სისხლივით წითელი

10846433_10152570929734211_8738513582809699955_nგახსოვთ ლიზბეთ სალანდერი? თუმცა რას გეკითხებით. რა თქმა უნდა, გახსოვთ. ამ ფრიად ორიგინალურ (ჩემთვის ძალიან საყვარელ და მონატრებულ) “დეტექტივს” რა დაგავიწყებდათ. ჰოდა, ახლა ლუმიკი ანდერსონი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ძალიან ჰგავს ლიზბეთს (აკი თავადვე ამბობს მისი შვილი ვარო… აი, პუაროს “მამობას” კი მომკალით და ვერ ვიჯერებ).

ფინელი ლუმიკი (მისი სახელი რომ ვთარგმნოთ, ფიფქიას მივიღებთ) ლიზბეთივით ჩვეულებრივი გოგოა არაჩვეულებრივად მძიმე წარსულით (თუმცა სალა სიმუკამ სტიგ ლარსონზე მეტად დაინდო თავისი გმირი). თუმცა იმ 29 თებერვლისთვის, როდესაც თხრობა იწყება, მისი ცხოვრება ასე თუ ისე სტაბილურია… სანამ შემთხვევით სკოლის ფოტოლაბორატორიაში არ შეაბიჯებს და სისხლიან ევროებს არ აღმოაჩენს (ბედი არ გინდა)… თითქოს ეს არ ეყოფოდა და ცხოვრებაში პირველად (უფრო სწორად კი მეორედ) “გამოვა” საკუთარი მარტოობიდან, მისთვის საძულველი თვისებების “თაიგულით შემკული” ელისას, ტუუკასა და კასპერის დაცვას მოინდომებს და მერე იწყება რაც იწყება – გიჟური სირბილი სიცოცხლის გადასარჩენად, ტყვიების ზუზუნი ზურგს უკან, გამოძიება და დამაგვირგვინებელი აკორდი – სისხლიანი წვეულება “თეთრი დათვის” ბუნაგში… გაექცევა ლუმიკი ამ ყველაფერს? მაფიას ხომ გრძელი ხელები აქვს… იქნებ მიწვდნენ კიდეც ან ვერ შეღებონ მისი სისხლით თოვლი… პასუხი თავად უნდა იპოვოთ! More