ჩესტერტონი და მამა ბრაუნი

დეტექტივები სულ ცოტათი მაინც გიყვართ? მაშინ შერლოკ ჰოლმსი, ერკიულ პუარო, მის მარპლი, კომისარი მეგრე, ერასტ ფანდორინი, ნირო ვულფი თქვენთვის “ახლობლები” არიან… იქნებ მამა ბრაუნსაც იცნობთ – მერე რა, რომ ის ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟებისგან განსხვავებით, სუპერ-გმირი სულაც არ არის. სამაგიეროდ, მათსავით იბრძვის დანაშაულის წინააღმდეგ…

თუ პატივცემულ მამა ბრაუნს არ იცნობთ, ბევრი დაგიკარგავთ. ეს ფრიად კოლორიტული ბატონი გარეგნულად უფრო პუაროს მოგაგონებთ, თუმცა ჭეშმარიტი ბრიტანელი გახლავთ და საქმეებსაც ისე სხარტად ხსნის, რომ ცნობილ დეტექტივებს არც დაესიზმრებათ. თან ამისთვის არც დედუქციის მეთოდს მიმართავს, არც სამხილებს “დასდევს” და არც სხვა რაიმე გზას იყენებს. უბრალოდ ფარდას ხდის დანაშაულს. დანაშაულებიც ისეთია, რომ თქვენს ქუჩაზეც რომ მოხდეს, არ გაგიკვირდებათ… მაგრამ დამნაშავე ისეთი პიროვნება აღმოჩნდება, ვერასდროს რომ ამოიცნობთ (სიმართლე გითხრათ, ჩესტერტონი არც გაცლით დაფიქრებას)… მაგრამ არ ინერვიულოთ – მამა ბრაუნი ჩვენს გვერდითაა. ის ძალიან მარტივად აგვარებს ყველაფერს, ისწორებს ანაფორას, იხურავს ქუდს, იღებს ქოლგას და მიემართება ახალი დანაშაულისკენ 🙂

P.S. “მოთხრობები მამა ბრაუნზე” სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში. თუ მსუბუქი და თან საინტერესო საკითხავი გსურთ, შეიძინეთ. წინ დიდი სიამოვნება გელით.