X/2011

არდადეგები დამთავრდა, მაგრამ ლიტერატურული მოგზაურობები გრძელდება 🙂

ჩინგიზ აითმათოვის “საჯალათო კუნძი” – ეს არის კიდევ ერთი წიგნი, რომლის ფურცლებზეც ვხვდებით ქრისტეს ჯვარცმის სცენას და პილატე პონტოელს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა არ არის შუა აზიელი მწერლის ნაწარმოების მთავარი თემა. ღმერთის ძიება, ნარკომანია, ეკოლოგია – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც აითმათოვი უღრმავდება. ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა ყოფილი სემინარისტი კალისტრატოვი, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის და მგლების მკვლელებთან დაპირისპირებას ჯვარცმამდე მიჰყავს (სიმბოლურია მისი ბიბლიური სახელიც – აბდია). “სამყაროს დასასრული” დგება ბოსტონის ცხოვრებაშიც. ორივე მათგანი იმ საქმეში ერევა, რომელიც თითქოს მათ არ ეხება(ისინი უპირისპირდებიან ბოროტ ძალას ნარკომოვაჭრე გრიშანის და ლოთი ბეზარბაის სახით), მაგრამ მათ იციან, რომ: ” ნებისმიერი ბოროტება, ნებისმიერი დანაშაული დედამიწის ნებისმიერ წერტილში გვეხება ჩვენ, თუნდაც შორს ვიყოთ და არც კი ვიცოდეთ მის შესახებ.”  ბოლოს კი კვლავ მიედინება ისიკ-ყული და სიკეთეც არ მარცხდება, სანამ ჟღერს მუსიკა, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი: “სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, თანაგრძნობა და შთაგონება. მხოლოდ მასში მივაღწიეთ უმაღლეს თავისუფლებას. მხოლოდ მუსიკა, ყველა დროის დოგმების გადალახვით, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. და ამიტომ ის ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც ჩვენ ვერ შევძელით…”

ალექსანდრ დიუმას “კავკასია” – მორიგი მოგზაურობის მარშრუტად XIX საუკუნის კავკასია ავირჩიე, მეგზურად კი – ძველი ნაცნობი, მონტე-კრისტოსა და მუშკეტერების “მამა” ალექსანდრ დიუმა. აქაც დაახლოებით ისეთი სიტუაცია დამხვდა, როგორც ზემოთხსენებული რომანების ფურცლებზე: უზუსტობები ისტორიულ ფაქტებში, ბევრი გამოგონილი ამბავი და ცოტაოდენი სიმართლე (ამ სიმართლეს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი სიტყვები: “ქართველი ყოველთვის ღია გულით დადის.”). ჩემი აზრით, დიუმა ისტორიული რომანებით უფრო ახერხებდა მკითხველთა გულის დაპყრობას (სამოგზაურო ჩანაწერებში ნამდვილად ჯონ სტაინბეკი სჯობს : ) ). დანტესისა და დ’არტანიანის თავგადასავლები თავის დროზე ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენა, ვიდრე მწერლის კავკასიური ნადირობა, შამილის ოჯახური ცხოვრება ან ცხენებთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში ცუდი არ იყო, მაგრამ მეტს ველოდი.

თეოდორ დოსტოევსკის “სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი” – “წარმოიდგინეთ ძალიან უმნიშვნელო, ძალიან უგულო,  საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ საოცრად თავმოყვარეა და ამასთან არანაირი ნიჭით არ არის დაჯილდოებული, რომ როგორმე გაამართლოს თავისი ავადმყოფური სიამაყე და გაღიზიანება.” – წარმოიდგინეთ? მაშინ უკვე იცნობთ ფომა ფომიჩს. პირადად მე ამ ადამიანმა და მის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ არქიფო სეთური და საირმის ტყის მოსახლეობა გამახსენა. იგივე უსაზღვრო დემაგოგია, ფარული დესპოტიზმი, უაზრო მორჩილება და პირველიდან ბოლო გვერდამდე სურვილი – ვინმემ ამოიღოს ხმა და მიახრჩოს ეს უსინდისო მუქთახორა : )) მოკლედ რომ ვთქვა, პატარა ნაწარმოებია, მაგრამ ისეთი, როგორიც დოსტოევსკის ეკადრება.

ანრი ტრუაიას “თეოდორ დოსტოევსკი” – “ის იწვოდა თავგანწირვის სურვილით, მზად იყო გაეხსნა გული პირველი შემხვედრისთვის, მაგრამ წინასწარ იკეტებოდა საკუთარ თავში. მას ეშინოდა ცხოვრების. ის შეპყრობილი იყო ტანჯვის იდეით. მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა არ ჰყვარებოდათ ის მაშინ, როცა თავად მას ყველა უყვარდა,” – ეს არის თეოდორ დოსტოევსკი – ყველა ლიტერატურის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი მწერალი. თუ მოგწონთ მისი ნაწარმოებები და გსურთ უკეთ გაიცნოთ მისი პიროვნება, მაშინ მეგზურად ანრი ტრუაია უნდა აირჩიოთ. მასთან ერთად ნახავთ პატარა ფიოდორს, გაიცნობთ ცნობილ რუს მოღვაწეებს და მწერლის სამ დიდ სიყვარულს, შეიხედავთ მის სამუშაო ოთახსა და ოჯახში, ჩაწვდებით სიკვდილმისჯილის, კატორღელის, ეპილეფსიით დაავადებულის, მოთამაშის, გარიყული შემოქმედის, პატრიოტისა და მორწმუნის განცდებს. მოკლედ, თუ გიყვართ დოსტოევსკი, ტრუაია იმედს არ გაგიცრუებთ.

უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა” – წიგნი თუ კომპიუტერი? ალბათ ჯერჯერობით ეს არის XXI საუკუნის მთავარი კითხვა. ბოლო დროს ამ “ბრძოლაში” რიდერიც ჩაერთო და პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. სწორედ წიგნის სიცოცხლისუნარიანობაზე საუბრობენ უმბერტო ეკო და ჟან-კლოდ კარიერი. როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს საუბრები მოხიბლავს ყველას – და განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარს წიგნები.” ლიტერატურასთან დაკავშირებული თემების მიმოხილვის შემდეგ მოხუცი ბიბლიოფილები ერთ დასკვნამდე მიდიან: “მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს  სხვა, უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ინფორმაციის მატარებლებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა, ისინი მაინც ინარჩუნებენ პოზიციებს და ამტკიცებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ბორბლის დამარცხება შეუძლებელია.” (სხვათა შორის, უმბერტო ეკო უცნობი მწერლებისა და შედევრების შესახებ საუბრისას “ვეფხისტყაოსანსაც” ახსენებს : ) )

ჩემი ლიტერატურული სექტემბერი :)

არდადეგების ბოლო თვეც დადგა და ლიტერატურული მოგზაურობაც გაგრძელდა : )

ტარას შევჩენკოს მოთხრობები – თავის მოთხრობებში მწერალი უბრალო უკრაინელების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ხუტორებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით ირჩევენ თავს.  ამიტომაც წერს ერთ-ერთ მოთხრობაში: “ო, აგრონომო-ფილანტროპებო! გამოიგონეთ ნამგლის ნაცვლად რაიმე მანქანა. ამით თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ მძიმე შრომისთვის განწირულ კაცობრიობას!” შევჩენკოს ეს ოცნება მოგვიანებით ახდა, მანამდე კი მასაც, თავისი გმირების მსგავსად, უამრავი დაბრკოლება შეხვდა ცხოვრების გზაზე. საერთო ჯამში საინტერესო იყო ძველ უკრაინაში მოგზაურობა, მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა რუსულ ტექსტში შიგადაშიგ გარეული უკრაინული სიტყვების გაგება 🙂 ჩემი აზრით, ტარას შევჩენკო ბევრად უფრო დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე პროზაიკოსი. მოთხრობებში თითქოს მისი უსაზღვრო პატრიოტიზმი ისე არ ჩანს, როგორც პოემებსა და ლექსებში. ჩემთვის მის ფავორიტ ნაწარმოებად ლექსი “ანდერძი” რჩება, რომელიც რუსულ თარგმანშიც ისევე კარგად ჟღერს, როგორც ორიგინალში.

გრიგოლ აბაშიძის “ლაშარელა” – ამჯერად გადავწყვიტე მეცამეტე საუკუნის საქართველოში მემოგზაურა. ლაშა-გიორგის ეპოქა სულაც არ ჰგავდა დიდი თამარის ოქროს ხანას. დიდებულები მეფეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავად ლაშა კი მხოლოდ ერთგული მცველის, ლუხუმ მიგრიაულის ცოლის სიყვარულზე ზრუნავდა. მისი პირადი ცხოვრება ქვეყნის ინტერესებს გადაეჯაჭვა, რადგან:  “ეგ ლახვარი მარტო მიგრიაულს კი არა, საქართველოს ძლიერებას ჩასცეს ზურგში, რადგან საქართველოს ძლიერება მიგრიაულისთანა პატიოსან ყმა გლეხების ძალასა და სიმტკიცეზე იყო მუდამ დამყარებული.” ამ აკრძალული სიყვარულისგან მხოლოდ ტახტის მემკვიდრე დავით ულუ დარჩა, საქართველოს კი ჯერ მოხარკენი განუდგნენ, შემდეგ კი გაძლიერებული მონღოლები მოადგნენ. ასე მიეცა დავიწყებას ქართველთა დაუმარცხებლობის ამბავი. ლაშამ კი, როგორც თავად ამბობდა, ვერ გაამართლა იმედი, ვერ შეძლო, დავით აღმაშენებლის მსგავსად, ლილეს სიყვარულის გულიდან ამოღება და ვერ შესწირა სამშობლოს მსხვერპლად პირადი ბედნიერება.

გრიგოლ აბაშიძის “დიდი ღამე” – დასრულდა ლაშას ეპოქა და ტახტზე ავიდა რუსუდანი. მისი მმართველობისას საქართველოს ჯერ ჯალალედინი დაესხა თავს, შემდეგ კი – მონღოლები. მეფისა და ერისთავების მზრუნველობას მოკლებული ქვეყანა მტრებს ჩაუვარდა ხელში: ” მაშ, დაღუპულა საქართველო, თუ აღარც მეფე ჰყავს მზრუნველი და აღარც ერისმთავარი. იმის მაგივრად, რომ დაგვეცვა და შეგვენახა საქართველოს ძლიერება, ქვეყანა დავამხეთ და დავაუძლურეთ? მერე გვაპატიებს, განა, შთამომავლობა? _ ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ საწყევად ვუტოვებთ ჩვენს სახელს შვილთა და შვილიშვილთ,” – ამბობს მოვლენათა ცენტრში მყოფი მგოსანი თურმან თორელი, დიდი მამულიშვილის, შალვა ახალციხელის ბიძაშვილი. თურმანმა სამშობლოს სიყვრულს ცხოვრება შესწირა, ისევე როგორც ჯალალედინის ბრძანებით დაბრმავებულმა მხატვარმა ვაჩემ, წინამძღვარმა პავლიამ, ცაგომ, ლელამ, … არაერთი გმირი შთანთქა დიდმა ღამემ, მაგრამ, როგორც თავად თორელმა თქვა: “გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.” უსინათლო ვაჩე კი თითქოს ხედავს თეთრი დროშის ფრიალს და ამბობს: “გორგასლიანი დროშის ნათელი გაჰფანტავს ღამის სიბნელესო!”

ორჰან ფამუქის “თეთრი ციხესიმაგრე” – ეს არის ისტორია ორი ერთნაირი გარეგნობის ადამიანისა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა – ერთი აღმოსავლეთს წარმოადგენს, მეორე – დასავლეთს. იტალიელი ცდილობს სტამბულთან შეგუებას, თურქი კი დასავლურ მეცნიერებებს ეუფლება. საბოლოოდ კი ვეღარ ვიგებთ რომელი მათგანია ევროპელი და რომელი აზიელი. ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად იქცევა: “ამ სიზმარში თქვენ გარბიხართ მიხვეულმოხვეულ გზებზე ბნელ ტყეში, რათა სწრაფად მიაღწიოთ მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქათქათა საოცრებამდე, სადაც მეფობს მხიარულება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება, და ბედნიერება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ გსურთ. მაგრამ გზა, რომელიც თითქოს სულ მალე უნდა დამთავრდეს, რატომღაც გრძელდება.” როგორც თავად ფამუქი ამბობს ბოლოსიტყვაობაში: “თეთრი ციხესიმაგრის” იდეა, რა თქმა უნდა, იმაში არ მდგომარეობს, რომ გავიგოთ, რამდენად მოსახერხებელია და შეესაბამება რეალობას აღმოსავლეთიდა და დასავლეთის დაყოფა. ნაწარმოები გვიჩვენებს კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელ მახასიათებლებს. ეს განსხვავებები ილუზიაა, მაგრამ ეს ილუზია ასეთი ენთუზიაზმით რომ არ შეექმნათ  საუკუნეების მანძილზე, მაშინ ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი ნათელი.” თუ გაინტერესებთ კულტურათა დაპირისპირების თემა, აუცილებლად გაეცანით ამ მწერალს და თუ “თეთრი ციხესიმაგრე” გაამართლებს თქვენს მოლოდინს, მაშინ ფამუქის პიროვნების უფრო ახლოს გასაცნობად თვალი გადაავლეთ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვას “მამაჩემის ჩემოდანი” (თუ დოსტოევსკის შემოქმედებასაც აფასებთ, შეგიძლიათ ისიც შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს მის ნაწარმოებებზე “რიგითი” მკითხველი ორჰანი). 😉

ერიკ-ემანუელ შმიტის “პილატეს სახარება” – ეს არის ისტორია იეშუასი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას და საბოლოოდ ხვდება, რომ: “მარტო მხოლოდ სამყაროსგან დამალვა შეგვიძლია, ხოლო თუ გავერთიანდებით, შევძლებთ მის შეცვლას.” ამიტომ ის უფლის რწმენით აერთიანებს ხალხს და მათთან ერთად ქადაგებს სიყვარულს. აქვე ვხვდებით ეჭვებით შეპყრობილ პილატე პონტოელს და გამცემ იეგუდას, იეშუას დედას და მოწაფეებს, იოჰანანს და რომაელ ჩინოვნიკებს. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება როგორც რეალური პიროვნებებისგან, ისე ბულგაკოვის გმირებისგან. მაგრამ შმიტის მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ: “შეიყვარე სხვა ისე, რომ მიიღო მისი სისულელეებიც კი. ძალადობაზე ძალადობით პასუხი, გამოყენება წესისა “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, მხოლოდ ამრავლებს ბოროტებას, უფრო მეტიც – აქცევს ბოროტებას წესად. ძალადობაზე სიყვარულით პასუხი ძალადობის ჩაქრობას ნიშნავს. ღმერთის სამეფოს კარი ყველა ჩვენგანშია. ეს არის იდეალი, ოცნება, ნოსტალგია, იმედი. სიყვარული მარადიულია. ის იწვის, როგორც ალი, მაგრამ ეს ალი სუსტია. მის ჩაქრობას ცდილობენ.” ერთი შეხედვით რიგითი წიგნია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ დავფიქრდებით ცხოვრების არსზე და სულს შევუბერავთ სიყვარულის ცეცხლს. : )

გავიდა ზაფხულის არდადეგები. ამ სამი თვის მანძილზე  ვიმოგზაურე მრავალ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ძველ რომში, ყოფილ სსრკ-ში, რუსეთში, ინდოეთში, ისრაელსა და თურქეთში, გავიცანი მრავალი ახალი გმირი და მწერალი, ძველებთან ურთიერთობა გავაღრმავე, 🙂 4 წიგნი შევმატე ჩემს რჩეულ ნაწარმოებებს და არც ერთი სერიოზული იმედგაცრუება არ განმიცდია. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი არდადეგები გამოვიდა, მაგრამ ამით მოგზაურობები არ მთავრდება. წინ კიდევ უამრავი საინტერესო ნაწარმოებია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..” 🙂