საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი I)

ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” – ეს არის ისტორია კლოუნი შნირისა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა – ხელოვნება, საყვარელი ქალი. რწმენა არც არასდროს ჰქონია, მშობლები კი იმ მდიდართა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც შვილებსაც კი გასწირავენ, ოღონდ “ებრაელი იანკები” დამარცხდნენ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ხელმოცარული კლოუნი ვერ აკეთებს არჩევანს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის, ვერ ეგუება პოლიტიკისა და ფულის ბატონობას, მარის წასვლა კი საბოლოოდ უღებს ბოლოს – ის ცარიელი თვალებით უყურებს გრიმით გათეთრებულ  სახეს სარკეში და გაუცხოებას გრძნობს როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ასეთია სხვებისგან განსხვავებული ხელოვანის მარტოსული ცხოვრება საუკუნეში, რომელსაც თუ აუცილებლად სახელი უნდა დაერქვას, პროსტიტუცია ჰქვია და სადაც “ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი.”…კლოუნის თვალით დანახული გერმანიის გაცნობა ნამდვილად საინტერესო იყო, ისევე როგორც ომისშემდგომი ცხოვრების – “უკაცო სახლში”, თუმცა მელანქოლიით შეპყრობილმა შნირმა უფრო “ჩემი ნაღვლიანი სახე” გამახსენა…

ლევ ტოლსტოის “კრეიცერის სონატა” – ლევ ტოლსტოის დიდი ხნის წინ შევხვდი და პატარ-პატარა შესვენებებით საფუძვლიანად გავიცანი. დღეიდან ამ მწერლის წაკითხულ ნაწარმოებებს “კრეიცერის სონატაც” შეემატა. ეს მოთხრობა ხალხმა არაერთგვაროვნად მიიღო, ამიტომ თავად ავტორმა განგვიმარტა, თუ რა იგულისხმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრის მიერ ცოლის მოკვლის ამბავში. პირველ რიგში, ის ეწინააღმდეგება მრუშობას. სწორედ ამას უკავშირებს ის ღალატს და ბავშვების დაბადების თავიდან აცილების სურვილს. რაც შეეხება უკვე დაბადებულ ბავშვებს, ტოლსტოის აზრით, მათ ადამიანებად კი არა, ცხოველებად ზრდიან, რადგან მხოლოდ მათ ფიზიკურ მხარეზე ზრუნავენ. საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივდივართ – მწერალი უარყოფს ქორწინების საიდუმლოს და ამბობს, რომ ასეთი რამ ქრისტიანულ რელიგიაში საერთოდ არ არსებობს… მოკლედ, ორ რამეში დავრწმუნდი – ლევ ტოლსტოის სათქმელის გადმოსაცემად სულაც არ სჭირდებოდა უზარმაზარი ნაწარმოებების წერა და მისი ეკლესიიდან განკვეთა გასაკვირი სულაც არ არის… მეტი