სამყარო, რომელშიც წიგნებს წვავენ

იქ, სადაც წიგნებს წვავენ, მომავალში ადამიანებსაც დაწვავენ.” (ჰაინრიხ ჰაინე)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეი ბრედბერის სამყაროში! აქ კეთილდღეობა სუფევს – ადამიანები მუდამ სამსახურში მიიჩქარიან, უკან დაბრუნებულნი კი ინტერაქტიულ ტელევიზორებს მიუსხდებიან და გადაცემებს უყურებენ. გზად ერთმანეთს უმნიშვნელო თემებზე ესაუბრებიან… აბა მნიშვნელოვანზე რაზე უნდა ილაპარაკონ? ლიტერატურა კრიმინალად ითვლება. წიგნებს წვავენ, მათ მფლობელებს კი აპატიმრებენ ან ფსიქიატრიულ კლინიკებში ამწყვდევენ… მაგრამ არსებობს ცეცხლი, რომლებიც წიგნებს კი არ წვავს, პირიქით – ადამიანების გულებში ინთება და ისე გიზგიზებს, რომ მას ვერაფერი ჩააქრობს… მეტი

ზაფხული რეისთან ერთად

ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროა, განსაკუთრებით ბავშვობაში. ეს ხომ 3 თავისუფალი თვეა, როდესაც იმას ვაკეთებთ, რაც გვსურს – მეგობრებთან ერთად ვერთობით, ნაყინს მივირთმევთ და არ ვფიქრობთ, რომ წინ შემოდგომაა… ზუსტად ასეთ ისტორიებს გვიყვება რეი ბრედბერი – ხან ბაბუაწვერას ღვინოს გვთავაზობს, ხან ზაფხულს ემშვიდობება… ეს ყველაფერი კი გრინთაუნში ხდება – ჩვენს საყვარელ “ლიტერატურულ” ქალაქში… მეტი

მთელი ზაფხული ერთ დღეში

28353910[1]გიყვართ რეი ბრედბერი? ალბათ შეამჩნევდით, რომ მე ძალიან. ის ხომ იმ მცირე რაოდენობის მწერალთა შორისაა, რომლებიც მოთხრობებსაც კი მაყვარებენ 🙂 არც ეს კრებულია გამონაკლისი. რატომ? ახლავე გიამბობთ.

“მთელი ზაფხული ერთ დღეში” სულ პატარა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) მოთხრობებისგან შედგება, თუმცა თითოეული მათგანი ერთ დიდ ნაწარმოებს უდრის (იქნებ აღემატება კიდეც). აბა, გაიხსენეთ, რამდენ მწერალს შეუძლია რამდენიმე გვერდზე ასე დიდებულად აღწეროს ერთ დღეში ჩატეული მთელი ზაფხულის საოცარი სევდა, ნისლის საყვირის ხმაზე მოსული ურჩხულის საზარელი სახე, მუდმივ ქიშპობაში ჩართული მანდარინების ბრძნული გადაწყვეტილება, არმაგედონში ჩაძინებისას ნანახი საშინელი სიზმარი, შემზარავი ბავშვი, მონა ლიზას ღიმილი, ერთი შეხედვით უაზრო ბრძოლა გადარჩენისთვის, “მკვლელი” ქარის ღმუილი, ავადმყოფი ბიჭსა და ცხოვრებას შორის შუამავალი ძაღლის ამბავი, “უცნაური” პლანეტა, არანაკლებ “უცნაური” ბავშვი, თომას ვულფის მეორე სიცოცხლე, სისხლიანი აკვედუკი, ძია ეინარის ისტორია … მე თუ მკითხავთ, ამ ყველაფრის ასე გადმოცემა მხოლოდ მისტერ რეის ძალუძს. მხოლოდ ის ახერხებს ასეთი სევდიანი და ამავე დროს იმედიანი მოთხრობების წერას…

P.S. ბრედბერის მოყვარულებს (სხვებსაც) გირჩევთ ამ წიგნის ქართული თარგმანის მოძიებას (სხვა ენებზე მოთხრობების ამ კომბინაციას ვერც ნახავთ). დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნებთ 🙂

ბედნიერების მექანიზმები

1610919_419950054852308_6588917907360455999_nხშირად ვამბობ, რომ მოთხრობები არ მიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად ვკითხულობ რეი ბრედბერის მოთხრობებს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები. დიახ, მე მიყვარს დიდი ზომის ნაწარმოებები, მაგრამ მისტერ რეის თითოეული მოთხრობა ერთ დიდ წიგნს სჯობს – ბევრი ემოციით და არავითარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობით. ასეთი გახლდათ “ტანმოხატული კაცი”, ასეთია “ბედნიერების მექანიზმებიც”… მეტი

ტანმოხატული კაცი

“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი

1489005_383511891829458_6787625649927231822_nრეი ბრედბერის მოთხრობები რომ ბევრ რომანს სჯობს, “მარსის ქრონიკების” გულშემატკივრებს ალბათ კარგად მოგეხსენებათ. არც “ტანმოხატული კაცია” გამონაკლისი და თუ რატომ მგონია ასე, ახლავე გიამბობთ.

ტანმოხატული კაცი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც მოთხრობებს აკავშირებს (თუ არ ჩავთვლით კაცს, რომელიც მას ხვდება და ნახატებს “კითხულობს”). სწორედ მის სხეულზე დატანილი სვირინგები ცოცხლდებიან ჩვენს თვალწინ… თითოეული მოთხრობა განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს მსგავსიც – მათ “ბრედბერისეული” მელანქოლია აერთიანებთ. ეს არის ის მთავარი ემოცია, რომელიც აუცილებლად შეგიპყრობთ, თუ შეხვდებით ოჯახს, რომლის წევრებიც შორეულ მომავალში ცხოვრობენ და მიზანი არ დარჩენიათ – მათ მაგივრად ხომ ყველაფერს კომპიუტერები აკეთებენ (ამ “საწყისი” მოთხრობის დასასრული ალბათ არასდროს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოთხრობებიც არანაკლებ შთამბეჭდავია); კოსმოსში “გაჭრილ” ადამიანებს, რომლებიც დედამიწაზე ვეღარ ძლებენ და არც კოსმოსში დაედგომებათ, რადგან საკუთარი თავი, ცხოვრება და რწმენა დაკარგეს… ალბათ ამიტომაც ხვდებიან სამყაროს დასასრულს ასე მშვიდად – მერე რა, თუ ამის შესახებ წინასწარ გაიგეს (მაგიტრალზე მომავალი მანქანის მგზავრებისგან, ან სულაც საკუთარი სიზმრებიდან)… სამყარო, სადაც ტექნიკა ადამიანებივით გაბოროტდა, ალბათ არც არის გადასარჩენი… ყოველ შემთხვევაში, ტანმოხატული კაცის სხეული ასეთ განცდას ტოვებს – უიმედობის განცდას… სევდას, რომელიც დიდხანს გამყვება… მეტი

მშვიდობით, ზაფხულო!

ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ მოაწყვეს პატარა ყალთაბანდებმა და მათმა მეთაურმა დუგლასმა არეულობა ქალაქში იმის დასამტკიცებლად, რომ გაზრდა სულაც არ არის აუცილებელი. უფრო მეტიც – სახიფათოც კია…

…კიდევ იმაზე, თუ როგორ მოაწყვეს მოხუცებმა შეთქმულება ახალგაზრდების წინააღმდეგ იმის დასამტკიცებლად, რომ სიბერე ცხრა მთას იქით კი არა, სულ აქვეა…

…უფრო ზუსტად კი იმაზე, რომ გაზრდა ისეთი სასიამოვნო სულაც არ არის, როგორც ეს ბავშვობაში წარმოგვედგინა. დუგლასმა და მისმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გრძნობა უფრო შიშია, იმის შიში, რომ მშობლებს დაემსგავსებიან, შვილები ეყოლებათ და ზაფხული უკვე მათ ცხოვრებაში დადგება… თავად კი შემოდგომას თავს ვეღარ დააღწევენ… მეტი