ჰერმან ჰესე – “სიდჰარტჰა”

ზაფხულის მოგზაურობისას გადავწყვიტე გერმანელ მწერალს შევხვედროდი და ინდოეთში აღმოვჩნდი. ჰარი ჰალერისა და გოლდმუნდის შემდეგ ჰერმან ჰესემ სიდჰარტჰა გამაცნო.  სიტყვა “სიდჰარტჰა” ნიშნავს ადამიანს, რომელმაც მიზანს მიაღწია. მთელი ნაწარმოებიც ამას ეძღვნება – ადამიანის სვლას მიზნისაკენ.

ბრაჰმანის ვაჟი სიდჰარტჰა ჭეშმარიტებას ეძებს. სწორი გზის საპოვნელად არაერთ გზას ადგება – განდგომის, ხორციელი სიყვარულის, სიმდიდრის, მაგრამ ერთ დღესაც ხვდება, რომ მის გულში რაღაც მოკვდა. მას აღარც ლოდინი, ფიქრი და მარხვა ახარებს. საზოგადოებაში ჭეშმარიტებას ვერ პოულობს, რადგან “ადამიანთა უმეტესობა ჩამოვარდნილ ფოთლებს ჰგავს. ისინი ჰაერში ტრიალებენ, მაგრამ ბოლოს ძირს ეცემიან. სხვები კი – მხოლოდ მცირედნი – ვარსკვლავებს ჰგვანან. ისინი გარკვეული გზით მოძრაობენ. ვერანაირი ქარი ვერ აიძულებს მათ, რომ გზიდან გადაუხვიონ. ისინი თავის თავში ატარებენ საკუთარ კანონს და საკუთარ გზას. ” რჩეულ ვარსკვლავებს მიეკუთვნება სიდჰარტჰაც, ამიტომ ის ისევ ადგება გზას.

ამჯერად სიდჰარტჰას გზა “მარადახალ” მდინარესთან მიდის, რომელთანაც ძველი ნაცნობი ვასუდევა ელოდება. ვასუდევა მდინარეს უსმენს და ამითაა ბედნიერი. სტუმარსაც ასწავლის მდინარის მოსმენას. სწორედ აქ ხვდება სიდჰარტჰა, რომ დრო რეალურად არ არსებობს და ბედნიერებას აღწევს, სანამ არ გაიცნობს თავის ვაჟს, რომელიც კამალასგან შეეძინა (კამალა სიდჰარტჰას ცხოვრებაში ხორციელი სიამოვნების ეტაპს გამოხატავს). უდედოდ დარჩენილი ვაჟი არ ემორჩილება მამას და მისი გაქცევის შემდეგ სიდჰარტჰა ხვდება, რომ მის დაბრუნებას აზრი არ აქვს. თავის დროზე თავადაც დატოვა მამა, მაგრამ რადგან დრო არ არსებობს, არც ადამიანთა აწმყოა რეალური.

გადის წლები. ვასუდევას განდგომის შემდეგ სიდჰარტჰა მარტოა მდინარესთან ერთად. ბოლო ეპიზოდში ის ცხოვრების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ძველ მეგობარს, გაუტამას მოსწავლე გოვინდას უზიარებს. სწორედ ცხოვრებისა და მდინარის დახმარებით მიაღწია მან მიზანს, აღმოაჩინა ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: “სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად. სამყაროს შეცნობა, მისი ახსნა, მისი ზიზღი – ეს ყველაფერი დიდ მოაზროვნეებს დავუტოვოთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ – ვისწავლოთ სამყაროს სიყვარული, არ შევიზიზღოთ ის, არ შეგვძულდეს ის და საკუთარი თავი, ვუყუროთ მას, საკუთარ თავს და ყველა არსებას სიყვარულით, აღფრთოვანებითა და პატივისცემით.”