პულმანის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ პულმანის სამყაროში! ერთი შეხედვით, ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურება, არა? თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ აქ ადამიანებს დაიმონები ჰყავთ (ჩვენი გაგებით, რაღაც სულის მსგავსი) და ყველგან ამ “ცხოველების” თანხლებით გადაადგილდებიან. ლაირასაც ჰყავს თავისი დაიმონი პანტელეიმონი, რომელსაც, როგორც ბავშვების დაიმონებს სჩვევიათ, ჯერ ჩამოყალიბებული ფორმა არ აქვს და ხან რომელი ცოცხალი არსების სახე აქვს და ხან რომლის… თუმცა ეს არაა მთავარი. მთავარი ამბავი აქ კარადიდან იწყება (რა დამთხვევაა, არა? კარადას ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფენტეზის სამყაროში), როდესაც იქ შემალული ლაირა შეთქმულების მონაწილე ხდება და მერე ხდება, რაც ხდება… თურმე, ნუ იტყვით და მისი დედ-მამა, რომლებსაც აქამდე არც კი იცნობდა, სასულიერო პირები, კუდიანები, ჩრდილოელი დათვები და ზოგადად ყველა ნებით თუ უნებლით სამყაროს დიდი გადატრიალების ნაწილი ხდება. სამყაროთა შორის არსებული ზღვარი ქრება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა… და რა როლი აქვთ ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლაში (თუ პირიქით, ბნელ მხარეს?) ლაირას თავისი ოქროს კომპასით და უილს თავისი ჯადოსნური დანით? ეს თავად უნდა ნახოთ. საკუთარი თვალით უნდა იხილოთ გადამწყვეტი ბრძოლაც, რომელმაც თავდაყირა უნდა დააყენოს სამყაროს არსი…

P.S. სერიის პირველი ორი წიგნი უკვე თარგმნა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”(კიდევ კარგი, ეს წიგნი “ანტირელიგიურად” არავინ მონათლა და არც ავტორის რელიგიური შეხედულებების გამო შეშინდა ვინმე). ალბათ უახლოეს მომავალში დასკვნით ნაწილსაც შემოგვთავაზებენ. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ის პირველ ნაწილს ვერ გასცდა, რადგან, მიუხედავად მსახიობთა ოსტატობისა (ლაირას დედის როლს თვით ნიკოლ კიდმანი ასრულებს), წარუმატებელი აღმოჩნდა.

Advertisements