ორპირი თბილისი სტოკჰოლმი

“ფარისევლობა – ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება!”-დავით (ჯორდანო) ვაშაკიძე

Untitledიმპერია ისევ ორსულადაა, მეთოჯინეებიც ისევ “ათამაშებენ” მარიონეტებს, თუმცა ნიუ-ბაბილონში მაინც არის ერთი სიახლე – დავით (ჯორდანო) ვაშაკიძემ ნობელის პრემია მიიღო და სტოკჰოლმში ისეთი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, რომ ზემოთხსენებულ იმპერიას ლამის ნაადრევი მშობიარობა დაეწყო… თუმცა მანამდე აწ უკვე ნობელიანტმა ჯორდანომ გრძელი გზა განვლო…

ჯერ იყო და, როგორც იმპერიის შვილს ეკადრება, დათოც ჩაიძირა წამლისა და ალკოჰოლის მორევში და ლამის ამდენი “შრომით” დაღლილმა ღვიძლმა იმსხვერპლა. მშობლიურ ორპირში სასწაულებრივად მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს გზას შეუდგა, მაგრამ ისინი, ვინც ამ გზაზე უნდა გაძღოლოდნენ წინ, თავად სულ სხვა “რელსებზე” აღმოჩდნენ გადაბრძანებულნი (დეტალები თავად ნახეთ და უფრო საფუძვლიანად “ნიუ-ბაბილონელ მეთოჯინეებში” ჩაუღრმავდით). აწ უკვე ჯორდანოდ ქცეულმა ბატონმა ვაშაკიძემაც გააცნობიერა, რომ “ზეციურ მეუფეს ჩვენი თავისუფლების არ ეშინია, პირიქით, მასში ხედავს ჩვენს განვითარებას. მიწიერი ბელადისთვის კი ქვეშევრდომების თავისუფლება მომაკვდინებელია. ბრძანებელი ერთ არჩევანს უტოვებს მონას – უპირობო მორჩილებას. ამიტომ მონას მხოლოდ ერთი გამოსავალი, ერთი მიზანი და ნება აქვს – როგორმე თვით გახდეს მონათმფლობელი, ჩაგროს სხვა და, იმავდროულად, მას ფარისევლურად “მოყვასი” ეძახოს.” More