ნათელი,რომელსაც ვერ ვხედავთ

გქონიათ შემთხვევა, როცა უცნობი ავტორის წიგნი “საცდელად” გადაგიშლიათ და უცებ მიმხვდარხართ, რომ სრულიად შემთხვევით ძალიან კარგი რამ აღმოაჩინეთ? მე ასეთი რამ მემართება, თუმცა დროსთან ერთად სულ უფრო იშვიათად – ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე ბევრ ჩემთვის საინტერესო მწერალს ვიცნობ, მეორე მიზეზი კი რამდენიმე ფავორიტი გამომცემლობა და სერიაა, რომლებსაც ვენდობი… მაგრამ აი, მოხდა კიდევ ერთი სასწაული და “გზად” შემხვდა წიგნი, რომელიც წასაკითხი წიგნების გრძელ რიგში საერთოდ არ იყო და შემთხვევით “წიგნის ქურდის” (მასზე მოგვიანებით ცალკე გიამბობთ) “მონათესავეთა” შორის გადავეყარე… ამის შემდეგ მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ ყველა წიგნს თავისი “მოსვლის” დრო აქვს… More

შემზარავი ისტორიები ჩეჩნეთიდან

ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია – მამაცი ჟურნალისტი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ცხელ წერტილში ნამდვილი ისტორიები შეაგროვა, წიგნად აქცია და მსოფლიოს სიმართლე დაანახა – სიმართლე ჩეჩნეთსა და რუსეთზე (მანამდე ეს ასე საჯაროდ მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიამ გაბედა და სითამამისთვის დაისაჯა).

1994 წლის მიწურულს რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაესხა თავს ჩეჩნეთს (საბჭოთა დროს ბერიას და სტალინის მიერ ხალხის გადასახლება, გენოციდი “ჩვეულებრივ” ამბად ითვლებოდა). რა თქმა უნდა, ტრადიციულად “მშვიდობისმყოფელების” როლში მოგვევლინენ (ამბობენ, რომ უბრალოდ თავდაცვის მინისტრი “დათვრა”). შედეგად ორ წელიწადში ჩეჩნეთში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

1999 წელს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი (ამჯერად უკვე “გაძლიერებულმა” პუტინმა მიზეზად ვითომდა ჩეჩნური ტერაქტი გამოიყენა და პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა). ამ ომს 50 000 მოქალაქე შეეწირა. რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგან დაპირისპირება დღემდე გრძელდება. More

ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

რამდენიმე წლის წინ ერიხ მარია რემარკი ჩემს ფავორიტ მწერალთა შორის იყო. დროთა განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ არაერთი ავტორი შეემატა, რემარკი კი ოდნავ მივივიწყე, თუმცა როგორც კი თაროზე “ჩაკარგულ” მის წაუკითხავ ნაწარმოებს გადავაწყდი, მაშინვე გადავშალე. ომის შემდეგ ამ მწერალს აღარ შევხვედრივარ და ახლა სულ სხვა კუთხით შევხედე.

აქაც, როგორც სხვა ნაწარმოებებში, რემარკი თითქოს ახალს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ეს მრავალჯერ განმეორებული ჭეშმარიტება იმდენად ახლობელია ომგამოვლილი ხალხისთვის… ომის საშინელებას “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” შესანაშნივად გადმოგვცემს, მაგრამ ეს ომამდე იყო…ახლა კი ისევ ომია, მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ომი ყოველთვის ერთნაირია. More

მარადიული ომის სურათები

…ის არ ცდილობდა თავისი ფოტოების რეალისტური სისატიკის გამართლებას იმით, რომ ომი სძულდა… მას მხოლოდ ომის, როგორც კოსმიური აბსურდის, გაშიფრვა სურდა… ის ბატალისტი იყო… მან ფოტოებზე აღბეჭდა ომის ქარცეცხლში გახვეული კვიპროსი, ვიეტნამი, ლიბანი, კამბოჯა, ერიტრეა, სალვადორი, ნიკარაგუა, ანგოლა, ერაყი, … მაგრამ ასეთი ადგილები ხომ ყოველთვის ერთი ადგილია… ვიღაც იყო ომში, ვიღაც – არა, მაგრამ სინამდვილეში ომი ყველას უნახავს… და აი, ფოტოგრაფ ფოლკთან ერთად ვათვალიერებთ მარადიული ომის სურათებს: ნჯამენაში ტყვეებს ნიანგებს უგდებენ, დაჭრილი ბავშვი მოკლული დედის ცხედარს დაჰყურებს, მასწავლებელი მოსწავლეებს წინ მიუძღვის, ძალაგამოცლილი, მზერადაცარიელებული ჯარისკაცები მიუყვებიან გზას, რომელიც თითქოს არსად მიდის… ბოლო ფოტოზე ფოლკის საყვარელი ქალი აღიბეჭდა, ომის კიდევ ერთი მსხვერპლი და ყოფილ იუგოსლავიაში ომიც დამთავრდა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ის ისევ გაცოცხლდეს – ლონდონში, პარიზში, მადრიდში ან ნიუ-იორკში. დასაღვრელი სისხლი კიდევ ბევრია, ჰაერში ისევ ტრიალებს smell of war, მანამდე ჩვენ ავტომობილისა და ტელევიზორის ყიდვაზე ვფიქრობთ, ომის ფოტოები კი რეკლამის საშუალებაა… ასე გრძელდება ტროადან ერაყამდე, ავღანეთიდან საქართველომდე… More

იაპონური დეკემბერი

მელი ნოტომის “კრძალვითა და ცახცახით” – გაინტერესებთ რა ხდება მაშინ, როცა ერთმანეთს ეჯახება ორი კულტურა, ორი მენტალიტეტი?მაშინ აირჩიეთ მეგზურად ამელი. მან ეს ყველაფერი პირადად გამოსცადა იაპონურ კომპანიაში მუშაობისას და ევროპელისთვის შესაშური მოთმინებაც გამოიჩინა. ის იყო უფუნქციო თანამშრომელი, რომელსაც უაზრო დავალებებს აძლევდნენ, უკრძალავდნენ იაპონურად საუბარს, უწოდებდნენ გამყიდველს, არარაობას, ინდივუდიალისტს (იაპონელებისთვის ეს უკანასკნელი ეპითეტიც სალანძღავი სიტყვა ყოფილა) და უცხადებდნენ,რომ: “დამორჩილება ყოველთვის შეიძლება. ეს ის არის,რაც დასავლურმა გონებამ უნდა გაიგოს.” ამ ყველაფერს ემატებოდა პირადი კონფლიქტი, რომლის უკანაც იმალებოდა ცნობისმოყვარეობა.საბოლოოდ ამელიმ ერთ წელიწადში მოახერხა კარიერული კიბის ბოლო -ქვედა – საფეხურზე ჩამოსვლა,იაპონურ ხასიათში გარკვევა და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც არ დაკარგა იუმორის გრძნობა.(P.S. ამ ნაწარმოების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბუღალტრობაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო 🙂 და კიდევ – იაპონური ტრადიციების თანახმად ძროხების,ღორებისა და გარყვნილების კატეგორიას მივეკუთვნები და დახვეწილობაზე პრეტენზია არ უნდა მქონდეს 🙂

იასუნარი კავაბატას “თოვლიანი მხარე” – ნობელიანტი იაპონელი შიმამურასა და კომაკოს სიყვარულის ისტორიას გვიყვება, მაგრამ ეს ისტორია ჩვეულებრივი არ არის. ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან მოქმედება განსაკუთრებულ ადგილას –  თოვლიან მხარეში – ვითარდება, სადაც: “სულ სხვანაირი ვარსკვლავებია, ვიდრე ტოკიოში. აქ ისინი სიცარიელეში ანათებენ.” კაცი დაკარგული სერიოზულობისა და გრძნობების დასაბრუნებლად მთებში ადის, ქალს კი საკუთარი უმწეობა აგიჟებს – მართლაც, რა უნდა ქნას გეიშამ, რომელსაც ტურისტი უყვარდება?! გამოსავალი არ ჩანს. ირგვლივ კი თოვლი და იაპონელებისთვის დამახასიათებელი სევდაა…

კობო აბეს “უცხო სახე” – ეს არის ისტორია კაცისა, რომელმაც ქიმიური ექსპერიმენტის შედეგად სახე დაიზიანა. სამყაროში კი, სადაც ადამიანებს სახით აფასებენ, სადაც სულიერი სახე ყველას დაკარგული აქვს, სახის გარეშე დარჩენილისთვის რთულია თავის პოვნა. თანაგრძნობით სავსე მზერით გარშემორტყმული უსახო კაცი მარტოა და ამ მარტოობის დასაძლევად იწყებს ნიღბის შექმნას. და აი, ისიც მზად არის! “ფარდა ნიღბების ტრაგედიაში დაეშვა”, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ნიღაბი ურჩხულად იქცევა? თუ ყველა მოიზომებს მილიონობით ნიღაბს და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს ამოირჩევს და სიმართლის დასაფარად გამოიყენებს? როგორ უნდა “აიდღლიზოს” მიწებებული ნიღაბი? ატომური აფეთქებისას “სახედაკარგული” გოგონა სიკვდილს ირჩევს, ხოლო რა გზას აირჩევს უცხო სახის მქონე კაცი, ამას კობო აბესთან ერთად გაიგებთ…

იუკიო მიშიმას “ოქროს ტაძარი” – 1950 წელს ბუდისტმა მორჩილმა იაპონიის უძველესი დედაქალაქის, კიოტოს, ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი – კინკაკუძის ტაძარი დაწვა. მიშიმა, რომელიც ყოველთვის თვლიდა, რომ დაღუპვა მშვენიერებას კიდევ უფრო მეტ სრულყოფილებას ანიჭებდა, შეძრა ამ ფაქტმა და მან შექმნა ბერი მიძოგუტის სახე. 20 წლის შემდეგ იუკიო მიშიმამ მშვენიერების მოკვლა უძველესი იაპონური ტრადიციის აღსრულებით სცადა. რა აერთიანებს ოქროს ტაძრის დაწვასა და თვითმკვლელობას, გარდა მწერლისა? ამ ორ ფაქტს შორის კიდევ არის საერთო – გასაოცარია, მაგრამ მიშიმამ და მიძოგუტიმ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან მშვენიერება “ფენიქსს ჰგავს, რომელიც ოქროს ტაძარს თავს დასტრიალებს.” კინკაკუძი დღესაც დგას, მისი პირველადი სახე აღდგენილია და ის ისევ მიუწვდომელია ცეცხლის ალისთვის. რაც შეეხება იუკიო მიშიმას, მისი უკვდავება, მისი მშვენიერი ტაძარი ათლეტური სხეული ან შთამბეჭდავი ჰარაკირი კი არა, წიგნებია, რომლებიც კიოტოს ტაძარზე არანაკლებ სულისშემძვრელია…

ქენძაბურო ოეს “დაგვიანებული ახალგაზრდობა” – რას ნიშნავს ომი, სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ომის დამთავრება ცხოვრებას უნგრევს, დაკარგული თაობის გარდა არსებობს დაგვიანებული ახალგაზრდობაც… ოეც ასეთ ადამიანზე გვიამბობს. მას დაბადება დააგვიანდა და იმ აზრით აღიზარდა მილიტარისტული იაპონიის სკოლაში, რომ: “ომი, კიდევ ერთი ომი, და შემდეგ ისევ ომი. ომები არ მთავრდება. ომში არავინ დააგვიანებს. ყველა წავა ომში და ყველა გახდება ჯარისკაცი.” მაგრამ ერთ დღესაც ომი მთავრდება და კამიკაძეობაზე მეოცნებე იაპონელი ბიჭის ილუზიებიც ინგრევა. ის ვეღარ დაეცემა ბრძოლის ველზე იმპერატორისთვის და ვეღარ მოიპოვებს უკვდავებას, ვეღარ მიმართავს სისასტიკეს დაუძინებელი მტრებისკენ. თუმცა ცხოვრებაც გარკვეულწილად ომია, ოღონდ არა ოქროს ომი, არამედ ბინძური ბრძოლა, ბრძოლა, რომელიც ადამიანში თელავს სიკეთის რწმენას, მწვერვალისკენ მიმავალს უკან აგდებს, კვებავს მას ფუჭი იმედებით… ბოლოს კი რჩება მოჩვენებითი სიმშვიდე და დაგვიანებული ახალგაზრდობის აღსარება…

კურტ ვონეგუტი – “დროის რღვევა”

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია დროის უკან დაბრუნებაზე. მაგრამ ეს ოცნება რომ აგვიხდეს, შევძლებთ კი რამის შეცვლას? დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ვერა, რადგან “ადამიანები არ იცვლებიან, არ აკეთებენ დასკვნებს შეცდომებისგან და არ ითხოვენ პატიებას.” როდესაც დროის რღვევა ისევ გაიძულებთ უკვე ჩადენილის განმეორებას, არ დაგავიწყდეთ, რომ “სპექტაკლი უნდა გაგრძელდეს!”

დრო რამდენჯერაც უნდა დაბრუნდეს უკან, მაინც დაიბადება ჰიტლერი, მაინც ჩაიდენენ დანაშაულს სისხლისმსმელი კომუნისტები, მაინც ექნება სამყაროს თვითმკვლელობის მცდელობები, მაინც შეიქმნება შოუ სახელად 1945. წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ აწმყოში ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელთა შეცვლაც აღარ მოგვინდება. სამწუხაროდ, ამასაც არ ვაკეთებთ. “ჩვენში ჯერ კიდევ ცხოვრობენ უღირსი კაპიტალის მფლობელები, მულტიმილიონერები და მულტიმილიარდერები, რომლებიც დიდი ინტერესით ატანენ ფულს ქარს იმის მაგივრად, რომ დახარჯონ ის სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ადამიანთა სწავლისთვის, რათა მათ შეძლონ ამ ადგილებზე მუშაობა, ახალგაზრდობის აღსაზრდელად და მოხუცებზე ზრუნვისთვის, იმისთვის, რომ ყველამ მოხერხებულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.” თითქოს დრო წინ მიდის და პრობლემების გადაჭრაც უფრო ადვილი უნდა გახდეს, მაგრამ ამისთვის არასწორ მეთოდებს მივმართავთ. ახალგაზრდობა აღარ ცდილობს წარმოსახვის განვითარებას, რადგან ერთ ღილაკზე დაჭერით ნებისმიერი რამის ნახვა შეუძლია. მათთვის წიგნი ან ნახატი გასაოცარი ნივთებია და ვერც კი ხვდებიან, როგორ “კაიფობდნენ” “მოხუცები” ამ მკვდარი საგნებით. მეცნიერება წინ მიდის, მაგრამ არავინ ფიქრობს ეკოლოგიაზე. ჰიროსიმა, ნაგასაკი და ჩერნობილი ყველას დაავიწყდა. ნობელის პრემიას კი ატომური ბომბის შემქმნელს აძლევენ, თანაც მშვიდობის დარგში.

ასეთი აბსურდებითაა სავსე სამყარო, დროის შეჩერებას კი აზრი არ აქვს. კატაკლიზმების გარეშეც შეიძლება სამყაროს შეცვლა, მაგრამ ამისთვის უნდა “მოვიგონოთ” ცნობიერებაზე უკეთესი სიტყვა – სული. და წარმოვიდგინოთ, რომ “ავად ვიყავით, მაგრამ ახლა ისევ კარგად ვართ, და კიდევ იმდენი რამაა გასაკეთებელი.”