შემზარავი ისტორიები ჩეჩნეთიდან

ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია – მამაცი ჟურნალისტი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ცხელ წერტილში ნამდვილი ისტორიები შეაგროვა, წიგნად აქცია და მსოფლიოს სიმართლე დაანახა – სიმართლე ჩეჩნეთსა და რუსეთზე (მანამდე ეს ასე საჯაროდ მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიამ გაბედა და სითამამისთვის დაისაჯა).

1994 წლის მიწურულს რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაესხა თავს ჩეჩნეთს (საბჭოთა დროს ბერიას და სტალინის მიერ ხალხის გადასახლება, გენოციდი “ჩვეულებრივ” ამბად ითვლებოდა). რა თქმა უნდა, ტრადიციულად “მშვიდობისმყოფელების” როლში მოგვევლინენ (ამბობენ, რომ უბრალოდ თავდაცვის მინისტრი “დათვრა”). შედეგად ორ წელიწადში ჩეჩნეთში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

1999 წელს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი (ამჯერად უკვე “გაძლიერებულმა” პუტინმა მიზეზად ვითომდა ჩეჩნური ტერაქტი გამოიყენა და პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა). ამ ომს 50 000 მოქალაქე შეეწირა. რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგან დაპირისპირება დღემდე გრძელდება. More

Advertisements

X/2011

არდადეგები დამთავრდა, მაგრამ ლიტერატურული მოგზაურობები გრძელდება 🙂

ჩინგიზ აითმათოვის “საჯალათო კუნძი” – ეს არის კიდევ ერთი წიგნი, რომლის ფურცლებზეც ვხვდებით ქრისტეს ჯვარცმის სცენას და პილატე პონტოელს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა არ არის შუა აზიელი მწერლის ნაწარმოების მთავარი თემა. ღმერთის ძიება, ნარკომანია, ეკოლოგია – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც აითმათოვი უღრმავდება. ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა ყოფილი სემინარისტი კალისტრატოვი, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის და მგლების მკვლელებთან დაპირისპირებას ჯვარცმამდე მიჰყავს (სიმბოლურია მისი ბიბლიური სახელიც – აბდია). “სამყაროს დასასრული” დგება ბოსტონის ცხოვრებაშიც. ორივე მათგანი იმ საქმეში ერევა, რომელიც თითქოს მათ არ ეხება(ისინი უპირისპირდებიან ბოროტ ძალას ნარკომოვაჭრე გრიშანის და ლოთი ბეზარბაის სახით), მაგრამ მათ იციან, რომ: ” ნებისმიერი ბოროტება, ნებისმიერი დანაშაული დედამიწის ნებისმიერ წერტილში გვეხება ჩვენ, თუნდაც შორს ვიყოთ და არც კი ვიცოდეთ მის შესახებ.”  ბოლოს კი კვლავ მიედინება ისიკ-ყული და სიკეთეც არ მარცხდება, სანამ ჟღერს მუსიკა, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი: “სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, თანაგრძნობა და შთაგონება. მხოლოდ მასში მივაღწიეთ უმაღლეს თავისუფლებას. მხოლოდ მუსიკა, ყველა დროის დოგმების გადალახვით, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. და ამიტომ ის ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც ჩვენ ვერ შევძელით…”

ალექსანდრ დიუმას “კავკასია” – მორიგი მოგზაურობის მარშრუტად XIX საუკუნის კავკასია ავირჩიე, მეგზურად კი – ძველი ნაცნობი, მონტე-კრისტოსა და მუშკეტერების “მამა” ალექსანდრ დიუმა. აქაც დაახლოებით ისეთი სიტუაცია დამხვდა, როგორც ზემოთხსენებული რომანების ფურცლებზე: უზუსტობები ისტორიულ ფაქტებში, ბევრი გამოგონილი ამბავი და ცოტაოდენი სიმართლე (ამ სიმართლეს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი სიტყვები: “ქართველი ყოველთვის ღია გულით დადის.”). ჩემი აზრით, დიუმა ისტორიული რომანებით უფრო ახერხებდა მკითხველთა გულის დაპყრობას (სამოგზაურო ჩანაწერებში ნამდვილად ჯონ სტაინბეკი სჯობს : ) ). დანტესისა და დ’არტანიანის თავგადასავლები თავის დროზე ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენა, ვიდრე მწერლის კავკასიური ნადირობა, შამილის ოჯახური ცხოვრება ან ცხენებთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში ცუდი არ იყო, მაგრამ მეტს ველოდი.

თეოდორ დოსტოევსკის “სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი” – “წარმოიდგინეთ ძალიან უმნიშვნელო, ძალიან უგულო,  საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ საოცრად თავმოყვარეა და ამასთან არანაირი ნიჭით არ არის დაჯილდოებული, რომ როგორმე გაამართლოს თავისი ავადმყოფური სიამაყე და გაღიზიანება.” – წარმოიდგინეთ? მაშინ უკვე იცნობთ ფომა ფომიჩს. პირადად მე ამ ადამიანმა და მის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ არქიფო სეთური და საირმის ტყის მოსახლეობა გამახსენა. იგივე უსაზღვრო დემაგოგია, ფარული დესპოტიზმი, უაზრო მორჩილება და პირველიდან ბოლო გვერდამდე სურვილი – ვინმემ ამოიღოს ხმა და მიახრჩოს ეს უსინდისო მუქთახორა : )) მოკლედ რომ ვთქვა, პატარა ნაწარმოებია, მაგრამ ისეთი, როგორიც დოსტოევსკის ეკადრება.

ანრი ტრუაიას “თეოდორ დოსტოევსკი” – “ის იწვოდა თავგანწირვის სურვილით, მზად იყო გაეხსნა გული პირველი შემხვედრისთვის, მაგრამ წინასწარ იკეტებოდა საკუთარ თავში. მას ეშინოდა ცხოვრების. ის შეპყრობილი იყო ტანჯვის იდეით. მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა არ ჰყვარებოდათ ის მაშინ, როცა თავად მას ყველა უყვარდა,” – ეს არის თეოდორ დოსტოევსკი – ყველა ლიტერატურის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი მწერალი. თუ მოგწონთ მისი ნაწარმოებები და გსურთ უკეთ გაიცნოთ მისი პიროვნება, მაშინ მეგზურად ანრი ტრუაია უნდა აირჩიოთ. მასთან ერთად ნახავთ პატარა ფიოდორს, გაიცნობთ ცნობილ რუს მოღვაწეებს და მწერლის სამ დიდ სიყვარულს, შეიხედავთ მის სამუშაო ოთახსა და ოჯახში, ჩაწვდებით სიკვდილმისჯილის, კატორღელის, ეპილეფსიით დაავადებულის, მოთამაშის, გარიყული შემოქმედის, პატრიოტისა და მორწმუნის განცდებს. მოკლედ, თუ გიყვართ დოსტოევსკი, ტრუაია იმედს არ გაგიცრუებთ.

უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა” – წიგნი თუ კომპიუტერი? ალბათ ჯერჯერობით ეს არის XXI საუკუნის მთავარი კითხვა. ბოლო დროს ამ “ბრძოლაში” რიდერიც ჩაერთო და პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. სწორედ წიგნის სიცოცხლისუნარიანობაზე საუბრობენ უმბერტო ეკო და ჟან-კლოდ კარიერი. როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს საუბრები მოხიბლავს ყველას – და განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარს წიგნები.” ლიტერატურასთან დაკავშირებული თემების მიმოხილვის შემდეგ მოხუცი ბიბლიოფილები ერთ დასკვნამდე მიდიან: “მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს  სხვა, უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ინფორმაციის მატარებლებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა, ისინი მაინც ინარჩუნებენ პოზიციებს და ამტკიცებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ბორბლის დამარცხება შეუძლებელია.” (სხვათა შორის, უმბერტო ეკო უცნობი მწერლებისა და შედევრების შესახებ საუბრისას “ვეფხისტყაოსანსაც” ახსენებს : ) )

“ეშმაკნი” – რომანი-წინასწარმეტყველება

საზაფხულო მოგზაურობა ლიტერატურულ ლაბირინთებში დოსტოევსკისთან შეხვედრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამჯერად მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი “ეშმაკნი” შევარჩიე.

როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, “ეშმაკნი” დოსტოევსკის ყველაზე პოლიტიზირებული ნაწარმოებია. მისი დაწერა მწერალს იმ დროს აღმოცენებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შთააგონა. დოსტოევსკის “დიდი ცოდვილის ცხოვრების” აღწერა მანამდეც სურდა, მაგრამ ამ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.ერთ-ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ, რომელიც ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შექმნეს, დასმენაში ეჭვმიტანილი სტუდენტი მოკლა. ასე შეიქმნა რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება.

ბოლშევიკურ რევოლუციამდე ბევრად ადრე მწერალმა აღმოაჩინა რუს რევოლუციონერებში “არაადამიანური ძალების” არსებობა. მოგვიანებით პატარა ქალაქში მომხდარი ამბები მთელს რუსეთზე გავცელდა. რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდნენ შატოვის მსგავსი რევოლუციონერები, რომლებიც ქვეყნის შეცვლას ღმერთის სახელით აპირებდნენ, მაგრამ ღმერთის არ სწამდათ. ისინი იყვნენ ან მემარჯვენეები, ან მემარცხენეები, მაგრამ პირველ რიგში ერისა და რევოლუციის სჯეროდათ, ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ცივილიზაციაზე მაღლა დგას და მისთვის კანონები არ არსებობს.

ეშმაკით შეპყრობილთა სათავეში დგას ვერხოვენსკი – რევოლუციის ლიდერი. ის ეუფლება სხვათა სულებს და ამავე დროს თვითონაც ეშმაკის მსახურია. მას აღარ აქვს ადამიანის სახე და აღარ არის ღმერთის ხატი და მსგავსი. დოსტოევსკიმ მისი სახით გვიჩვენა, თუ როგორ ანგრევს პიროვნებას ცრუ იდეა. ეს არის იდეა რუსული ნიჰილიზმისა, სოციალიზმისა, თანასწორობისა, იდეა ღმერთის წინააღმდეგ ბუნტისა. ასეთი იდეების გამავრცელებელი რევოლუციონერები მრავლად იდგნენ რუსეთის სათავეში და ბევრი ვერც კი ამჩნევდა მათ “შეპყრობილებას”.

დოსტოევსკიმ იწინასწარმეტყველა, რომ რუსული რევოლუცია ხალხს “უღირსი საქციელის უფლებას მისცემდა” და ხალხიც დაუფიქრებლად გაყვებოდა მათ. მართლაც, ინდივიდუალობის არ მქონე ბრბო  “Шигалевщина”-ად იქცა და ფედკა-კატორღელის მსგავსი ადამიანების ხელით რევოლუციონერებმა დაიწყეს ლოთობის, დასმენის, ჭორების, გარყვნილების თესვა. დემოკრატიის ნაცვლად დამყარდა ახალი ტიპის დიქტატურა, რომელიც თანასწორობაზე დაფუძნდა.

რევოლუციის რელიგიური მხარის სახეა კირილოვი, რომელსაც სწამს ღმერთის, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს და “კაცღმერთის” მოსვლას ელის ქვეყნის შესაცვლელად. ამავე ხაზს აგრძელებს სტავროგინი – მეამბოხე და ურწმუნო, რომელიც თითქოს არც ისეთი მნიშველოვანი ფიგურაა, მაგრამ რეალურად ყველაზე მეტადაა შეპყრობილი – ის დგას მოვლენათა ცენტრში. სწორედ მასთან ერთად სურს ვერხოვენსკის “ქვის შენობის” აგება და არა ხალხთან ერთად, სწორედ ამ ნიღბის მსგავსი უძრავი ადამიანისგან იქმნებიან ვერხოვენსკის, კირილოვის და შატოვის მსგავსი ადამიანები. სტავროგინის სულიდან გამოსული ეშმაკები ეუფლებიან სხვებს, თავად კი ფესვების გარეშე რჩება. სამშობლოს მოწყვეტილი კი წყდება ღმერთსაც, რადგან: “ვისაც არ აქვს ერი, მას არც ღმერთი ჰყავს! იცოდეთ, რომ ყველა, ვინც ვეღარ უგებს თავის ერს და კარგავს მასთან კავშირს, მაშინვე კარგავს რწმენასაც, ხდება ათეისტი ან გულგრილი.”

დოსტოევსკიმ შექმნა ეს გმირები, გააცოცხლა არარეალური ადამიანები. ამ ადამიანთა “მოღვაწეობის პერიოდი” 1871-1872 წლებია. უკვე მომდევნო საუკუნეში კი რუსეთში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ. ლენინის ხელმძღვანელობით მათ, ისევე როგორც დოსტოევსკის “ქმნილებებმა”, დაიწყეს მმართველობა საყოველთაო თანასწორობის გამოცხადებით და ბოლოს უსაზღვრო დესპოტიზმამდე მივიდნენ. სწორედ ასეთ რუსეთზე ამბობს უფროსი ვერხოვენსკი: “ო, რუსები უნდა განადგურდნენ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის, როგორც მავნე პარაზიტები!”, სწორედ ასეთი რუსებისგან უნდა განიდევნოს ეშმაკი და სამუდამოდ ჩაიძიროს ტბის ფსკერზე. მხოლოდ ასე განიკურნებიან შეპყრობილნი.

ჯონ სტაინბეკი – “რუსული დღიური”

ცხელი ივლისი ჯონ სტაინბეკსა და რობერტ კაპასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში მოგზაურობით დავასრულე. : ) ჰამსუნის კავკასიური შთაბეჭდილებების შემდეგ საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მწერლის ასეთი ყურადღება ხალხისა და ქვეყნების კულტურის მიმართ.

მოგზაურობისას სტაიბეკმა და კაპამ მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, თბილისი, მცხეთა, ბათუმი, გორი. იმ დროისათვის ეს ქალაქები ერთ ქვეყანაში მდებარეობდა, მაგრამ რეალურად ისინი სამი განსხვავებული ეროვნების ადამიანებით იყო დასახლებული. სწორედ მათი განსხვავებული ხასიათითა და ცხოვრების წესით იყვნენ დაინტერესებულნი მოგზაურებიც.

მოსკოვში ამერიკელებისთვის მთავარი სიურპრიზი ის იყო, რომ ხალხი არასდროს იცინოდა. განსხვავებული სიტუაცია დახვდათ უკრაინაში, სადაც მოსახლეობა უფრო სტუმართმოყვარე, მხიარული და ენერგიულია. მათზე დაკვირვებით სტაინბეკმა ისიც კი დაასკვნა, რომ რეალურად ისინი უფრო ნაკლებად ჰგვანან რუსებს, ვიდრე მსოფლიოში ჰგონიათ.

მოგზაურობის შემდეგი ეტაპი საქართველო იყო. აქ ჩამოსვლამდე სტაინბეკსა და კაპას უკვე სმენოდათ ამ ქვეყანაზე: “სადაც არ უნდა ვყოფილიყავით- იქნებოდა ეს მოსკოვი, უკრაინა თუ სტალინგრადი ყველგან წინ გვხვდებოდა ეს მაგიური სიტყვა – საქართველო. ადამიანები, რომელნიც იქ არასოდეს ყოფილან და ალბათ ვერასოდეს ვეღარც წავლენ, საქართველოზე ლაპარაკობდნენ დიდი გრძნობითა და აღტაცებით. ისინი ქართველებზე ლაპარაკობდნენ როგორც ზეადამიანებზე, კარგ მსმელებზე, დიდ მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, სანიმუშო მშრომელებსა და საყვარლებზე. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი იხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე მართლა ვრწმუნდებოდით იმაში, რომ რუსების უმრავლესობას სჯეროდა, რომ თუ ისინი კარგად და წესიერად იცხოვრებდნენ, სიკვდილის მერე სამოთხეში კი არა საქართველოში მოხვდებოდნენ.” ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ: “ეს ქართველები მართლაც სხვანაირები არიან გარეგნობით. ისინი არიან უფრო მუქი, და ბოშებს წააგვანან, ქათქათა თეთრი კბილებით, გრძელი ლამაზად გამოყვანილი ცხვირით, და შავი ხუჭუჭა თმით. თითქმის ყველა კაცი ულვაშიანია, და უფრო ლამაზები არიან ვიდრე ქალები. ისინი არიან გამხდრები და ძლიერები და აქვთ შავი, ბრწყინვალე თვალები. ეს არის ცეცხლოვანი, ამაყი, მგზნებარე და მხიარული ერი. რუსეთის სხვა ერები მათით ძლიერ აღტაცებულნი არიან. ისინი ლაპარაკობენ ქართველების ძლიერებაზე და მათი სიცოცხლით სავსე ხასიათზე.ქართველი კაცები ისე როგორც არც ერთი სხვა ერის წარმომადგენლები, რუს ქალებში სარგებლობენ უდიდესი ავტორიტეტით. ეს არის პოეტური და მუსიკალური ერი, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა. მკვიდრად ცხოვრობენ ისინი ბუნებით ნაყოფიერ ქვეყანაში, რომლისთვისაც თავგამოდებით იბრძოდნენ ორიათასი წელი.”

თბილისში კაპამ და სტაინბეკმა თავი ისე იგრძნეს, როგორც საკუთარ სახლში, აღფრთოვანდნენ ქუჩების სისუფთავით, გარემოს სილამაზით, გაუკვირდათ, რომ საქართველოში ასე უყვართ ხელოვნება და ასე სცემენ პატივს “ვეფხისტყაოსანს”, რომ აქ ყველა რელიგიის წარმომადგენლებს აქვთ სალოცავები. შემდეგ გაემგზავრნენ მცხეთაში, დაათვალიერეს ქალაქი და მოისმინეს უფლის კვართის ისტორია.

გორში სტალინის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოგზაურებმა მოინახულეს “სასიამოვნო ტროპიკული კურორტი ბათუმი”. აქაც, ისევე როგორც სხვა ქართულ ქალაქებში, ვერ “ასცდნენ” ქართულ ღვინოსა და ბორჯომს. : )

ასე დასრულდა ჯონ სტაინბეკისა და რობერტ კაპას მოგზაურობა სსრკ-ში. მათი მიზანი იყო უბრალო ხალხის გაცნობა და მათ ეს მოახერხეს. თუ წიგნში საქართველოსთვის გამოყოფილი ადგილით ვიმსჯელებთ, ისინი ნამდვილად კმაყოფილნი დარჩნენ ქართველებთან შეხვედრით. სტაინბეკმა ისიც კი თქვა, რომ: “საქართველო ჯადოსნური ადგილია და ხალხიც ჯადოსნურია. მართალია, რომ მათ აქვთ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყანა. და ჩვენ მივხვდით, თუ რატომ გვეუბნებოდნენ რუსები: “სანამ თქვენ არ გინახავთ საქართველო, თქვენ არაფერი გინახავთ”.

P.S. სამწუხაროდ, წიგნი ვერ აღმოვაჩინე და რობერტ კაპას ფოტოებით ვერ დავტკბი. დარწმუნებული ვარ, ილუსტრირებული მონათხრობი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. : )

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა და წიგნის ქართული თარგმანიც გამოვიდა. ამ კეთილი საქმის “ავტორი” გამოცემლობა “არტანუჯი” გახლავთ.