ჟანრები აკუნინისგან

i_001ბორის აკუნინი რომ ძალიან მიყვარს, ალბათ შეამჩნევდით, მაგრამ საკუთარ მაგალითზე იმასაც დააფიქსირებდით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილის შემდეგ ვცდილობ სერიები არ “დავანაწევრო” (“მხედვარის” სრულად გამოსვლასაც კი გმირულად ველოდები), მაგრამ გრიგოლ შალვოვიჩის “ჟანრებიდან” მხოლოდ “საბავშვო წიგნი” “მოვიდა” ჩემამდე, დანარჩენებს კი მხოლოდ ახლა “გადავეყარე” ქინდლის უკიდეგანო მეხსიერებაში… თუმცა აჯობებს თუ პირდაპირ საქმეზე გადავალთ 🙂 More

Advertisements

ნიკა ფანდორინის თავგადასავლები

ერასტ ფანდორინი ხომ გახსოვთ? მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნოთ ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი ნიკოლას ფანდორინი, რომელიც თვით დიდი ერასტის შვილიშვილი გახლავთ.

ეს პატივცემული ბატონი, ნამდვილი ინგლისელი დენდი, მშვიდად ცხოვრობდა ნისლიან ალბიონზე… მაგრამ ისტორიკოსს შინ რა გააჩერებდა, როცა მისი წინაპარი კორნელიუს ფონ დორნი რუსეთში “გადაბარგდა”… ჰოდა ჩვენმა მაგისტრმაც მისი გზის გავლა და “ალტინ-ტოლობასში” დამალული საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტა. შედეგად “უცნაური” ქვეყანა, ქართულ-რუსული მაფია, სიყვარული და კორნელიუსის აჩრდილი “მიიღო” (სხვათა შორის, ეს წარსულის ამბები დღევანდელობაზე უფრო საინტერესოც კი მომეჩვენა)… და რაც მთავარია – “იუდას სახარება”… მოკლედ, ძალიან საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა… მერე რა, თუ შიგადაშიგ დენ ბრაუნისა და უმბერტო ეკოს “ხელწერა” შეიმჩნევა 🙂 More

ერასტ ფანდორინი

ბავშვობიდან მიყვარდა ბნელით მოცული საქმეები და მათი ამომხსნელი გამომძიებლები – განსაკუთრებით, ჰოლმსი და პუარო. ასაკის მატებასთან ერთად ეს სიყვარული ცოტა გამინელდა, მაგრამ ბორის აკუნინმა მოახერხა ჩემი “შემობრუნება”. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმოებები განსაკუთრებული “ჩახლართულობით” არ გამოირჩევა და დასასრულიც ხშირად აშკარაა, მაინც სიამოვნებით ვკითხულობ, მით უფრო მაშინ, როცა რაიმე მსუბუქი მჭირდება… ამ “მიმზიდველობის” მთავარი მიზეზი ერასტ ფანდორინია – ჩემი ბოლო ლიტერატურული სიყვარული 🙂 More

ივლისის მოგზაურობები

ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” – როგორია მიუძღვნა მთელი ცხოვრება სიყვარულს და განუწყვეტლივ იტანჯო? ამას ქემალზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რადგან სწორედ ასეთ – იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს მყოფ – გრძნობას შესწირა მან ათასობით დღე. კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ მას სინამდვილეში თავისი მტანჯველი სიყვარული უყვარდა და არა ფუსუნი. ამ ავადმყოფური განცდის შედეგად ორჰან ბეის მკითხველებისთვის ასე ნაცნობ და საყვარელ ქალაქ სტამბოლში შეიქმნა უმანკოების მუზეუმი (რომელიც, მოგეხსენებათ, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არ არის), რომლის მიზანიც ადამიანებში სიამაყის გაღვიძებაა. “ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელები ამაყობენ საკუთარი თავით, მსოფლიოს დიდ ნაწილს კი რცხვენია. ის, რაც ჩვენში სირცხვილის გრძნობას იწვევს, მუზუმში რომ იყოს გამოფენილი, მაშინვე გახდებოდა სიამაყის საგანი…” და უმანკოების მუზუმშიც გაჩნდნენ ექსპონატები: ყვითელი ფეხსაცმელი, მოწეული სიგარეტები, ფოტოები… წარსული ისევე დაიმალა ნივთებში, როგორც სულში… და არა მხოლოდ ქემალისა და ფუსუნის – ახალგაზრდა ორჰანის, ჯევდეთ ბეისა და მისი ვაჟიშვილების, ზოგადად თურქეთის მთელი თაობების წარსული…

More

იაპონური იანვარი

კაზუო იშიგუროს “ნურასოდეს გამიშვებ” – კლონები, დონორები – მოკლედ ანტიუტოპია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იაპონიასთან ავტორის წარმომავლობის გარდა… ერთი შეხედვით ასეთ ისტორიას გვიყვება იშიგურო, ისტორიას უცნაურ სამყაროზე, სადაც ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული, სადაც პროგრესმა დაუნდობლობა მოიტანა, სადაც “გეუბნებიან და არ გეუბნებიან” და სადაც ჰგონიათ, რომ ორგანოთა დონორობისთვის განკუთვნილ კლონებს სული არ გააჩნიათ… მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ორგანოები ვაკუუმიდან არ ჩნდებიან – მიუხედავად ყველაფრისა, კლონებს აქვთ სული და ხშირად ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლიათ, უფრო ერთგული მეგობრები არიან… მათ სურთ ნორმალურ სამყაროში ცხოვრება და მთელი ძალით ებღაუჭებიან ძველ, სიყვარულით სავსე სამყაროს… ამ ყველაფერს კი თითქოს ფონად გასდევს სიმღერა “ნურასოდეს გამიშვებ”…

რიუ მურაკამის “ბავშვები შემნახველი საკნიდან” – ეს არის ისტორია ორი იაპონელისა, რომლებიც დედებმა შემნახველ საკანში მიატოვეს. სასწაულით გადარჩენილი ბიჭები გაიზარდნენ. ერთი მომღერალი გახდა, მეორე – ჭოკით მხტომელი, მაგრამ მათ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა: “გარშემო ბრბოა და ყველა გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე. ამასთან ყველა გატყუებს. არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც პირველად იტირე შემნახველ საკანში. მხოლოდ შემნახველი საკანი გაიზარდა. მასში გაჩნდა საცურაო აუზი, ბაღი, მუსიკა, შიშველი ქალები, შინაური ცხოველები, მუზეუმები, კინოთეატრები, საგიჟეთები… მაგრამ ეს მაინც შემნახველი საკანია და რამდენიც არ უნდა თხარო, მაინც კედელთან მიხვალ. და თუ მასზე აძრომას გადაწყვეტ, შეგხვდებიან დამცინავი “სიფათები” და პანღურის კვრით ჩაგაგდებენ უკან – ციხეში, საგიჟეთში… ეს ყველაფერი მოხერხებულადაა დაფარული პალმებით, საცურაო აუზებით, ფუმფულა ლეკვებით, ტროპიკული თევზებით,  კინოეკრანებით, გამოფენებით. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა , დაუღალავი დამკვირვებლები და გადაულახავი კედელია. როცა ნისლი იფანტება, ყველაფერი ჩანს. ისინი გაშინებენ, გაგიჟებენ, მაგრამ ვერაფერს აკეთებ. და როცა ვერ უძლებ, როცა შიში და ბრაზი გაიძულებს, რომ იმოქმედო, მათ ყოველთვის მზად აქვთ ციხე, საგიჟეთი, ფერფლის ურნა. ერთადერთი ხსნა არსებობს: ყველაფერი უნდა დალეწო, დაიწყო ნულიდან, ყველაფერი ჯანდაბაში გაუშვა…” და მაშინ ისინი იწყებენ ნულიდან, ეშვებიან გარყვნილების და სისხლის მორევში, ეძებენ ცხოვრების გაგრძელების აზრს. ერთისთვის ეს აზრი განსაკუთრებული მელოდიის –  დედის გულისცემის ხმის გაგებაა, მეორეს კი ტოკიოს განადგურება სურს მომწამვლელი დატურის დახმარებით…

ჰარუკი მურაკამის “დენს, დენს, დენს” – ეს არის “ვირთხის ტრილოგიის” გაგრძელება, რომლის ფურცლებზეც ისევ ვხვდებით ჩვენს ძველ ნაცნობს. ცხვარზე ნადირობის შემდეგ მთავარი გმირი კვლავ მარტოა და უბრუნდება საწყის წერტილს – სასტუმრო “დელფინს”, სადაც მას ადამიანი-ცხვარი ელოდება, რათა “შეაერთოს” საჭირო ადამიანებთან და დაარწმუნოს, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამ უცნაური, ხიფათით სავსე ცხოვრებისგან თავის დაცვა კი მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი: “იცეკვე. სანამ მუსიკა ჟღერს, გააგრძელე ცეკვა. იცეკვე და არ შეჩერდე. ნუ განსჯი, რატომ ცეკვავ. ნუ დაფიქრდები, რა აზრი აქვს ამას. აზრი მაინც არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. ჩაფიქრდები და ფეხები ჩერდება. და თუ ფეხები გაჩერდა, უკვე ვეღარაფერი გიშველის. ყველა შენი კონტაქტი სამყაროსთან გაწყდება. სამუდამოდ გაწყდება. თუ ეს მოხდება, მხოლოდ აქაურ სამყაროში შეძლებ ცხოვრებას. ამიტომ არ შეიძლება, რომ ფეხები გაჩერდეს. ირგვლივ ყველაფერი სულელური და უაზრო რომც ჩანდეს, ყურადღება არ მიაქციო. რითმს მოუსმინე და გააგრძელე ცეკვა. გამოწურე საკუთარი თავი ლიმონივით. და დაიმახსოვრე: საშიში არაფერია. შენი მთავარი მეტოქე დაღლაა, დაღლა და პანიკა დაღლისგან. ეს ყველას ემართება. მოგეჩვენება, რომ მთელი სამყარო არასწორადაა მოწყობილი და ფეხები თავისით გაჩერდება…” გაითვალისწინებს თუ არა გმირი ადამიანი-ცხვარის რჩევას, ამას მურაკამი გეტყვით…ჩემგან კი ერთს დავამატებ – მურაკამებს შორის რიუს ვარჩევ : )

არტურ გოლდენის “გეიშას მემუარები” – ეს არის გეიშას ცხოვრების ისტორია, რომელსაც საფუძვლად დაედო რეალური პიროვნების, მინეკო ივასაკის ნაამბობი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რომანია, მაგრამ იაპონური კულტურით დაინტერესებულებს აუცილებლად მოეწონებათ. მართალია, წიგნის გამოსვლის შემდეგ მინეკო ივასაკიმ განაცხდა, რომ მწერლის მიერ აღწერილი ყველა ფაქტი რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ ასეა თუ ისე, გოლდენი საკმაოდ კარგად გვიამბობს გეიშების ცხოვრების არა ერთი საინტერესო თავისებურების შესახებ, როგორებიცაა მაგალითად მათი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მანერები, ჩაის ცერემონიის, იაპონურ ინსტრუმენტებზე დაკვრისა და ცეკვის მნიშვნელობა, მიძუაგე და ა.შ. იაპონიაში გეიშებს მართლაც გამორჩეული ცხოვრება აქვთ, მაგრამ ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე ეს გარე თვალით ჩანს. სინამდვილეში მათ აკლიათ მთავარი – თავისუფლება. ( რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ “ყოველდღიურ” პრობლემებზე, როგორებიცაა  შიდა დაპირისპირებები, უპასუხო სიყვარული და ა.შ. ). ამიტომაც ამბობს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გეიშა: “ჩვენ არ ვხდებით გეიშები იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბეთ. ჩვენ ვხდებით გეიშები იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.”

ბორის აკუნინის “ალმასის ეტლი” – იაპონური მოგზაურობის ბოლოს ცოტა განტვირთვა არ მაწყენდა. ამისთვის ბორის აკუნინი ავირჩიე, რომელმაც ნაწილობრივ უკვე გამიწია მეგზურობა (სწორედ გრიგოლ ჩხარტიშვილის ნათარგმნია იუკიო მიშიმას “ოქროს ტაძარი”). მიუხედავად იმისა, რომ აკუნინი დაძაბულ თავგადასავლებს გვთავაზობს, ერასტ ფანდორინის “მონახულება” ყოველთვის მახასილებს. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. პირველ ნაწილში უბერებელი ერასტ პეტროვიჩი რუსეთ-იაპონიის ომის დროს რევოლუციონერებს და იაპონიის ჯაშუშ ტამბას ებრძვის. მეორე ნაწილში 27 წლით უკან ვბრუნდებით. ამჯერად რუსეთის ვიცე-კონსული ფანდორინი ერთვება იაპონიის პოლიტიკურ ინტრიგებში, უპირისპირდება ნინძებს და ეძებს აკუნინს – უძლიერეს ბოროტმოქმედს. ამ, ერთი შეხედვით განსხვავებულ ისტორიებს (თუ არ ჩავთვლით იაპონიას), ორი რამ აკავშირებს – ნინძების უძველესი კლანი და ალმასის ეტლი (კონგოძე). ტამბები ბუდიზმის ერთ-ერთი მოძღვრების მიხედვით ცხოვრობენ: “ალმასის ეტლის გზა – ეს არის გზა ჭეშმარიტებისკენ ბოროტების კანონების ჩაწვდომის გავლით. მკვლელობა ცოდვა არ არის, სიცრუე ცოდვა არ არის, სისასტიკე ცოდვა არ არის, თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ალმასის ეტლით მიექანებოდე შენთვის განკუთვლილ გზაზე. დანაშაული, რომლისთვისაც სიკეთის გზაზე მიმავალი დიდი და პატარა ეტლების მხედრებს ჯოჯოხეთში აგდებენ, ალმასის ეტლის მხედართათვის ნირვანის მიღწევის საშუალებაა.” ასეთი რწმენის ადამიანები, რა თქმა უნდა, არაფერს ერიდებიან და აკუნინიც (ოღონდ ბოროტმოქმედი არა, ბორისი : ) ) ტრადიციულად გვთავაზობს ბევრ სისხლს, ბევრ სიყვარულს და ძალიან საინტერესო მოგზაურობას…