სანამ სტალინი გვიმზერს

მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბლოგი მხოლოდ ლიტერატურას ეძღვნება. სხვა თემებზე აქ არ ვსაუბრობთ. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, სტალინიზმის ნამდვილ სახეზე მსჯელობა არ გვაწყენს. თან სულ ცოტა ხნის წინ ამ თემისადმი მიძღვნილ რამდენიმე საინტერესო წიგნს გადავეყარე.

ანატოლი კუზნეცოვის “ბაბი იარი” ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, უფრო სწორად – დოკუმენტი. აქ თითოეული სიტყვა სიმართლეა და ავტორის მოგონებებს ეფუძნება. კუზნეცოვი კიევში გაიზარდა და შესაბამისად კომუნისტურ და ფაშისტურ მმართველობებსაც პირადად შეესწრო. მისი ან მისი ოჯახის თვალწინ მოხდა კოლექტივიზაცია, “ჰოლოდომორი”, მეორე მსოფლიო ომის დაწყება, ნაცისტების შემოსვლა კიევში და ბაბი იარის ტრაგედია (ებრაელებისა და სხვა “არასასურველი” მოქალაქეების მასობრივი დახვრეტები), ბოლშევიკების მიერ დაგეგმილი აფეთქებები კრეშატიკსა და კიევ-პეჩერსკის ლავრაში… ავტორმა თავად იცხოვრა ოკუპაციიდან ოკუპაციამდე და ამიტომ თუ ეს ეპოქა გაინტერესებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მაგრამ ყურადღებით იყავით – გასაგები მიზეზების გამო (უკრაინელთა და ებრაელთა გენოციდები, ნამდვილი ისტორიები მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ტაბუდადებულია სოვიეტისტებისათვის), საბჭოთა კავშირის არსებობისას წიგნი მხოლოდ ცენზურის შემდეგ დაიბეჭდა და ცალსახად ანტიფაშიტური სახე მიიღო, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ავტორის ჩანაფიქრს (ეჩვენებინა, თუ რამდენი საერთო ჰქონდათ ჰიტლერსა და სტალინს, როგორც ოკუპაციის ლიდერებს). თუ უცხო ენებზე კითხვის საშუალება გაქვთ, სრული ვერსია უნდა მოიძიოთ. More

დიდი ძმა გვიყურებს ანუ როგორ კლავენ სულებს

“1984”, “ცხოველების ფერმა”-ამბობენ, ეს ნაწარმოებები ჯორჯ ორუელმა საბჭოთა კავშირს “მიუძღვნაო”, თუმცა ვერც  იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ დიქტატურა XX საუკუნის 20-იან წლებამდეც არსებობდა და XXI საუკუნეშიც არსებობს. აი, გრიგოლ რობაქიძემ კი ნამდვილად სსრკ-ს ჭეშმარიტი სახე დაგვიტოვა “ჩაკლული სულის” სახით. სწორედ ამ სამ ნაწარმოებს გავაერთიანებთ დღეს ჩემს “რიგგარეშე” პოსტში და ლიტერატურულ-რეალურ ავტორიტარიზმს განვიხილავთ.

როგორც წესი, დიქტატურის “საწყისი” საყოველთაო თანასწორობა და დემოკრატიაა ხოლმე (დიქტატურის წინაპირობა დოსტოევსკიმაც გვიჩვენა თავის რომანში “ეშმაკნი”). ამ ფასეულობების დამყარებისთვის ხდება რევოლუცია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – პარტია იბრძვის ძალაუფლებისთვის საკუთარი თავისთვის და სულ არ ადარდებს ხალხის კეთილდღეობა. შედეგად თანასწორობა მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა. ახალი სახელმწიფოს მეთაური ნელ-ნელა მოხერხებულად ეწყობა დიქტატორის სავარძელში (ღორი ნაპოლეონისა არ იყოს, რომელიც სტალინის ალეგორიად მოიაზრებოდა), შემდეგ კი სულაც მისტიური ფიგურის სტატუსს იძენს (დიდი ძმის მსგავსად, რომელიც ასევე სტალინის პროტოტიპად ითვლება). ის იშორებს კონკურენტებს და მათგან მტრის ხატს ქმნის (გოლდსტეინი, რომელიც ტროცკის ანალოგად მიიჩნევა). მტრის ხატი იქმნება “ფარდის” იქით არსებული ქვეყნებისგანაც. More

Next Newer Entries