ძალა უძალოთა

“აჩრდილი დაძრწის აღმოსავლეთ ევროპაში, აჩრდილი იმისა, რასაც დასავლეთში ,”დისიდენტობას” ეძახიან.” – ვაცლავ ჰაველი

ვაცლავ ჰაველს ალბათ კარგად იცნობთ. ჩვენთვის, როგორც სოვიეტიზმის მსხვერპლთათვის, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რადგან სწორედ მისი ძალისხმევით შეიქმნა თანამედროვე ჩეხეთი (რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთვის მისაბაძი უნდა იყოს როგორც თავისუფლების ხარისხით, ისე მიღწეული წარმატებებით)… ამიტომაცაა ასე საინტერესო მისი პატარა ესსე “ძალა უძალოთა”. აქ ბატონი ვაცლავი დეტალურად არ განიხილავს დისიდენტური მოძრაობის ისტორიას (წიგნის სიმცირიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელიცაა), თუმცა ძალიან კარგ აქცენტებს გვთავაზობს. ის ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორია “პოსტ-ტოტალიტარიზმი” (თავისი “თავისუფალი სიტყვით”, “თავისუფალი არჩევანითა” და “ძმური დახმარებით”), მისი თამაშის მონაწილეები (რომლებიც უსიტყვო მორჩილებით ამართლებენ თამაშს და მოთამაშეებად იქცევიან), ოპოზიციონერები და დისიდენტები – ადამიანები, რომლებსაც თითქოს ძალა არ აქვთ, თუმცა მაინც ახერხებენ ბრძოლას… ისინი იბრძვიან სიტყვით და არ ილტვიან ძალაუფლებისკენ (სოლჟენიცინიც ხომ მხოლოდ წერდა… მას არაფერი აკავშირებდა პოლიტიკასთან…), იბრძვიან კალმით, შიმშილობით, მაგრამ არა ძალით… იბრძვიან და, როგორც წესი, იმარჯვებენ, რადგან მათი საქმე წმინდაა… პრობლემები კი მერე იწყება – ძალა უძალოთა ამარცხებს “ცხოვრებას სიცრუეში”, მაგრამ ხშირად ყველაფერი ისე მთავრდება, როგორც ეს ჩვენთან მოხდა (დისიდენტები – ნამდვილი პატრიოტები – სახელმწიფოს მართვას ვერ გაუმკლავდნენ, ხალხმა კი მათი დახმარება არ ისურვა)… უფრო იშივიათად გამარჯვებული პოლიტიკაშიც ლიდერი აღმოჩნდება – როგორც ვაცლავ ჰაველი. შედეგად კი ვიღებთ ჩეხეთს – ქვეყანას, რომელმაც პრაღის გაზაფხულის შემდეგ სრულ თავისუფლებას მიაღწია. More