ჰერტა მიულერის სამყარო

რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში… More