პალატა № 6

შემობრძანდით! ეს პალატა N 6-ია! ის იმ ქვეყანაში მდებარეობს, რომელშიც ჭკვიანი ადამიანები ფსიქიკურად გაუწონასწორებლებად მიიჩნევიან და იზოლირებულად ცხოვრობენ, ძალაუფლება კი მათ ხელშია, ვინც თავს იბრმავებს და მოჩვენებით კომფორტს სჯერდება… და რა მოხდება მაშინ, თუ მთავარი ექიმი რაგინის მსგავსად თვალი აეხილებათ, პალატა N 6-ში მცხოვრებ გრომოვთან გააბამენ დიალოგს და მიხვდებიან, რომ რეალობა სულ სხვაგვარია? დიახ, მარტივი არაა საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმა, თუნდაც ხვდებოდე, რომ ისინი მცდარია. რთულია ჩვეული გზიდან გადახვევა… აკი რაგინმაც ბევრჯერ სცადა თვალის დახუჭვა, მაგრამ გრომოვმა თუ უბრალოდ საკუთარმა თავმა არ მისცა საშუალება, რომ ისევ მხსნელ “ნაჭუჭში” ჩაკეტილიყო, ისევ მშვიდად ეცხოვრა, წიგნით ხელში დალოდება ცხელ ვახშამს, დილით კი სამსახურში წასულიყო და არ შეემჩნია საავადმყოფოში გამეფებული ანტისანიტარია და სისასტიკე… მაგრამ ვერ შეძლო და შედეგად პალატა N 6-ში მოხვდა… რატომ? იმიტომ რომ ის ერთი იყო, სხვები კი, რომლებმაც განსახვავებული გადაწყვეტილება მიიღეს, მეტნი… აი, ასე ხდებოდა 1892 წელს და ასე ხდება დღესაც…

იაპონური პალატა №6

12977244_550222305158415_8035380649104247321_oიაპონიაში ორი უცნაური ადამიანი ცხოვრობს. კავაშიმა ყინულის სამტვრევით “ებრძვის” საკუთარ დანგრეულ ფსიქიკას, ჩიაკის კი უფრო უცნაური იარაღი შეურჩევია – პირსინგი. ერთი შეხედვით, კავაშიმა სამაგალითო მეოჯახე და საკუთარი საქმის პროფესიოანალია, ჩიაკის პროფესია მთლად “ჩვეულებრივი” არ არის, თუმცა მეძავობაში “საშინელი” არაფერია. საშინელებები მოგვიანებით იწყება – კავაშიმასა და ჩიაკის შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ… უფრო სწორად, ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო – კავაშიმასა და ჩიაკის ბავშვობაში. დედის ცემას მიჩვეულმა და შემდეგ ობოლთა თავშესაფარში გამომწყვდეულმა კავაშიმამ საკუთარი წვრილ ნატეხებად ქცეული ფსიქიკა ვეღარ ააწყო – მოსიყვარულე ცოლისა და შვილის გვერდითაც კი. ვერც მოძალადე მამის მსხვერპლად ქცეულმა ჩიაკიმ შეძლო “გახვრეტილი” სულის გამთელება და ამ ორი ადამიანის შეხვედრა იაპონურ პალატა №6-ად იქცა – ჩაკეტილ სივრცედ, სადაც ორი გაუწონასწორებელი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს (რომელიც ძალადობამ დაანგრია) გადარჩენას ცდილობს და ამ მცდელობაში (რომელიც შესაძლოა სისხლისღვრად გადაიქცეს) ჩვენც გვითრევს. ჩვენც პალატა №6-ში ვართ! ჩვენც გვეწყება ძვრები ფსიქიკაში! მეტი