მოგონებანი მონასტერზე

29566პორტუგალია, მე-18 საუკუნე… ქვეყანაში ინკვიზიცია მეფობს. ომიდან დაბრუნებულ ცალხელა ბალთაზარს ბლიმუნდა უყვარდება, რომლის დედა ინკვიზიტორთა მოთხოვნით გადაასახლეს, თავად კი ადამიანების შინაგან სამყაროს ხედავს (პირდაპირი მნიშვნელობით). ბალთაზარი და ბლიმუნდა ერთმანეთს ისე ავსებენ, როგორც მზე და მთვარე (მათი ზედმეტსახელებიც ამაზე მეტყველებს), მაგრამ ჟუან V-ის პორტუგალიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის. მეფეს ხალხი მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, კერძოდ კი მაფრის მონასტრის ასაშენებლად სჭირდება და არა იმისთვის, რომ მათ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ – უყვარდეთ, იოცნებონ ბედნიერებაზე, გაფრენაზეც კი… პორტუგალიელებს ორი გზა აქვთ – მშენებლობა ან კოცონი…

P.S. გამოგიტყდებით და ეს ამბავი მძიმედ დავიწყე და ბევრჯერ გადავწყვიტე წიგნის გვერდზე გადადება, მაგრამ თითქოს განგებ სწორედ მაშინ ახერხებდა სარამაგუ ჩემს დაინტერესებას. დასასრულმა ყველა “მინუსი” გამოისყიდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მაგიური რეალიზმი (ჟოზე იუმორითა და რომანტიკული ეპიზოდებით რომ “აზავებს”) დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა ბოლოს მკითხველს “ჯილდო” ელის 🙂

P.P.S. თუ დაინტერესდით, “ინტელექტს” მიმართეთ. ნობელიანტების სერიას სწორედ ეს გამომცემლობა გვთავაზობს.