ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…
პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს… მეტი
ბოლო კომენტარები