სერია “კინობიბლიოთეკა” – დასაწყისი

სერიული გამოცემების დიდი მოყვარული არ გახლავართ. არც ყბადაღებულ “50 წიგნს” მივყვები და არც მის “სამართალმემკვიდრე” “49-ს”. ნავსის გატეხვა მხოლოდ “დიოგენემ” მოახერხა და მათი “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” მომდევნო წიგნს სულმოუთქმელად ველი ხოლმე… და აი სულ ახლახანს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ახალი სერია დაიწყო. პირველ გამოცემებსა და დაანონსებულ “კინო-წიგნებს” თუ გადავხედავთ, ალბათ ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა გამოვა. ასე რომ, ჩავერთოთ ამ პროექტშიც – შევადაროთ ერთმანეთს საყვარელი ფილმები და წიგნები, ან ჯერ წავიკითხოთ და შემდეგ შევაფასოთ ეკრანიზაციები 🙂 More

მოგზაურობა საშინელებათა სამყაროში

ბოლო დროს სამეცნიერო ფანტასტიკას “ჩავუჯექი” და ძალიან სასიამოვნო “მოგზაურობებიც” გამოვიდა, მაგრამ ერთფეროვნება მოსაბეზრებელი რომ არ გამხდარიყო, ცოტა სხვა მიმართულებით “ავიღე გეზი” – საშინელებათა სამყაროსკენ. გაგიკვირდებათ და აქაც სასიამოვნო “მოგზაურობები” გამოვიდა 🙂 ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ… რა თქმა უნდა, თუ არ გეშინიათ 😉

რობერტ ბლოჰის “ფსიქო” – ბავშვობიდან მახსოვს გოგი გვახარიას გადაცემის ქუდი – სისხლის ნაკადი, რომელიც აბაზანაში მიედინებოდა. ერთი პერიოდი აქტიურად ვუყურებდი ამ გადაცემას ( როგორც მაშინ ვეძახდით, ე.წ. “უჟასების” ხათრით)და ჰიჩკოკის შედევრიც ვნახე. შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სიყვარული გამინელდა, მაგრამ როგორც კი რობერტ ბლოჰს გადავაწყდი, გვერდი ვერ ავუარე, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ჯერ ვკითხულობ და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას… შინაარსზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი – ალფრედისეულ “ფსიქოს” ალბათ ყველა იცნობს. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ წიგნიც არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ფსიქიკურად დაავადებული მანიაკის განცდები შესანიშნავადაა გადმოცემული (ასაკიდან გამომდინარე ფილმის ყურებისას ამას ნაკლები ყურადღება მივაქციე. თან ენტონი პერკინსიც განსხვავდება ბლოჰის ნორმანისგან…) და ფინალიც ისეთია, რომ წინასწარ არცოდნის შემთხვევაში ალბათ ვერც გამოვიცნობდი… More