სიკვდილი ისვენებს

“მეორე დღეს არავინ მომკვდარა”- გახსოვთ ჟოზე სარამგუს ეს სიტყვები და ის ამბები, რაც სიკვდილის “შვებულებაში გასვლას” მოჰყვა? მაგრამ ეს ყველაფერი რა მოსატანია იმ თავგადასავალთან, რომელიც დისკოს სამყაროს სიკვდილის დროებით “გადაყენების” შემდეგ დაიწყო… თავად მან ბილ დორის სახელით მშვენივრად აიწყო ცხოვრება და ბევრ ამქვეყნიურ მოვლენასაც გაუგო გემო, მაგრამ ანკ-მორპორკში ამბები მოხდა… დედა შვილს რომ არ აიყვანდა ხელში, ისეთი… ალბათ იკითხავთ, ამ “მშვიდ” ქალაქს რაღა გააკვირვებსო, მაგრამ აბა თავად განსაჯეთ – 130 წელს მიტანებული ჯადოქარი ნახევრად მოკვდა და მთელი მიძინებული ჯადოქართა უნივერსიტეტი “გამოაფხიზლა” და მხოლოდ ის? ლამის ნახევარი ქალაქი “გაიჭედა” სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და მრავლისმნახველ ქუჩებში ცოლ-ქმარმა ვამპირებმა და სხვა “უცნაურმა” არსებებმა დაიწყეს “ბოდიალი”, თუმცა ისინი სულაც არ იყვნენ საშიშები… საშიში სულ სხვა რამ გახლდათ – ასეთი ფიად არაჩვეულებრივი მოვლენის გამო გამოთავისუფლებულმა ენერგიამ სიმშვიდე დაურღვია ისედაც მშფოთვარე “დისკოელებს”… როგორ დამთავრდა ეს ამბავი? არა, არა, ამას არ გეტყვით. მთავარი ხომ დასასრული კი არა, მხიარული “ძებნის პროცესია”…

ფაუსტი დისკოს სამყაროდან

ოდესმე გინატრიათ, რომ თქვენი სურვილები (სამი მაინც) ასრულდეს? ალბათ დიახ, მაგრამ სავარაუდოდ არ დაფიქრებულხართ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას… აი, მაგალითად, ცამეტი წლის ერიკმა “წარმატებულად” გამოიძახა დემონი და სამი სურვილის ასრულებაც სთხოვა, მაგრამ ერთი სუუულ პატარა დეტალი ვერ გაითვალისწინა – ნამდვილი რქებიანი დემონის ნაცვლად ხელში რინსვინდი შერჩა! დიახ, დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ჯადოქარი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს)… მისი წარსული თუ გახსოვთ, ფრიად ჭკუის სასწავლებელი იქნება ეს თქვენთვის. სანამ სურვილების ასრულებას ინატრებთ, ათასჯერ დაფიქრდებით და გაიხსენებთ, როგორ მოხვდა ანკ-მორპორკელი ფაუსტი სამყაროს მბრძანებლის რანგში ჯუნგლებში, როგორ შეხვდა სამყაროს ულამაზეს ქალს ტროას ომის დროს და როგორ ჰპოვა უკვდავება ჯოჯოხეთში… არც ის დაგავიწყდებათ, რომ ღმერთი შეიძლება ფრიად სიმპათიური მოხუცი იყოს და ბუტერბროდში მაიონეზის დამატება დაავიწყდეს, მთავარი დემონი შეიძლება თანამდებობიდან გადააყენონ, რადგან მისი აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სული ტკივილს ვერ განიცდის და მის დასასჯელად მოწყენილობის “მეთოდის შემოტანა” აჯობებს, საეჭვოდ მიიჩნიონ… და არც ის, რომ თუ ოდესმე შემთხვევით უკვდავების წყალს გადააწყდებით, აჯობებს, თუ ყოველი შემთხვევისთვის აადუღებთ… ვაი და შიგნით რაიმე ისეთი ბაქტერია აღმოჩნდეს, რომელიც თქვენს უკვდავებას საგრძნობლად “შეამოკლებს”… დაფიქრდით მაინც… აკი რინსვინდი სწორედ სიფრთხილემ მოიყვანა აქამდე… უფრო ზუსტად კი, “ფეხების ხელში დაჭერამ”… More

ახალი წელი ანკ-მორპორკში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანკ-მორპორკში! ცხრა საათია და ყველაფერი მშვიდადაა! არა, არა, ასე ხმამაღლა ნუ იტყვით. შეიძლება ვინმემ გაიგოს, ეს კი დიდად სახარბიელო ამბავი არ იქნება. აკი ამ ქალაქის მცველების “იდეალური” მუშაობის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ საეჭვო ქუჩებზე არ დადიან, აყალმაყალს გვერდს უვლიან და ნელა დადიან, რომ შემთხვევით დამნაშავეებს არ დაეწიონ. უფრო სწორად, ასე იყო, სანამ მათ რიგებში კანონების უბადლო მცოდნე ყმაწვილი სტაფილო (სახელი თავად ვთარგმნე, ამიტომ მომიტევეთ უზუსტობისთვის ან “ზედმეტი სიზუსტისთვის”;)) გამოჩნდებოდა, ქალაქის თავზე კი – წარსულიდან “შემოფრენილი” დრაკონი… აქ აირია ყველაფერი – ზუსტად ისე, როგორც დისკოს სამყაროში ხდება ხოლმე… აი იმ სამყაროში, დაუვიწყარ თავგადასავალს და ბევრ სიცილს რომ გპირდებათ… More

მხიარული სიკვდილის მოსწავლე

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დისკოს სამყაროში! მერე რა საზოგადოება გვხვდება – თვით სიკვდილი! დიახ, დიახ, ეს ერთობ სიმპათიური და მხიარული ბატონი! მასთან პირადად შეხვედრას, რა თქმა უნდა, არ გისურვებთ (ოდესმე ყველას მოგვიწევს მასთან “ურთიერთობა”, მაგრამ ჯერ არ გვეჩქარება), თუმცა მისი ხილვისთვის თურმე სულაც არ ყოფილა აუცილებელი იმქვეყნად “გამგზავრება”… მორმა (გნებავთ მორტიმერი დაუძახეთ – არ ეწყინება. მთავარია, ბიჭი ან ყმაწვილი არ უწოდოთ) ხომ მასთან “საქმიანი ურთიერთობაც” კი დაამყარა – თვით სიკვდილის მოსწავლე გახდა, თანაც მაშინ, როდესაც დიდი “წარმატებებით” ვერ დაიკვეხნიდა. არავის ეგონა, თუ ეს მოუხერხებელი ბიჭი ვინმეს დააინტერესებდა, ის კი ისე “გათამამდა”, რომ სიკვდილის ცნობილი ცელით ისტორიაც კი “გააპო შუაზე”… ეს როგორ მოხდა და რა მოჰყვა ასეთ არაორდინალურ საქციელს, თავად უნდა ნახოთ… მე თქვენ გეტყვით და წუთით მაინც მოიწყენთ (ჯერ მხოლოდ სიკვდილის “გამხიარულების” პროცესი რად ღირს)… More

დისკოს სამყაროს პირამიდები

ისევ დისკოს სამყაროში ვართ, მეგობრებო! დიახ, ისევ სერ ტერი გვეპატიჟება და მერე სად – ჩვენი საყვარელი სამყაროს ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ნაწილში – პირამიდების სამყოფელში! More

კუდიანები დისკოს სამყაროდან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დისკოს სამყაროში! აქ უკვე იყავით? მაშინ მით უფრო უნდა გიხაროდეთ საყვარელ გმირებთან შეხვედრა… იცით ვინ გელით? კუდიანები! დიახ, დიახ ჩვენი ძველი ნაცნობი კუდიანები… და კიდევ უამრავი ძალიან მაგარი პერსონაჟი… მაგალითად, მოჩვენებად ქცეული მეფე, მისი მკვლელი, რომელიც “მაკბეტური” სენითაა შეპყრობილი, ზემოთხსენებული მეფის მემკვიდრე, მასხარა და ა.შ. მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც ქალბატონი ესმე და მისი ორი “კოლეგა” ასრულებენ… მერე რა როლს – ათასგვარ ხრიკს ხმარობენ, რომ როგორმე სამართლიანობა აღადგინონ სამეფოში (თავმოყვარე კუდიანი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ როდესაც ასეთი უსამართლობა სუფევს, წესები რა მოსატანია)… ამას როგორი ხალისით აკეთებენ, თავადაც მიხვდებით. სერ ტერიმ ხომ ზუსტად ისეთი პერსონაჟებით დაასახლა თავისი სამყარო, საახალწლო განწყობას რომ შვენის… More

ახალი წელი რინსვინდთან ერთად

6969448-mug-cup-cookies-book-christmas-tree-lights-garland-holiday-new-year[1]2016 წელიც მიიწურა… მსოფლიოში, ქვეყანასა და პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა – ყველა წელი ხომ სავსეა სიხარულითა და იმედგაცრუებით… თუმცა ლიტერატურული წელიწადი ნამდვილად კარგი გამოვიდა. ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობებმა ამჯერადაც გაგვანებივრეს და უამრავი კარგი გამოცემა შემოგვთავაზეს (მათ შორის გამორჩეული ახალი სერიებიც – “Et cetera”, “უკვდავი ბიბლიოთეკა”, “13” და ა.შ.). პრეზენტაციები და ფესტივალებიც უხვად გვქონდა, საყვარელი მწერლებიც გვესტუმრნენ… მეც არ “მიზარმაცია” და მოემის, მერდოკის, ჰეილის, კაზანძაკისის, სელინის, მანის, ჰესეს, დიობლინის, რენდისა და ირვინ შოუს ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი წიგნები ახლა უკვე წაკითხულთა შორისაა 🙂 იმედი ვიქონიოთ, რომ 2017-ც აქტიური იქნება, მანამდე კი წლის ბოლო მოგზაურობაზე გიამბობთ, რომელიც უკვე ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა. თუ წლის უკანსკნელ დღეს აუცილებლად დელასა და ჯეიმსს ვუძღვნი ხოლმე, დასკვნით წიგნად უკვე მერამდენე წელია ტერი პრატჩეტის დისკოს სამყაროს მორიგ ნაწილს ვირჩევ. ეს იმიტომ, რომ სერ ტერისთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ხალისითაა სავსე და არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი. More

სტუმრად ნომებთან

More

ახალი წელი 2015

desktop20christmas20trees20books204928x326420wallpaper_www-wallpaperfo-com_42ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… More

ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. More

Previous Older Entries