მხიარული მოგზაურობა მაგიის სამყაროში :)

ამ მწერალზე დიდი ხანია  “თვალი მიჭირავს”, განსაკუთრებით ამ პოსტის შემდეგ, მაგრამ რადგან წასაკითხი წიგნების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე წაკითხულების, ამიტომ ტერი პრატჩეტის გაცნობა ცოტა გაჭიანურდა. და აი ეს დღეც დადგა 🙂

პირველი მოგზაურობა “მაგიის ფერია”. ამ შემთხვევაში სიტყვა”მოგზაურობა” პირდაპირი მნიშვნელობითაც შემიძლია გამოვიყენო, რადგან მთავარი გმირი ორყვავილა სათვალით, ლექსიკონითა და ორიგინალური ფოტოაპარატით შეიარაღებული ტურისტია და გიდიც კი ჰყავს უიღბლო ჯადოქარი რინსვინდის სახით (აი აქ კი მივხვდი, რომ საჩემო წიგნს მოვკიდე ხელი  – სხვა თუ არაფერი, ტურიზმი ჩემი ოფიციალური პროფესიაა, იუმორი კი – არაოფიციალური 🙂 ). ორყვავილა თავისი მოსიარულე სკივრის თანხლებით ტურისტისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებს დისკოს სამყაროს და ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ხედავს – ჩვეულებრივი მოჩხუბრები გმირები, ხოცვა-ჟლეტა კი დადგმული სანახაობა ჰგონია, შესაშური მონდომებით უხსნის გამტაცებლებს სადაზღვევო პოლისის არსს და ოცნებობს დრაკონების ნახვაზე. აბა რა გასაკვირია, თუ მაგიის უდიპლომო ბაკალავრი რინსვინდი სიტყვა “ტურისტს” “იდიოტის” ანალოგად მიიჩნევს (ამ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებ, რომ დიდ ჯადოქარს არ დავეთანხმო) 🙂 აქვე შეხვდებით ტროლებს, სიკვდილს, ბარბაროსებს და სხვა საინტერესო გმირებს… მოკლედ, არ მოიწყენთ 😉 More