როგორ აღვზარდოთ მომავალი კლიმი

ეს კითხვა ვასიკო კეჟერაძისთვის რომ დაგვესვა, კარცერ ლუქსს შემოგვთავაზებდა : ) მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ლიტერატურის მოყვარული კაცის მიმართ, უნდა ვაღიაროთ, რომ კარცერი მხოლოდ მკითხველების ოცნებაა. ფრანგები მომავალი კლიმის აღზრდისას უფრო რეალურ რჩევებს იყენებენ, რომლებსაც მათ დანიელ პენაკი აძლევს (მისი რჩევების უმეტესობა პირადად მაქვს გამოცდილი (ჯერჯერობით ცალმხრივად) და შემიძლია ვთქვა, რომ ამართლებს.). როგორც პოსტის წერის დროს აღმოვაჩინე, რამდენიმე დღის წინ ბატონი პენაკი ქართულადაც “ამეტყველდა”, ასე რომ, იქნებ ჩვენც დაგვეხმაროს “რომანივით საკითხავი” წიგნი : )

ახალგაზრდების უწიგნურობა რომ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოჯახებში, სანათესაო-სამეგობრო-სამეზობლოში თუ სოციალურ ქსელებში სერიოზული დისკუსიები იმართება მომავალი თაობის ინტელექტის დონის განსაზღვრისთვის. ძირითადად დასკვნა ყოველთვის ერთნაირია: ახალგაზრდები არ კითხულობენ და ამის მიზეზი ტელევიზორი და კომპიუტერია. პენაკი მათ არ ეთანხმება და, ჩემი აზრით, მართალიცაა.

მომავალი კლიმის აღზრდა, რა თქმა უნდა, ზღაპრების კითხვით იწყება. საინტერესოდ წაკითხული ზღაპარი ისე აღვიძებს მკითხველის მადას, რომ მომავალი კლიმი ვეღარ ითმენს და კითხვას სწავლობს (თუ აღმზრდელები კარგად “მუშაობენ”, მაშინ ეს სკოლაში შესვლამდე ხდება ხოლმე). მშობლებიც “ამოისუნთქავენ” და მშვიდად გადაინაცვლებენ ტელევიზორთან – მომავალი კლიმი უკვე თავად კითხულობს ზღაპრებს და აღარ ართმევს მათ “ძვირფას” 15 წუთს. თან დიდი მონდომებით ფიქრობენ, რამდენი გვერდის წაკითხვის შემდეგ დააჯილდოვონ პატარა მკითხველი ტელევიზორის ყურების უფლებით. შედეგად წიგნის “ავტორიტეტი” ეცემა და კლიმიც სხვადასხვა “მაქინაციებით” ცდილობს წიგნის ფილმებით ჩანაცვლებას. ამასობაში “გამოფხიზლებული” მშობლები უკვე “მაღალ ტონალობაში” ითხოვენ ანგარიშის ჩაბარებას წაკითხული წიგნის შესახებ და აი აქ თავს იჩენს ვერ გაგების შიში.

ოჯახური კონფლიქტების პარალელურად, “ლიტერატურული დრამა” ვითარდება სკოლაშიც. აქ ვერ გაგების ფობიას ემატება ვერ მოსწრების შიში და შედეგად ყველა პროგრამული ნაწარმოები “სისულელედ” იქცევა.

რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? წიგნის თაროები ივსება მტვრით და მომავალი კლიმიც მეტად ეჯაჭვება “პლეერს”. მასწავლებლებიც სულ უფრო ნაკლები ინტერესით კითხულობენ ერთმანეთისგან გადაწერილ თემებს და მშობლებიც “დანანებით” უყვებიან მეგობრებს, რომ კითხვის დრო უბრალოდ არ რჩებათ.

როგორც ჩანს “სამკურნალო” მხოლოდ მომავალი კლიმი არ ყოფილა : ) პირველ რიგში მშობლები უნდა დაფიქრდნენ – რატომ პოულობს კითხვისთვის დროს ქალი, რომელიც მუშაობს, დარბის მაღაზიებში, ზრდის შვილებს, აბამს რომანს ერთდროულად სამ კაცთან, დადის დანტისტთან და ბინას იცვლის? ბოლოს იქნებ იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ მთავარი სურვილი ყოფილა და დროის “მოპარვა” ყოველთვის შეიძლება. ის, რომ მომავალმა კლიმმა კითხვა იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ხანდახან ძველებურად “ერთობლივი კითხვის სეანსების” ჩატარება არ შეიძლება. და სხვათა შორის, ისიც შეიძლება, რომ კლიმი მშობლებივით არ იყოს შეყვარებული სტენდალზე : )

რაც შეეხება სკოლას, სულაც არ არის აუცილებელი მასწავლებელი “ტრადიციული” გაკვეთილების ჩატარებით შემოიფარგლოს. საინტერესოდ მიწოდებული ნაწარმოებები მოსწავლეების თვალში მწერლებს გააცოცხლებს და უცებ კლასში გამოცხადდებიან ზოლა, ბრეხტი და უაილდი. აბა რომელი მოსწავლე გაუძლებს ცდუნებას და შემდეგ გაკვეთილამდე დაელოდება ჟან ბატისტ გრენუის ამბის გაგრძელებას? იგივე მოხდება ოჯახშიც – შვილი მშობლების სამსახურიდან დაბრუნებამდე “ჩაუჯდება” “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” და საბოლოოდ მივიღებთ სასურველ შედეგს – ბოლო ფურცლის გადაშლის შემდეგ კლიმი მარტო არ რჩება. მასთან ერთად არის ექო. ზიუსკინდის ხმა თარგმანის ფილტრის შემდეგაც კი არ ჰგავს მარკესის ხმას – პირველი სიტყვებიდანაც კი ცხადია. და ჩნდება უცნაური გრძნობა – ზიუსკინდი და მარკესი მიმართავენ პირადად კლიმს, პირადად მას უყვებიან ამბავს და ისიც ირჩევს ხმას, რომელიც მეტად მოსწონს.

და ბოლოს პენაკის შემოთავაზებული მკითხველის 10 ხელშეუხებელი უფლება:

1.არ წავიკითხოთ
2.გამოვტოვოთ გვერდები
3.ბოლომდე არ წავიკითხოთ
4.ხელახლა წავიკითხოთ
5.რაც გვინდა ის წავიკითხოთ
6.ბოვარიზმი(ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება)
7. სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ
8. საიდანაც გვინდა,იქიდან დავიწყოთ კითხვა
9.ხმამაღლა ვიკითხოთ
10.არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე
P.S. მე მგონი, გამიგრძელდა 🙂 დანარჩენს  ბატონი დანიელი მოგიყვებათ, თან საკმაოდ სწრაფად და სახალისოდ 😉