობა და დემოკრატიაა ხოლმე (დიქტატურის წინაპირობა დოსტოევსკიმაც გვიჩვენა თავის რომანში “ეშმაკნი”). ამ ფასეულობების დამყარებისთვის ხდება რევოლუცია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – პარტია იბრძვის ძალაუფლებისთვის საკუთარი თავისთვის და სულ არ ადარდებს ხალხის კეთილდღეობა. შედეგად თანასწორობა მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა. ახალი სახელმწიფოს მეთაური ნელ-ნელა მოხერხებულად ეწყობა დიქტატორის სავარძელში (ღორი ნაპოლეონისა არ იყოს, რომელიც სტალინის ალეგორიად მოიაზრებოდა), შემდეგ კი სულაც მისტიური ფიგურის სტატუსს იძენს (დიდი ძმის მსგავსად, რომელიც ასევე სტალინის პროტოტიპად ითვლება). ის იშორებს კონკურენტებს და მათგან მტრის ხატს ქმნის (გოლდსტეინი, რომელიც ტროცკის ანალოგად მიიჩნევა). მტრის ხატი იქმნება “ფარდის” იქით არსებული ქვეყნებისგანაც. More