“სამოსელი პირველი”

ჩემი ბლოგის სახელიდან გამომდინარე, არავის გაუკვირდება, თუ პირველ პოსტს გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს მივუძღვნი.

ჩემთვის “სამოსელი პირველი” მხოლოდ წიგნი არ არის. თუ კარგად დააკვირდებით, მასში მთელს ცხოვრებას აღმოაჩენთ. მანამდეც და მას შემდეგაც ბევრი კარგი წიგნი წამიკითხავს, მაგრამ ასე მწვავედ არასდროს მიგრძვნია სიყვარულის კაქტუსის ჩხვლეტა, არასდროს მიფიქრია, რომ თვითმკვლელობა შეიძლება ძმათა ხათრით სიკვდილი იყოს და რომ ადამიანთა სიკვდილის ყურებით ადამიანთა სიყვარულს ვსწავლობთ.

მწერლის მხარზე შემდგარმა შევიხედე ლამაზ-ქალაქის, კამორას ფანჯრებში, დომენიკოსთან ერთად გავიარე გზა სოფლიდან კანუდოსამდე და საბოლოოდ ერთ რამეს მივხვდი: ყოველი ჩვენგანი მარადიული მგზავრია, რომელიც საკუთარი სურვილით ტოვებს მამას, სოფელს, თანაც ისე, რომ უკან დასაბრუნებელ გზას არ იტოვებს. შემდეგ გვხვდება უამრავი ადამიანი, ისეთები, როგორებიც არიან კუმეო, ტულიო, მამიდა არიადნა, … პირადად მე დიდ ბედნიერებად მივიჩნევდი, თუ გზად “კაქტუსოვან” ალექსანდროს, “შველივით” მუსიკოს ანა-მარიას გადავეყრებოდი. დავიმეგობრებდი უმეგობრო ედმონდოს და მენდომებოდა, რომ გაოცებამდე მშვენიერი თვალები მქონოდა და ვყოფილიყავი ნამდვილი ქალი, რომელიც დუმილის დროსაც კი რაღაცას ამბობს, მეც ვყვარებოდი ვინმეს ისე, როგორც დომენიკოს უყვარდა.  წინ რთული გზაა, მაგრამ მუდამ ვგრძნობთ, რომ ვიღაცას ვუყვარვართ. სწორედ ეს გვმატებს ძალას და ვხვდებით: “ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.” ეს ქალაქი ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ოცნების კანუდოსი, ქალაქი, სადაც სულს ვპოულობთ.შემდეგ კი გრძელდება გზა, უძღები შვილები ვუბრუნდებით სოფელს, მამას.

მანამდე კი გრძელი გზაა, დიდი კანუდოსელების, დიდი სიყვარულის გზა, იმ სიყვარულისა, რომელიც დედამიწას ატრიალებს. ბოლოს კი სოფელში მარადახალი მდინარის პირას ერთადერთი ფიქრია: ნუთუ ყოველივე ეს.